სიახლეები

10:00 | 7.11.2017 | ნანახია 2858 - ჯერ

საქართველოს მომავალი მეტოქე: კანადა

საქართველოს ნაკრების პირველ საშემოდგომო ტესტ-მატჩამდე ოთხი დღეღა დარჩა. “ბორჯღალოსნები” 11 ნოემბერს შემოდგომის სერიას “დინამო არენაზე” კანადის ნაკრებთან შეხვედრით გახსნიან. ამ სტატიაში კი ვეცდებით, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე შედარებით უკეთესად გაგაცნოთ.

კანადა მსოფლიო თასებზე

“ნეკერჩხლებს” რვავე მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული და მათი საუკეთესო შედეგი 1/4 ფინალში გასვლაა, რომელიც 1991 წელს მიაღწიეს – მაშინ კანადელებმა ფიჯი (13:3) და რუმინეთი (19:11) დაამარცხეს, საფრანგეთთან ბრძოლაში (13:19) წააგეს და მე-2 ადგილით ფლეი-ოფს უწიეს, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრებთან 13:29 დამარცხდნენ.

კანადალები მსოფლიო თასზე გარკვეულ წარმატებას ყოველთვის აღწევდნენ. 1987 წელს ტონგას დამაჯერებლად 37:4 მოუგეს, 1995 წელს რუმინეთს სძლიეს დიდი ანგარიშით (34:3), 1999 წელს ნამიბია გაანადგურეს (72:11), 2003 წელს კი კვლავ ტონგას მოუგეს (24:7) და იტალიასთანაც ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ 14:19 დამარცხდნენ.

2007 წელს ჩრდილო ამერიკელებმა გამარჯვება ვეღარ მოახერხეს, თუმცა ქულები მაინც აიღეს: იაპონიის ნაკრებთან ფრედ 12:12 ითამაშეს. მომდევნო მსოფლიო თასზე კი კანადელებმა კვლავ ტონგა გაამწარეს, რომელმაც შემდგომ ძალიან დიდი სენსაცია მოახდინა და საფრანგეთის ნაკრებს მოუგო, მაგრამ ჯგუფიდან სწორედ კანადასთან მარცხის გამო ვერ გავიდა. გარდა ამისა, “ნეკერჩხლებმა” ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს და ისევ იაპონიასთან.

2015 წლის მსოფლიო თასი კანადასთვის ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ყველა თამაში წააგო: ირლანდიასთან (7:50) და საფრანგეთთან (18:41) დიდი ანგარიშით წააგო, ხოლო იტალიასთან (18:23) და რუმინეთთან (15:17) ბრძოლაში დამარცხდა. კანადალები 53-ე წუთისთვის 15:0-ს უგებდნენ რუმინეთს, თუმცა დარჩენილ დროში ორი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაუშვეს და ხელმოცარულნი დარჩნენ.

ამრიგად, კანადას მსოფლიო თასზე სულ 29 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 20 წააგო.

საინტერესო ფაქტები კანადის შესახებ

  • კანადის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1932 წელს ჩაატარა და იაპონიის ნაკრებთან 8:9 დამარცხდა.
  • “ნეკერჩხლებმა” სარეკორდო გამარჯვება 2006 წლის 24 ივნისს ბარბადოსთან გამართულ მატჩში იზეიმეს: 71:3.
  • ყველაზე დიდი ანგარიშით კი 2004 წლის 13 ნოემბერსს ინგლისთან დამარცხდნენ: 0:70.
  • კანადელთა მაისურით ყველაზე მეტი 25 ლელო, სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ დანიელ ტაილიფერე ჰაუმან ვან დერ მერვეს აქვს გატანილი, რომელიც ამჟამად “ნიუკასლ ფალკონსის” ღირსებას იცავს.
  • 34 წლის მესამეხაზელს აარონ კარპენტერს კანადელთა რიგებში ყველაზე მეტი 79 კეპი აქვს მოხვეჭილი.
  • “ნეკერჩხლების” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 607 ქულა ჯეიმს პრიტჩარდს აქვს გატანილი, რომელიც 2008-2015 წლებში თამაშობდა.
  • კანადის კაპიტანი 32 წლის ჰავბექი ფილ მაკია, რომელიც “ბრიტანეთის კოლუმბიის დათვებში” (ბრიტანეთის კოლუმბია კანადის პროვინციაა) თამაშობს. ეს კლუბი კანადის რაგბი ჩემპიონშიპში ასპარეზობს.
  • კანადას სხვადასხვა პერიოდში ოთხი პირველი დონის გუნდი ჰყავს დამარცხებული: მათ სამჯერ არგენტინისთვის მოუგიათ (ორჯერ 1990 წელს და 2005 წელს), თითოჯერ კი უელსი (1993 წელს), საფრანგეთი (1994 წელს) და შოტლანდია (2002 წელს) წააქციეს.
  • “ნეკერჩხლების” პრინციპული მეტოქე აშშ-ს ნაკრებია. სულ 58-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 38-ჯერ კანადელებმა იმარჯვეს, 18-ჯერ ამერიკელებმა და ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
  • კანადას სულ 252 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მატჩების 39.7% ანუ 100 შეხვედრა მოგებული აქვს, 146 წაგებული და 6 ყაიმი.
  • კანადის ნაკრები სექტემბრის ბოლოს უელსელმა სპეციალისტმა კინგსლი ჯონსმა ჩაიბარა, რომელიც 2011-2014 წლებში რუსეთს წვრთნიდა.

დღევანდელი მდგომარეობა

კანადის ნაკრებს მძიმე პერიოდი უდგას. რაგბი ძველებურად ვეღარ ვითარდება და ეს ბევრი რამიდან ჩანს: 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველად წააგეს ყველა შეხვედრა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 24-ე ადგილზე არიან და ამაზე ქვემოთ არასდროს ყოფილან, მათზე ზემოთ ამ მომენტში ისეთი ნაკრებები იმყოფებიან, როგორებიც არიან: გერმანია, ჰონგ კონგი, რუსეთი, ესპანეთი, ნამიბია. ზაფხულში ამერიკის ნაკრებთან მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში დამარცხდნენ და ახლა იაპონიის საგზურისთვის ურუგვაისთან მოუწევთ ბრძოლა, რომელიც ამ მომენტისთვის მათზე 6 საფეხურით მაღლა იმყოფება.

კანადელი ლეგიონერები

კანადელთა უმრავლესობა ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა ჰყავთ გამორჩეული მოთამაშეებიც, რომლებიც წამყვან ლიგებში ასპარეზობენ: მესამეხაზელი ტილერ არდრონი, რომელიც 2013-2017 წლებში უელსურ “ოსპრეიზში” თამაშობდა, ახალზელანდიას მიაშურა და “ბაი ოფ ფლენთიში” ჩაირიცხა, რომელიც მიტრე 10-ში გამოდის. რაც მთავარია, ის ფრანჩიზის ”ჩიფსის” განაცხადში მოხვდა და 2018 წელს სუპერ რაგბიში ითამაშებს.

ასევე მიტრე 10-ში თამაშობს მეორეხაზელი ჯოშ ლარსენი, რომელიც “ნორთლენდის” ღირსებას იცავს. ტოპ 14-ში თამაშობს და “პოში” ირიცხება 21 წლის ბურჯი მეტ ტერნი. ვან დერ მერვეზე როგორც ითქვა ავივა პრემიერშიფის “ნიუკასლ ფალკონსში” თამაშობს, ხოლო კიდევ რამდენიმე მორაგბე ინგლისის ქვედა ლიგებში გამოდის.

საქართველოსთან ურთიერთშეხვედრები

“ნეკერჩხლებს” და “ბორჯღალოსნებს” ერთმანეთის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშიათ. სამი შეხვედრა კანადელებმა მოიგეს, სამი – ჩვენ.

დრო ადგილი ტურნირი გუნდი ანგარიში გუნდი
06.06.2009 კოლორადო, აშშ ჩერჩილის თასი კანადა 42:10 საქართველო
20.11.2010 თბილისი, საქართველო ნოემბრის ტესტები საქართველო 22:15 კანადა
06.06.2012 ბერნაბი, კანადა ივნისის ტესტები კანადა 31:12 საქართველო
09.11.2013 თბილისი, საქართველო ნოემბრის ტესტები საქართველო 19:15 კანადა
02.09.2015 ეშერი, ინგლისი მს.თასის მოსამზადებელი მატჩი კანადა 16:15 საქართველო
10.06.2017 ქალგარი, კანადა ივნისის ტესტები კანადა 0:13 საქართველო

უკანასკნელი მატჩები

დრო ადგილი ტურნირი გუნდი ანგარიში გუნდი
03.03.2017 პაჩემბუ,ბრაზილია ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპი ბრაზილია 24:23 კანადა
10.06.2017 ქალგარი, კანადა ივნისის ტესტები კანადა 0:13 საქართველო
17.06.2017 ედმონტონი, კანადა ივნისის ტესტები კანადა 9:25 რუმინეთი
24.06.2017 ჰამილტონი, კანადა 2019 წლის მს.თასის შესარჩევი კანადა 28:28 აშშ
01.07.2017 სან დიეგო, აშშ 2019 წლის მს.თასის შესარჩევი აშშ 52:16 კანადა


შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის

შერკინება

ბურჯები: ჰუბერტ ბაიდენსი, რაიან კოტლევსკი, ენტონი ლუკა, დუსტის სერს-დურუ, მეტ ტერნი;

კვაჭები: რეი ბარკვილი, ერიკ ჰოვარდი, მარტიალ ლეგეინი;

მეორე ხაზი: კაილ ბაილი, კონორ კეისი, ჯოშ ლარსენი;

მესამე ხაზი: ტაილერ არდონი, დასტინ დობრავსკი, კაილ გილმური, მეტ ჰიტონი, ლუკას რამბოლი;

უკანა ხაზი

ჰავბექები: ენდრიუ ფერგიუსონი, ფილ მაკი (კაპიტანი), ჯორდან სენდოვერ-ბესტი;

მგეზავები: შეინ ო’ლეარი, პატრიკ პერფრეი, რობი პოვი;

შუამარბები: ჯუზეპე დუ ტოი, ბენ ლესეჯი, მაიკ ნიუვენჰუისენი, ბროკ სტალერ;

გარემარბები: კაინოა ლოიდი, დენ მური;

ფულბექი: ენდრიუ კო;

სამომავლო მატჩები

კანადის ნაკრებმა ნოემბრის ტესტები შინ “მაორი ოლ ბლექსთან” მარცხით (9:51) გახსნა. 11-ში “დინამო არენაზე” ითამაშებენ და შემდეგ კიდევ ორი მატჩის გამართვა მოუწევთ. 18-ში მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო ერთ კვირაში ნარბონში (საფრანგეთი) ფიჯის შეერკინებიან.

ჩვენთვის საინტერესო მატჩებს კი “ნეკერჩხლები” ზამთარში გამართავენ. 27 იანვარს ისინი ვანკუვერში ურუგვაის ნაკრებს მიიღებენ, ხოლო 3 თებერვალს მონტევიდეოში ესტუმრებიან და სწორედ ამ შეხვედრებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე 2019 წლის მსოფლიო თასზე.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:00 | 07.11.2017
mindia (74)

ეგრე რა, შეგძლებიათ წერა და წერეთ ხოლმე. )))

12:39 | 07.11.2017
geogoli (367)

მშვენიერი სტატიაა, ყოჩაღ ავტორს, მაგრამ ამაზე ნაკლებს აღარ დავჯერდები აწი

0.084913