ჩელენჯ კაპი

11:52 | 25.10.2017 | ნანახია 5023 - ჯერ

გაჩეჩილაძე უელსელებთან საუკეთესოდ აღიარეს

ევროთასების მეორე ტურში ჩემპიონთა თასზე ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 10 ჩვენებური გავიდა მოედანზე და მიხეილ გაჩეჩილაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და უელსური „ნიუპორტის“ შეხვედრაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე დაასახელეს. მისი გუნდი 21:28 დამარცხდა და მხოლოდ პრემიას გამორჩა.

გაჩეჩილაძე მასპინძელთა მთავარი დამრტყმელი იყო და 14 შეტევით 64 მეტრი მოიგო, 4 მბოჭავი ჩამოიშორა და ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი. დაცვაში მან 14 ბოჭვა შასრულა, 2-ჯერ ითამაშა ფეხით და 3 აუტი მოიგო. სრულად ითამაშა ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამ, 11 შეტევით ბურთი 31 მეტრი ატარა, 2-ჯერ დაუსხლტა მბოჭავს, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა.

მეორე ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა „ლიონმა“, რომლის შემადგენლობაშიც პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა გურამ პაპიძემ, ხოლო თორნიკე მატარაძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. ფრანგულმა კლუბმა ინგლისურ „სეილს“ 27:24 სძლია, ქართველმა ბურჯებმა კი, უმეტესად შავი სამუშაო შეასრულეს.

„ედინბურგის“ წინააღმდეგ „კრასნი იარის“ შემადგენლობაში ორმა ბორჯღალოსანმა ითამაშა - კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და შუამარბმა ლაშა მალაღურაძემ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ დაცვაში და ბოჭვებში საუკეთსო მაჩვენებლები ჰქონდათ - ბრეგვაძეს 13 და მალაღურაძეს 12, მაგრამ ამან მასპინძლებს ვერ უშველა - 14:73. მალაღურაძემ 2 გარდასახვა გაიტანა და 10 წუთი სინბინში გაატარა, ხოლო ბრეგვაძემ შერკინებაში ყველა ბურთი მოიგო. ჯაბა 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიხეილ წიკლაური შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

ამავე, მეოთხე ჯგუფში, „ლონდონ აირიში“ „სტად ფრანსეს“ პარიზში ეწვია და 44:7 დაამარცხა. სტუმართა შორის 75 წუთი ითამაშა ლაშა ლომიძემ. ბორჯღალოსანმა შერკინების შემკვრელმა ბურთით ხელში 17-ჯერ შეუტია და ჯამში 25 მეტრი მოიგო, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი, ხოლო დაცვაში 20 ბოჭვა მოაგროვა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ და ამ პერიოდში 8 მეტოქე შებოჭა.

შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა „ბრივის“ ბურჯმა სოსო ბეკოშვილმაც და მისმა გუნდმა ფრანგულ დერბიში „ოიონას“ 38:13 აჯობა.

ქართველების დამსახურებით

ჩემპიონთა თასის მეხუთე ჯგუფში მეორე თამაში მოიგო „ტულონმა“, თუმცა მოულოდნელად, იტალიაში „ბენეტონთან“ ძალიან გაუჭირდა. მასპინძლებს იმ დღეს ყველაფერი გამოუვიდათ და ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ქართველებმა არ დაანებეს - გაწითლებულ დროზე მამუკა გორგოძემ კარის წინ შეუტია და სამი მცველი ჩაითრია, რაქში მას ლევან ჩილაჩავა მიეხმარა, „ბენეტონი“ დაჯარიმდა და 23 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ფრანგებმა 30:29 იმარჯვეს. ქართველი ლეგიონერები თადარიგში იყვნენ და ჩილაჩავა თამაშში 50-ე, ხოლო გორგოძე 55-ე წუთიდან ჩაერთო. „ტულონს“ 8 ქულა აქვს და ინგლისურ „ბათთან“ პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

მესამე ჯგუფში ზედიზედ მეორედ დამარცხდა „მონპელიე“. ფრანგებმა ინგლისურ „ექსეთერს“ უმასპინძლეს, 46 წუთში 4 ლელო გაუტანეს და 24:17 იგებდნენ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მიზეზი ფეხით კარში დარტყმებია. მასპინძლებმა მხოლოდ 2 გარდასახვა გამოიყენეს, სტუმრებმა სამივე ლელო გარდასახეს, 6 ქულა ჯარიმებით აიღეს და 27:24 იმარჯვეს.

პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო „მონპელიეს“ ბორჯღალოსანი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და ის 65-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო დავით ქუბრიაშვილი. ფრანგულმა კლუბმა 2 ბონუს ქულა აიღო, ჯამში 3 მოუგროვდა და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

ახლა ევროთასებზე თვენახევრიანი შესვენებაა და თამაშები დეკემბერში განახლდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:09 | 25.10.2017
თორღვა პანკელი (387)

კი ეს ბიჭი აშკარად იმსახურებს ნაკრებში თამაშს და იმედია მელიტონა გამოიძახებს კიდეც.

0.085682