ბორჯღალოსნები

18:48 | 25.10.2017 | ნანახია 2553 - ჯერ

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

რაგბის ქართველი გულშემატკივარი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახვას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეძლებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდება და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში ჩატარდება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება. მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. მე ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“ - ციტირებს ვასილ მაღლაფერიძის სიტყვებს პირველი არხის ოფიციალური ვებგვერდი.

კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ამბობს, მაუწყებელი, 2015 წელთან შედარებით, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ყიდულობს.

„პირველი არხი საზოგადოებას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს, სადაც ჩვენი ნაკრებიც მონაწილეობს.

2015 წელს იძულებული ვიყავით, ჩვენების უფლება შუამავალი ორგანიზაციიდან შეგვეძინა, იმიტომ, რომ ეს უფლება მას ჩვენგან დამოუკიდებლად ჰქონდა ნაყიდი.

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ეფექტურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შუამავალი რგოლი ამოგვეგდო. შესაბამისად, ეს ფასზეც აისახება. გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. თან, მით უმეტეს, დიდი ინტერესისა და ფასეულობის მქონე პროდუქციაა“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.

1tv.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:27 | 26.10.2017
GiorgiG83 (525)

შუამავლებით ძვირი ჯდება - რათქმაუნდა

0.07642