სტატიები

18:01 | 1.11.2017 | ნანახია 2061 - ჯერ

დასავლეთმა ბონუსით იმარჯვა
ქართულ-უელსური ოთხთა ტურნირის მეორე დღე

ქართულ-უელსური აკადემიების ტურნირის მეორე სათამაშოს დღეს, მარტყოფის სარაგბო ბაზის სტადიონზე მისულმა მაყურებელმა კიდევ ორი ლამაზი სანახაობა იხილა.

პირველ მატჩში ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ეროვნული აკადემიის დასავლეთის ფილიალის გუნდი და ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემია წარსდგა. პირველი დღის პირველი მატჩის მსგავსად, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე პირველ ტაიმში მაგრად დაჯაბნეს და 35:0 დაწინაურდნენ. დასავლეთმა მეორე ტაიმის დებიუტში მეექვსე ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და მეტოქეს სამი ლელოთი უპასუხეს.

პირველივე წუთებიდან ლაღი ბურთაობა გაჩაღდა. ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ, ხელდახელ თამაშზე აკეთებდა და რამდენჯერმე გაიჭრა ხაზი. გუნდებმა თითო-თითო კარგი შეტევა ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც დასავლეთმა დამაგვირგვინებელ ფაზაშიც იყოჩაღა და დათო გასვიანმა და გიორგი ქიმუცაძემ ლელოები გაიტანეს - 14:0. ქართველმა მორაგბეებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ტაიმის შუაში ქიმუცაძემ დუბლი შეასრულა. მერე ფულბეკმა ხაზი გაჭრა და წითელ ზოლამდე ირბინა, იქ დასავლეთმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და გურამ შარვაშიძე ვერავინ შეაჩერა. შესვენების წინ დასავლეთმა შერკინებიდან ხაზზე გაიტანა ბურთი, თემურ კოხოძემ მბოჭავს ერთი-ერთზე აჯობა და რადგან ყველა გარდასახვა ზუსტი იყო, ტაიმი 35:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში დასავლეთმა კიდევ ერთხელ გაუჭრა მეტოქეს ხაზი, ლელოსთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გელა მუშკუდიანმა აიტაცა და გარდასახვის შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთი უპირატესობის შემდეგ დასავლეთი მოეშვა, მატჩის მსვლელობაზე გავლენა ცვლილებებმაც იქონია და ისე, როგორც პირველ შეხვედრაში (აღმოსავლეთ2-თან), ‘კარდიფმა’ სამი საპასუხო ლელო გაიტანა და ორჯერ რთული პოზიციიდან გარდასახა - 42:19. დარჩენილ წუთებში დასავლეთმა, რომელიც მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, დაცვაში მეტი ყურადღებით ითამაშა, ანგარიში აღარ შეცვლილა და მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის ქართველებმა ბონუს-ქულაც ჩაიწერეს.

ფინალის ტოლფასი აღმოსავლური დერბი

მეორე მატჩში ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალების გუნდები შეიბნენ. პირველ ტურში აღმოსავლეთი1-მა (შევარდენზე მოვარჯიშე გუნდმა) დასავლეთი დაამარცხა, ხოლო აღმოსავლეთი2-მა (ხვამლი არენაზე მოვარჯიშე) ‘კარდიფ ბლუზს’ სძლია და შესაბამისად, ამ თამაშში გამარჯვებული პირველ ადგილზე გადიოდა.

ეს იყო ორი თანაბარძალოვანი გუნდის დიდი ბრძოლა, ლამაზი, ფაზური და თანმიმდევრული შეტევებით, ბოლო წუთამდე დაძაბულობით და ლამაზი სარაგბო ელემენტებით.

მატჩის საწყისმა 15-მა წუთმა აღმოსავლეთი1-ის შეტევებში ჩაიარა. მიუხედავად მაღალი ტემპისა, აღმოსავლეთი2-ის მორაგბეები სწრაფად ახერხებდნენ ხაზის დაწყობას და იერიშების მოგერიებას, მაგრამ დაცვაში გატარებული დიდი დროის შემდეგ ხაზი მაინც გაიჭრა და მგეზავმა დაჩი პაპუნაშვილმა თავისივე ლელო გარდასახა. აღმოსავლეთი2-მა ბურთი რომ მოიხელთა თავად გაშალა შეტევა, თუმცა მცველებმა შემტევი წითელ ზოლში აუტში გადადენეს. მერე პაპუნაშვილმა კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და აღმოსავლეთი1 10:0 დაწინაურდა.

ამის შემდეგ ინიციატივას აღმოსავლეთი2 დაეუფლა და მე-20 წუთზე ნიკა ცინცაძემ ახლოდან ჯარიმა გაქვითა. ტაიმის ბოლოს აღმოსავლეთი2-ის უკანახაზელებმა ბურთი კარგად გაითამაშეს, მერე ის ლელოში ფეხით შეაცურეს, მაგრამ მცველმა შემტევს დამიწება დაასწრო და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმიც მუხიანის ფილიალის შეტევებით განახლდა და რამდენჯერმე შეიქმნა ხიფათი, მე-10 წუთზე კი, შერკინებიდან ბურთი ხაზზე გავიდა და ზურა ქობელაშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა და აღმოსავლეთი2-მა შეტევები გააგრძელა, მაგრამ ცინცაძეს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე აღმოსავლეთი2 მაინც დაწინაურდა. მათი ხანგრძლივი შეტევის შემდეგ დაცვაში სივრცეები გაჩნდა და ირაკლი ბებიამ ხაზი რაქის სიახლოვეს გაჭრა.

ძელებსშუა გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე აღმოსავლეთი1-ს მატჩის გადარჩენა ძალიან უნდა გაჭირვებოდა, თუმცა მეტოქის უყურადღებობით მათმა 9 ნომერმა კოტე იაშვილმა ისარგებლა, ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლელომდე დაახლოებით 40 მეტრი ირბინა. მატჩის ფრედ დასრულება ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ აღმოსავლეთი1-მა გარდასახვაც გაიტანა, 17:15 იმარჯვა და ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად იქცა.

დასკვნით ტურში, 2 ნოემბერს, აღმოსავლეთი1 ‘კარდიფ ბლუზს’ 13 საათზე ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის გამარჯვებული გახდება, ხოლო 15 საათზე აღმოსავლეთი2 და დასავლეთი შეიბმებიან.

31 ოქტომბერი. მარტყოფი

დასავლეთი - კარდიფი 42:19

აღმოსავლეთი1 - აღმოსავლეთი2 17:15

1. აღმოსავლეთი1 2 2 0 0 44-27 8

2. აღმოსავლეთი2 2 1 0 1 45-34 5

3. დასავლეთი 2 1 0 1 54-46 5

4. კარდიფი 2 0 0 2 36-72 0

2 ნოემბერი. დასკვნითი ტური

აღმოსავლეთი1 - კარდიფი (13 საათი)

აღმოსავლეთი2 - დასავლეთი (15 საათი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102472