სტატიები

20:13 | 3.11.2017 | ნანახია 2297 - ჯერ

შეხვედრა ქომაგებთან
გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე, ზაზა ლეჟავა

გუშინ საღამოს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა გულშემატკიივრებს შეხვდნენ.

რაგბის კავშირში გამართული შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა და იმ ქომაგებმა, რომლებიც შეხვედრაზე გამოცხადდნენ, ყველა კითხვაზე პირველი პირებისგან მიიღეს პასუხები.

რადგან 2 ნოემბერს 2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების განრიგი გამოქვეყნდა, სვანიძემ საუბარი ამ თემით დაიწყო:

„ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება. კალენდარს ჩვენ არ ვადგენთ და იმედია მწვრთნელები იაპონიაში დასახული ამოცანის შესრულებას, ანუ ორი თამაშის მოგებას მოახერხებენ. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან ფიჯი ტონგაზე, ხოლო ამერიკის კონტინენტის მეორე გუნდი ნამიბიაზე ძლიერი გუნდია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მწვრთნელები ყველაფერს კარგად დაგეგმავენ“.

სვანიძემ ბორჯღალოსნების მწვრთნელთა შემადგენლობაზეც ისაუბრა:

„ნაკრების მწვრთნელებს კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდებათ და რაგბის კავშირის გამგეობა მათთან შეთანხმების გაგრძელებაზე იმსჯელებს. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული თიბისი რაგბის სერიებზე ნაჩვენებ შედეგზე. გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მომავალ მსოფლიო თასზე გუნდს მილთონ ჰეიგი, რიჩარდ გრემი, ბრედ ჰარისი და ლევან მაისაშვილი გაიყვანენ. შესაძლოა მწვრთნელთა ჯგუფში გარკვეული ცვლილებები იყოს. ვფიქრობთ, რომ მსოფლიო თასისთვის ზემოთ ჩამოთვლილ მწვრთნელებს კონკრეტული მიმართულების მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება“.

სვანიძემ აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნების მწვრთნელებს საფრანგეთში გამართული 3-დღიანი შეკრების შემდეგ ესაუბრა და ისინი მორაგბეების მდგომარეობით კმაყოფილი არიან.

პრეზიდენტმა გულშემატკივრებს წარუდგინა ბესიკ ჩადუნელი, რომელიც ამიერიდან საქართველოს ნაკრების მტავარი ექიმი იქნება და რაგბის კავშირში სპორტული მედიცინის განვითარებაზე იზრუნებს. ჩადუნელი რაგბის კავშირში 1998-იდან 2001 წლამდე მუშაობა, რის შემდეგაც კოლუმბიაში გაემგზავრა და სამშობლოში ახლახანს დაბრუნდა. სვანიძე თვლის, რომ სპორტული მედიცინის განვითარების გარეშე, საქართველოს ეგრეთწოდებული ტიერ1-ის ქვეყნებთან გათანაბრება გაუჭირდება.

სანაკრებო სელექციაზე, რომელმაც გულშემატკივრებში კითხვები დაბადა, ბაჩო ხურციძემ ისაუბრა:

„როდესაც სელექციაზე ვსაუბრობთ, ამ საკითხს არაპროფესიონალური თვალით არ უნდა შევხედოთ. დიახ, ჩვენ ვუყურებთ ტოპ 14-ის თამაშებს, მწვრთნელები კი ამ თამაშებს ჭრიან, ითვლიან ბოჭვებს, სხვა სტატისტიკურ მონაცემებს და არჩევანს ამის მიხედვით აკეთებენ. მათ ვესაუბრეთ 2019 წლის მსოფლიო თასის განრიგზეც და ამბობენ, რომ ეს განრიგი მისაღებია“.

ხურციძემ სანაკრებო თემა გააგრძელა და 20-წლამდელთა ნაკრების მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა:

„20-წლამდელთა ნაკრების ახალგაზრდა მგეზავმა თედო აბჯანდაძემ ირლანდიის ვიზა მიიღო და ამ ქვეყნის უძლიერეს აკადემიაში 2 წელიწადს გაატარებს. რა თქმა უნდა, როცა ამის საჭიროება იქნება, ის ნაკრებში ითამაშებს.

გუნდი აქტიურად ემზადება მსოფლიოს თასისთვის. გადაწყვეტილია, რომ თებერვალში საფრანგეთს ვეწვევით და ამ ქვეყნის 20-წლამდელებთან ამხანაგურ თამაშს გავმართავთ. გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან და დიდი ალბათობით, მარტში აფრიკული ტურნე იქნება.

დღეს მივიღეთ წერილი ექვსი ერისგან და გაისად მაისში, ექვსი ერის გუნდებთან დაგეგმილი ტურნირი აღარ შედგება. სამაგიეროდ გვთავაზობენ, რომ მაისში ინგლისის ან უელსის გუნდთან გავიაროთ ერთკვირიანი ერთობლივი შეკრება, რომლის ფარგლებშიც გვექნება მართვადი თამაში. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება მომდევნო წლებში. პირველ ჯერზე ისინი ერთობლივ შეკრებას გვთავაზობენ და არაა გამორიცხული ტურნირი სამომავლოდ ჩატარდეს“.

საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ გულშემატკივრებს აკადემიის მუშაობის შედეგები გააცნო:

„თბილისში, მუხიანში, აღმოსავლეთ აკადემიის ფილიალი გაიხსნა. ამით ბავშვებს ტერიტორიული პრინციპით, დილით ვარჯიშზე და მერე სკოლაში დროულად მისვლა უადვილდებათ. ბავშვების მომზადების ხარისხი იზრდება და ეს ‘კარდიფთან’ თამაშებმაც აჩვენა. ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ერთი დონის ბიჭი გვყავს. ძალიან კარგად მუშაობს ქუთაისის ფილიალი.

აკადემიაში დიდი ყურადღება ექცევა განათლებას. ჩვენ არ გვჭირდება გაუნათლებელი მოთამაშეები და აკადემიის ბავშვებისთვის პერიოდულად ეწყობა საგანმანათლებლო ექსკურსიები, მათთვის ვყიდულობთ წიგნებს, ვაძლევთ თეატრის ბილეთებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან და ფაქტობრივად, ერთი ოჯახივით ვართ.

სამწუხაროდ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ კანადა და იაპონია და შარშანდელ სისტემას დავუბრუნდებით. სამაგიეროდ, ჩავერთეთ 18-წლამდელთა 7-კაცა ჩემპიონატში და მაისში ვითამაშებთ ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს“.

აქ საუბარში გოჩა სვანიძე ჩაერთო და 7-კაცას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შევიტანეთ პროგრამა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ჩვენი მიზანია, რომ მოვხვდეთ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ამის მიღწევა იოლი არ იქნება, თუმცა ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და თუ სხვებმა გვაჯობეს, ჩავთვლით, რომ ისინი უკეთ მოემზადნენ“.

გულშემატკივრების მხრიდან გაჩნდა კითხვა - რა გამოხმაურება მოყვა აკადემიის სივრცეში ტანმაღალი ბიჭების მიღების განცხადებას. გაირკვა, რომ ამ განცხადებას საქართველოს გარდა უკრაინაშიც გამოეხმაურნენ და ორმა უკრაინელმა ახალგაზრდამ, რომელთაგან ერთ-ერთის სიმაღლე 205 სანტიმეტრია საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, აკადემიაში უკვე ვარჯიშობს 6 ტანმაღალი ქართველი ახალგაზრდა. გულშემატკივრების მხრიდან იყო წინადადება, რომ სპეციალურმა სელექციონერებმა მოიძიონ ტანმაღალი ბიჭები, რაზეც სვანიძემ განაცხადა, რომ რაგბის კავშირში სასელექციო ჯგუფი შეიქმნა და ისინი მაღალი ბიჭების გარდა ყველა გამორჩეულ მოთამაშეს დააკვირდებიან.

ახალგაზრდების სამხრეთულ აკადემიებში მივლინებაზე (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა), ბაჩო ხურციძემ უპასუხა, რომ სჯობს მაღალი დონის სპეციალისტები საქართველოში მოიწვიონ და მათ აქ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ავარჯიშონ, ვიდრე უცხოურ აკადემიებში 1-2 მოთამაშე მიავლინონ, თუმცა არც ეს შესაძლებლობა გამორიცხა.

ამას მოყვა დისკუსია დიდი 10-ის და შესაძლო გარიგებული თამაშების შესახებ. რაგბის კავშირის გამგეობამ რამდენჯერმე განიხილა ქუთაისური გუნდების - ‘აიასა’ და ‘ბაგრატის’ შეხვედრა და მტკიცებულება ვერ მოიპოვა, რის გარეშეც ეჭვის რეალობად მიჩნევა სვანიძემ კატეგორიულად გამორიცხა. მან განაცხადა, რომ იგეგმება ცვლილებები სადისციპლინო კომიტეტის კოდექსში და ასევე ახალი, სააპელაციო ორგანოს შექმნა, რომლებშიც „გარეშე პირის“ ჩართულობა კარგი იქნება და გულშემატკივრებს ინიიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კვლავ ბორჯღალოსნებს დაეთმო და გაირკვა, რომ ივნისში იქნება ტურნე იაპონიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ჯერჯერობით უცნობია რომელ გუნდებთან მოგვიწევს თამაში. გარდა ამისა, 31 მაისს გაიმართება შეხვედრა თბილისში, თუმცა მომავალი მეტოქის ვინაობა ბაჩო ხურციძემ სიურპრიზად დატოვა. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს ორი კუნძულელი ეწვევა და ერთ თამაშს იტალიასთან, სტუმრად გამართავს. ამ თამაშის ჩატარების დრო და ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:01 | 06.11.2017
GiorgiG83 (525)

U18, U19...
U20 -ს ვერაფერს მოუხერხებენ, თორემ...

18 და 19 ისთვის რამე ალტერნატივაა მოსაფიქრებელი

08:30 | 04.11.2017
krasni (587)

ამერიკა 2-ი ე.ი. კანადა-ურუგვაის შორის გამარჯვებული ნამიბიაზე ძლიერი ყოფილა

16:59 | 06.11.2017
GiorgiG83 (525)

?
რატომ, როგორ? იქნებ კი, ანდაც არა

08:26 | 04.11.2017
krasni (587)

ფიჯი-ტონგა ამ საშემოდგომოდ კანადა-ამერიკით შეგვიცვალეს(ფიჯი და ტონგა რუმინეთში გადაამისამმართეს), U18-ის ევროპა ტყვილი დაპირება აღმოჩნდა, ნეტა იტალიის ლუკმასაც არ გამოგვაცლიდნენ პირიდან.

23:40 | 03.11.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია რამე ფოკუსი არ იქნება და ნამდვილად მოგვიწევს იტალიასთან ჯახი

22:44 | 03.11.2017
temuchin (431)

ევროპული და განსაკუთრებით ბრიტანული რაგბის მამების ფსიქოლოგია რაგბისგან ძალიან შორსაა, ახლა სიტყვის გატეხაც დაიმატეს, მიმიფურთხებია!...

0.085781