საერთაშორისო

23:29 | 25.10.2017 | ნანახია 1604 - ჯერ

თაუნსენდმა 36 მოთამაშეს უხმო

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის 36 მოთამაშე გამოიძახა.

44 წლის სპეციალისტმა ნაკრებში ერთბაშად 10 დებიუტანტს უხმო. თაუნსენდმა 20 მორკინალი და 16 უკანახაზელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ახალწვეულთაგან ექვსი მოთამაშე შოტლანდიელი არაა და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დაბადებულნი: ფილ ბარლეი (ახალი ზელანდია), კრის ჰარისი (ინგლისი), ბაირონ მაკგუიგანი (სამხრეთ აფრიკა), ნათან ფოულსი (ინგლისი), დერილ მარფო (ინგლისი), ლუკ ჰამილტონი (უელსი).

შოტლანდიელებს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ. ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ, გარემარბები რორი ჰიუზი და შონ მეიტლენდი, შუამარბები დანკან ტეილორი, მარკ ბენეტი და მეტ სკოტი, შემკვრელი ადამ ეში, ბურჯები ალესდეირ დიკინსონი, გორდონ რიდი და ალან დელი, მხტომელი რიჩი გრეი და კვაჭი ფრეისერ ბრაუნი. ამის ფონზე გასაკვირია, რომ განაცხადის მიღმა დარჩა “ჰარლექუინსის” გამოცდილი გარემარბი ტიმ ვისერი, რომელსაც “ნარშავების” რიგებში ნათამაშებ 33 მატჩში 14 ლელო აქვს გატანილი.

“ნარშავებისთვის” სასიხარულო ისაა, რომ ტრავმა მოიშუშა და გასულ კვირას ზაფხულის შემდეგ პირველად ითამაშა სტიუარტ ჰოგმა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფულბექმა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიურ ტურნეზე თვალის მძიმე დაზიანება მიიღო და ოთხი თვის გამოტოვება მოუწია.

თაუნსენდის არჩევანი ასეთია:

შერკინება

ბურჯები: სიმონ ბერგჰანი, ჯეიმი ბეტი, ზანდერ ფეგერსონი, დერილ მარფო, უილემ ნელი;
კვაჭები: როს ფორდი, ჯორჯ ტურნერი;
მეორე ხაზი: ჯონი გრეი, სკოტ კუმინგსი, გრანტ გილკრისტი, ბენ ტულისი, ტიმ სუინსონი;
მესამე ხაზი: ჯონ ბარკლი, კორნელ დუ პრეზი, რობ ჰარლი, ლუკ ჰამილტონი, სტიუარტ მაკინალი, ჯეიმი რიტჩი, რაიან უილსონი, ჰემიშ უოტსონი

უკანა ხაზი

ჰავბექები: ალი პრაისი, ჰენრი პირგოსი, ნათან ფოულსი;
მგეზავები: ფინ რასელი, პიტერ ჰორნი;
შუამარბები: დოგი ფაიფი, ფილ ბარლეი, კრის ჰარისი, ნიკ გრიგი, ალექს დანბარი;
ფრთები: ლი ჯონსი, ჰიუ ჯონსი, ტომი სიმური, ბაირონ მაკგუიგანი;
ფულბექები: სტიუარტ ჰოგი, რუარიდ ჯექსონი.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები ნოემბერში სამ საშინაო ტესტს გამართავს. “ნარშავები” 11 ნოემბერს სამოას უმასპინძლებენ, 18-ში ახალზელანდიას დაუხვდებიან, ხოლო 25-ში ავსტრალიას მიიღებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077033