სტატიები

22:15 | 3.11.2017 | ნანახია 1446 - ჯერ

აღმოსავლეთი1-მა ‘კარდიფი’ ბოლოში გატეხა

გუშინ, მარტყოფის ბაზაზე ქართულ-უელსური აკადემიების ოთხთა ტურნირის მესამე, ფინალური დღე გაიმართა. ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიამ, საქართველოს ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის ისნის გუნდს პირველი ტაიმი 14:12 მოუგო და მისი ტურნირში გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში მაგრად მოინდომეს და მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს - 31:14.

შესაბამისად, აკადემიების პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ჩატარდა, აღმოსავლეთი1-მა მოიგო, რომელმაც სამივე მეტოქის დამარცხება მოახერხა.

მეტოქე ვერ დააფასეს

საწყის ორ ტურში აღმოსავლეთი1-მა დასავლეთისა და აღმოსავლეთი2-ის გუნდები დაამარცხა, ‘კარდიფმა’ორივე შეხვედრა დათმო და ლიდერი გუნდი აუტსაიდერთან უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. ამან გუნდების განწყობაზე იმოქმედა - ქართველი მორაგბეები დასკვნითი შეხვედრისთვის სათანადოდ ვერ განეწყვნენ, უელსელებს საქართველოს მოგების გარეშე დატოვება არ სურდათ და მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

წინა ორ შეხვედრაში ‘კარდიფმა’ ორივე პირველი ტაიმი პირწმინდად დათმო (0:24 აღმოსავლეთი2-თან და 0:35 დასავლეთთან), თუმცა ამ ჯერზე მოედანზე მაქსიმალური მობილიზებით გავიდნენ და მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს - რაქში, სტატიკაში, ღია თამაშში, სისწრაფეში... მასპინძლებმა სტუმრების პირველი მიძალება მოიგერიეს, თუმცა მეორე ჯერზე უელსელმა კვაჭმა ხაზი გაჭრა - 0:7. პირველ ტაიმში ბურთი უმეტესად უელსელებს ჰქონდათ და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ გიორგი ქობალიამ შანსი რომ მიიღო ხაზი გაჭრა და ის ჯარიმის ხარჯზე 22-ში შეაჩერეს, რომლის სწრაფ გათამაშებასაც თორნიკე ზაქარიაძის ლელო მოყვა.

თამაში რომ განახლდა უელსელმა კვაჭმა გადაცემა ჩაჭრა და დუბლი გაიფორმა. მას ქართველმა პირველხაზელმა ნიკა სომხიშვილმა მალევე უპასუხა, გზა ბრძოლით გაიკაფა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და მიუხედავად მეტოქის სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობისა, პირველი ტაიმი სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგეს - 14:12.

ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მსვლელობისას, აღმოსავლეთი1-ის მწვრთნელებმა საქმეში მთავარი დამრტყმელი ძალის ჩართვა დაიწყეს და მეორე ტაიმში ქართველებმა ინიციატივის დაუფლება მოახერხეს. ‘კარდიფს’ გამარჯვების შანსი რომ გაუჩნდა, დაცვაში დიდი მონდომებით ითამაშა და თავიდან ამან შედეგიც გამოიღო.

ნელ-ნელა ქართველებმა ტემპს უმატეს, თამაში დაალაგეს და მალევე დაწინაურდნენ. ლელოდან 5-მეტრში გათამაშებულ ჯარიმას სამი დარტყმა მოყვა, მესამე ჯერზე სომხიშვილმა შეუტია და ბურთი ლელოს მიაწვდინა. გარდასახვაც ზუსტი იყო და აღმოსავლეთი1-მა მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცა.

58-ე წუთზე მეტოქის ლელოს სიახლოვეს ბურთი მათივე დერეფანში მოვიგეთ და ლუკა ჩქარეულის ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა. მერე იყო სწრაფი, ხელდახელ შეტევა და ფლანგზე ლაშა გურგენიძე გაძვრა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 31:14 და მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის აღმოსავლეთი1-მა ბონუს-ქულაც მიიღო.

დასავლეთმა ფრთები გაშალა

მეორე მატჩში აღმოსავლეთი2 (მუხიანის ფილიალი) დასავლეთის აკადემიას ხვდებოდა. დასავლეთმა ღია თამაშში უელსელებსაც შავი დღე აყარა, ახლა კი, ფრთები გაშალა და ერთმანეთზე ლამაზი ლელოები გაიტანა. ლელოები ხელდახელ შეტევების და კონტრშეტევების შედეგად გავიდა.

ანგარიში თემურ კოხოძემ მას შემდეგ გახსნა, რაც მისმა გუნდმა ფლანგზე უპირატესობა შექმნა. ამას კვლავ მაღალ ტემპში შეტევა მოყვა და ლელო გიორგი ქიმუცაძემ გაიტანა. კიდევ ერთი სწრაფი შეტევის შემდეგ გიორგი კვაბზირიძემ სივრცე შენიშნა და ლელოში შეფრინდა. აღმოსავლეთი2-მა თამაში მეტოქის წითელ ზოლში გადაიტანა, თუმცა სწრაფი, 95-მეტრიანი კონტრშეტევით ლელო თავად გაუშვა. თავი იაგო ხაბულიანმა გამოიჩინა, რომელმაც მალევე ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო და დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის ბოლოს ის საკუთარი გუნდის კონტრშეტევას კიდევ ერთხელ მიყვა და თავისი მესამე ლელო გაიტანა - 38:0.

მეორე ტაიმში დასავლეთმა კიდევ ოთხი ლელოს გატანა მოახერხა, აღმოსავლეთი2-მა მხოლოდ ერთით უპასუხა და ტურნირზე მეორე ადგილი დასავლეთს ერგო - 64:7.

მეგობრობის ხე

ამის შემდეგ დაჯილდოვების დრო დადგა. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სპეციალური სიგელი - აღმოსავლეთი1-ს გამარჯვებულის. კიდევ ერთი, სპეციალური სიგელი ‘კარდიფის’ მწვრთნელმა ლი მედლიკოტმა მიიღო - სარაგბო ღირებულებების პატივისცემისთვის. მედლიკოტი სრულად იყო ჩართული ტურნირის მსვლელობაში და რამდენჯერმე დაშავებულ ქართველ მორაგბეებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, მონაწილეობდა მათი მოედნიდან გაყვანაში და ორგანიზატორებმა მას ეს პატივისცემა დაუფასეს.

‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიას საქართველოში სტუმრობისთვის სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ჯილდო მიიღეს ტურნირის საუკეთესო მელელოვე გიორგი ქიმუცაძემ (4 ლელო), საუკეთესო მოთამაშე ნიკა ცინცაძემ და ასევე გამარჯვებულმა გუნდმა - აღმოსავლეთი1.

ამის შემდეგ დასახელდა ტურნირის სიმბოლური 15, რომელთაც საჩუქრად ბორჯღალოსნების კვართი ერგოთ: 1. ჰამლეტ გოგია, 2. ლუკა პეტრიაშვილი, 3. დავით აბდუშელაშვილი, 4. დილან ჯეიმსი, 5. რის ენსტრი, 6. ალექს მანი, 7. დავით ნინიაშვილი, 8. საბა კურტანიძე, 9. კოტე იაშვილი, 10. დაჩი პაპუნაშვილი, 11. მორგან ბიგინი, 12. თემურ კოხოძე, 13. ლუკა ცხვედიანი, 14. კავენ ბეილი, 15. იაგო ხაბულიანი.

მაისურების გადაცემის შემდეგ გუნდებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საქართველოს ეროვნული აკადემიისა და ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის მეგობრობის აღსანიშნავად, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ზეთისხილის ხე დარგეს.

„მარტყოფზე უკეთესი ბაზა უელსში არ გვაქვს“

‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის სრული შემადგენლობა საქართველოში სტუმრობით, ტურნირით, მარტყოფის ბაზით და ქართველებთან მეგობრობის დაწყებით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. გუნდის მენეჯერმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ‘კარდიფ ბლუზის’ მთავარი გუნდის მენეჯერთან, რათა მომავალი სეზონის წინ, უელსის საუკეთესო კლუბმა მომზადება საქართველოში, მარტყოფის ბაზაზე გაიაროს.

გუნდის მთავარ მწვრთნელ ლი მედლიკოტს საქართველოში გატარებულ დღეებზე, ქართველი ახალგაზრდების მომზადების დონეზე და განვლილ ტურნირზე დავეკითხეთ და ეს სიახლეც მან გაგვიმხილა:

„ძალიან კმაყოფილები ვართ. ამ ტურნირმა უდიდესი გამოცდილება შეგვძინა, მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ და მაქვს იმედი, რომ მსგავს ტურნირში მომავალშიც არაერთხელ ვითამაშებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ აქ უამრავი მეგობარი შევიძინეთ.

ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები იყვნენ და ჩვენსა და მათ შორის სხვაობა თვალში საცემი იყო. ამავდროულად, გაკვირვებული დავრჩი თქვენი ბიჭების სარაგბო უნარებით, მაღალი საშემსრულებლო დონით, რასაც არ მოველოდით. ჩვენ დაგვრჩა ძალიან კარგი შეხედულება ქართული რაგბის შესახებ. აშკარად უფრო მაღალი დონის გუნდები დაგვხვდა, ვიდრე ველოდით.

მოხიბლულები ვართ მარტყოფის ბაზით. შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე უკეთესი ბაზა უელსშიც არ გვაქვს. საცხოვრებელი პირობები, მოედნები, ეს ყველაფერი იდეალურია. გვსურს, რომ ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდეს ‘კარდიფის’ პირველი გუნდი და მარტყოფში გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი. მათთან უკვე გვქონდა კონტაქტი. ახლა მთავარია საორგანიზაციო საკითხები მოგვარდეს და ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში, ‘კარდიფის’ პირველი გუნდი საქართველოს ეწვევა“.

მანამდე ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის გუნდი საქართველოში კიდევ ერთ დაუვიწყარ დღეს გაატარებს. ისინი კახეთს მოინახულებენ, ეწვევიან სიღნაღს, ტიბაანს, სადაც დაათვალიერებენ ვენახებს და გაეცნობიან ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს.

2 ნოემბერი. მარტყოფი

აღმოსავლეთი1 - კარდიფი 31:14

აღმოსავლეთი2 - დასავლეთი 7:64

1. აღმოსავლეთი1 3 3 0 0 75-41 13

2. დასავლეთი 3 2 0 1 118-53 10

3. აღმოსავლეთი2 3 1 0 2 52-98 5

4. კარდიფი 3 0 0 3 50-103 0


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:13 | 04.11.2017
თორღვა პანკელი (387)

ყოჩაღ ბიჭებო ძაან მაგარია!

22:53 | 03.11.2017
temuchin (431)

კარგია გენაცვალეთ სტუმრებსაც და მასპინძლებსაც ხომ თავისთავად

0.110554