ჭაბუკთა "ა"

11:52 | 20.10.2017 | ნანახია 1523 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ფლეი ოფის მონაწილენი დაწყვილდნენ

ფლეი ოფის დასკვნითი მონაწილე გადამწყვეტი ეტაპის ბოლო, 14-ე ტურმა გამოავლინა. ‘ყოჩები ხულიგანამ’ ‘შევარდენზე’ გორის ‘ჯიქს’ 10 ლელო გაუტანა და ღრმა აუტსაიდერს 66:5 სძლია.

‘ყოჩ’ხულს’ არც ძირითადის 4 მოთამაშის არყოფნა არ დატყობია. გუნდის კაპიტანმა ნიკა თეზელაშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სპირიდონ ლიპარტელიანის გუნდის ლიდერი, ჩვეული მესამე ხაზის ნაცვლად, ამჯერად შუამარბად ირჯებოდა და დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი. ‘ყოჩები ხულიგანამ’ გადამწყვეტი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ფლეი ოფში რეგულარული სეზონის გამარჯვებულ ქუთაისის ‘აიას’ სტუმრად, მამაქალაქში დაუპირისპირდება.

‘აიამ’ მიჯრით 12-ე მოგება და პირველობა უბრძოლველად გაიფორმა. გიგა გურეშიძის გუნდს ქუთაისში რუსთავის ‘ხარები’ არ გამოუცხადდა. ტრავმირებული და ვირუსშეყრილი მოთამაშეების გარდა, ქვემოქართლელთა დამრიგებელ დავით კაკაბაძეს სწავლის მომიზეზებით, მატჩის დღეს რამდენიმე მორაგბემაც უგანა. რიცხობრივ უმცირესობაში სტუმრობას და მოსალოდნელ რაგბის ‘ანტი-შოუს’, გაწბილებულმა ‘შორომ’ დისციპლინარული სასჯელი(სატურნირო ცხრილში ქულის დაკლება) არჩია. ჭაბუკებისთვის სწავლისა და პროფესიული სპორტის შეთავსება, არამარტო რაგბის, სრულიად ქართული სპორტული სამყაროს დილემად იქცა და სახელმწიფო რეგულაციების გარეშე აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სპორტული საზოგადოება შეუძლებლად მიიჩნევს. კოკიპირული წვიმის მიუხედავად, ‘აიას’ გაფართოებული შემადგენლობის 36-მა მორაგბემ სრული დატვირთვით ივარჯიშა და ფლეი ოფის წინ სასურველი კონდიციების აღდგენისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, გურეშიძის ბიჭები საწვრთნელ-ამხანაგურ შეხვედრაში თანაქალაქელ, პირველლიგელ ‘არესს’ დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ‘აიას’ ‘ყოჩები ხულიგანასთვის’ დასკვნითი ეტაპის ორივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოგებული აქვს(38:3 და 62:13), გიგა გურეშიძე მეტოქეს ჯეროვნად აფასებს და შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისაკენ მოუწოდებს.

ქუთათურთა კიდევ ერთი გუნდი, ‘ბაგრატი’ პირველობის ფინიშზე ზედიზედ მესამე გამარჯვებას, ამჯერად თბილისის ‘ლოკომოტივთან’ შეხვედრაში ეშურებოდა. წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭები სატურნირო ცხრილში ‘ხარებს’ ასწრებდნენ და ჩემპიონატს 6-ე ადგილზე ასრულებდნენ. მოტივირებული მასპინძლები მეტოქეს ინდივიდუალურ თამაშსა და ბოჭვებში ჯაბნიდნენ, სრულ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა წვიმიან ამინდში ‘ბაგრატის’ მოთამაშებმა უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვეს, გადამწყვეტ მომენტებში სველი ოვალი ვერ დაიმორჩილეს, რაც საბოლოოდ შეხვედრის შედეგზეც აისახა. რიონისპირელთა მარბიელ გიორგი ლეშკაშელის ლელოს, ‘რკინიგზელთა’ მხრიდან შუამარბ ლაშა გიორხელიძის, ჰავბეკ გიორგი ნეფარიძის და გუნდის ლიდერ რეზი ხარაზიშვილის 3 საპასუხო ლელო მოჰყვა. ‘ლოკომოტივის’ მგეზავმა მეორე წრეში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გატანილი ლელოს გარდა, ხარაზიშვილი ფეხით უზადო თამაშით, მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდა. გია კურატიშვილის და ფირუზ ბერიაშვილის გუნდმა მატჩი 17:11 მოიგო და პირველობა 5-ე ადგილზე დაასრულა. ‘ბაგრატს’ ვერც გუნდის ლიდერების, მამია მოწონელიძისა და ნიკა ჯინჭარაძის კარგმა თამაშმა ვერ უშველა. რიონისპირელებმა 6-ე ადგილის დაკავების ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოთამაშეთა ასაკობრივი ფაქტორისა და სწავლის გათვალისწინებით ‘ბაგრატს’ უამრავი მორაგბე ემშვიდობება, რის გამოც ‘ურაგანას’ მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუწევს. ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ბინადარ ‘ბაგრატის’ რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე კარგა ხანია, რაც ნიკა ლაღაძის თვალთახედვის არეში იმყოფება.

გადამწყვეტი ეტაპი მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ‘იუნკერი ჩოხოსნების’ პრინციპული დაპირისპირებით დასრულდა. ვირუსშეყრილ კოტე მარჯანიშვილისა და მიკრო ტრავმამიღებულ მიშიკო ალანიას არყოფნამ ‘იუნკერების შემტევი პოტენციალი საგრძნობლად გააღარიბა. ვითარება ვერც თემიკო ჭიჭინაძის ჩინებულმა თამაშმა ვერ შეცვალა. ჭიჭინაძემ თამაში, ჩვეულ ფულბეკის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ნახევარში კი მგეზავის ამპლუა იტვირთა. მეტოქეს 5-მეტრიან ზონაში, საკუთარი ნახევრიდან რამდენჯერმე დიდებულად დაურტყა, 2-ჯერ არეკნიც სცადა, მატჩის ბოლოს კი ლელო სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევის ხარჯზე გაიტანა, რამაც ინერტულად მოთამაშე კიკეთელებს ანგარიშში სხვაობის მხოლოდ შემცირების შესაძლებლობა მისცა 15:24. მატჩის შემდეგ, ‘იუნკ’ჩოხოსნების’ დამრიგებლებმა, გიორგი ენუქიძემ და ზურაბ მოგელაძემ შეგირდებს ინტენსიური ვარჯიშის გრაფიკი გააცნეს და თან პასუხისმგებლობაზე, თავდადებასა და მორაგბის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე თვალსაჩინო გაკვეთილიც წაუკითხეს. მეტოქისაგან განსხვავებით, ‘ლელოს’ 2 მნიშვნელოვანი მოთამაშის, სოსო ჭყოიძისა და ლევან სხვიტარიძის არყოფნა არ დასტყობია. ჩემპიონი უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე ფლობდა და მეტოქეს უპირატესად თამაშის ორგანიზებაში, კოლექტიურ ქმედებაში სჯობდა. ‘ლელო’ მხოლოდ შეტევების დაბოლოებაში მოიკოჭლებდა. გარდა ამისა, მიხეილ სუჯაშვილი შეგირდთაგან გაცილებით აგრესიული თამაშის დემონსტრირებასაც ითხოვდა. მოპოვებული გამარჯვებით ‘ლელომ მეორე ადგილი შეინარჩუნა და ფლეი ოფში ‘იუნკერი ჩოხოსნობს’ კვლავ საკუთარ არენაზე დაუხვდება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080027