სტატიები

22:25 | 26.10.2017 | ნანახია 1291 - ჯერ

‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის ვიზიტი

‘კარდიფ ბლუზის’ აკადემიის (16-წლამდელები) გუნდი, 27 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე საქართველოს ეწვევა და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის გუნდებთან ერთად ოთხთა ტურნირს ითამაშებს.

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების გეგმის თანახმად, რამდენიმე წლის წინ გაუქმდა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები. მის ნაცვლად აკადემიის ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე გუნდი, რომლებიც პერიოდულად უცხოურ გუნდებს ეთამაშებიან. ამ გადაწყვეტილების შედეგად, 15-16 წლის ასაკში ბევრად უფრო მეტი ქართველი მორაგბე იღებს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილებას, ვიდრე ერთი ნაკრების პირობებში ხდებოდა.

უელსელებთან კონტაქტი თბილისში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას დამყარდა. საქართველოს რაგბის კავშირის შეთავაზებას ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემია გამოეხმაურა, ისინი გაეცნენ ქართული მხარის პირობებს და თბილისში 34-კაციანი დელეგაციით 27 ოქტომბერსჩამოდიან.აღსანიშნავია, რომ უელსში ‘კარდიფ ბლუზის’ აკადემია უძლიერესია და წელს მან ‘ოსპრეიზის’ აკადემია 38:5, ხოლო ‘ნიუპორტი’ 54:12 დაამარცხა.

სტუმრები მარტყოფის ბაზაზე დაბინავდებიან და 29 და 31 ოქტომბერს, ასევე 2 ნოემბერს, ოთხთა საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ. მასში მონაწილეობას ეროვნული აკადემიის დასავლეთ ფილიალის ერთი და აღმოსავლეთ ფილიალის ორი გუნდი მიიღებს. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 30-30 მოთამაშეა და შესაბამისად, უელსელებთან თამაშის გამოცდილებას ჯამში 90 მორაგბე მიიღებს.

სისტემის თანახმად, ტურნირის მსვლელობისას ყველა გუნდი ყველას წინააღმდეგ ითამაშებს, იქნება ბონუს-სისტემაც (მეტოქის სამი და მეტი ლელოს სხვაობით დამარცხებისთვის; 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის) და გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ სატურნირო ქულას დააგროვებს, ტურნირის გამარჯვებული გახდება. თამაშები მარტყოფში გაიმართება და 13 და 15 საათზე დაიწყება.

ტურნირის პარალელურად, უელსელებისთვის მოეწყობა კულტურული ღონისძიებები. სტუმრები დაათვალიერებენ ძველ თბილისს, მარტყოფის მონასტერს და კახეთს, სადაც დაათვალიერებენ სიღნაღს და ტიბაანს, მოინახულებენ ვენახებს და გაეცნობიან ღვინის დამზადების ტექნოლოგიას.

ოთხთა საერთაშორისო ტურნირი. მარტყოფი

29 ოქტომბერი. I ტური

აღმოსავლეთი ბ - კარდიფ ბლუზი (13 საათი)

აღმოსავლეთი ა - დასავლეთი (15 საათი)

31 ოქტომბერი. II ტური

დასავლეთი - კარდიფ ბლუზი (13 საათი)

აღმოსავლეთი ა - აღმოსავლეთი ბ (15 საათი)

2 ნოემბერი. III ტური

აღმოსავლეთი ა - კარდიფ ბლუზი (13 საათი)

აღმოსავლეთი ბ - დასავლეთი (15 საათი)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082507