საქართველოს 7-კაცა რაგბის 2014 წლის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
მედიასთან ტურნირის დირექტორმა – ზაზა ლეჟავამ, 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კახა ალანიამ, რაგბის კავშირის ფინანსურმა დირქტორმა – მიხეილ კალანდაძემ და მედია-მენეჯერმა – ალექსანდრე უჯმაჯურიძემ ისაუბრეს.
პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიზიორებზე შემდეგნაირად გადანაწილდება: ჩემპიონი – 15 ათასი, ვიცე-ჩემპიონი – 7 ათასი, ბრინჯაოს პრიზიორი – 3 ათასი.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გათამაშებაში 9 უმაღლესი და 2 პირველი ლიგის კლუბი მონაწილეობს. ტურნირზე მე-12 გუნდად წარმოდგენილი იქნება “ლოკომოტივის”, “აკადემიისა” და “ყოჩების” მორაგბეებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც “ბარბაროსები” დაერქვა.
გუნდები სამ – “ა”, “ბ” და “გ” ჯგუფად გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეიოფები და ფინალები 26-ში.
“ა” ჯგუფი – ლელო სარასენს, ჯიქი, ხარები, ბარბაროსები;
“ბ” ჯგუფი – არმია, აია, ბათუმი, ბაგრატი;
“გ” ჯგუფი – ლოკომოტივი, ყოჩები, თი ბი ეს, აკადემია;
ძირითადი ტურნირის პარალერულად გაიმართება თბილისის პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელშიც 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ჭაბუკები თითო 7 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ხოლო ფინალები ორ 7 წუთიან ტაიმებად გაიმართება.
ჭაბუკები ორ – “დ” და “ე” ჯგუფებში გადანაწილდნენ.
“დ” ჯგუფი – მერანი, აკადემია, ჩოხოსნები, არმია;
“ე” ჯგუფი – არმაზი, ხვამლი, ხულიგანა, ლელოს სარასენს;
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია