საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის მე-8 ტურის პირველ სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართება. როგორც დაგპირდით, ტურის წინ გაუწყებთ ქართველი ლეგიონერების მდგომარეობის შესახებ: ვის მოუწევს თამაში და ვის არა.
16:45 ტულონი (მე-6 ადგილი) – ბრივი (14)
როგორც იცით, ორივე გუნდში სამ-სამი ჩვენებური ირიცხება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ორ “ბორჯღალოსანს” ვიხილავთ და ორივეს ძირითად შემადგენლობაში: მასპინძელთა რიგებში მეორე ხაზში ითამაშებს მამუკა გორგოძე, ხოლო სტუმართაგან ბურჯი კარლენ ასიეშვილი გაირჯება. “ტულონის” განაცხადში არ არიან ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი, ხოლო გათამაშების აუტსაიდერთა მარქაფაში სოსო ბეკოშვილისთვის და ვასილ ლობჟანიძესთვის ვერ გამოინახა ადგილი.
20:00 რასინგი (8) – ბორდო (5)
“რასინგის” მარქაფაშია ბურჯი ვასილ კაკოვინი, ხოლო “ბორდოს” განაცხადში ახალგაზრდა ქართველები ლაშა ტაბიძე და ირაკლი ცხადაძე არ არიან.
20:00 პო (7) – მონპელიე (2)
“მონპელიეს” სამივე ქართველი მოთამაშე: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე მარქაფაში არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავი მიქაუტაძის გამოჩენაა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი 23 სექტემბერს უხეში თამაშის გამო წითელი ბარათით გააძევეს და ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელსაც ვადა ახლახანს გაუვიდა.
20:00 ლიონი (1) – ოიონა (12)
ეს შეხვედრა ქართველების გარეშე ჩაივლის. “ლიონის” განაცხადში არ არიან ესპუარის კონტრაქტით მოსარგებლე ქართველები: თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე და გიორგი ჯავახია, ხოლო სტუმართა 23 მორაგბეს შორის ირაკლი მირცხულავა და გიორგი ვეფხვაძე არ ფიგურირებენ.
22:45 კლერმონი (9) – სტად ფრანსე (10)
“კლერმონის” შემადგენლობას შეცვლაზე გააძლიერებენ ვეტერანი ბურჯი დავით ზირაქაშვილი და მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო ბექა კაკაბაძე და ოთარ გიორგაძე ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდნენ. ისევე როგორც, ზურაბ ჟვანია და დავით მელიქიძე პარიზელთა რიგებში.
კვირას ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: “კასტრი” “აჟენს” უმასპინძლებს, ხოლო “ლა როშელი” “ტულუზას” მიიღებს. ჯერჯერობით ამ მატჩების შემადგენლობები ცნობილი არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია