გასულ კვირაში 2017/2018 წლების სეზონის ევროთასების გათამაშება დაიწყო. ჩემპიონთა თასზე ორი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 4-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ხოლო ჩელენჯ ქაფი უფრო წარმატებული გამოდგა.
ჩემპიონთა თასი
ევროპის ყველაზე პრესტიჟული, ჩემპიონთა თასის მე-3 ჯგუფის პირველ ტურში, ფრანგული ‘მონპელიე’ ირლანდიაში ‘ლენსტერს’ ეწვია და შინ ნუგეშის ბონუსით დაბრუნდა. მასპინძლებმა 16 ათასი გულშემატკივრის გასახარად 4 ლელო გაიტანეს და 24:17 იმარჯვეს.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. ‘მონპელიე’ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში და პირველი ტაიმის მიწურულს ნადოლოს ლელოში უდიდესი წვლილი სწორედ მორკინალებს მიუძღვით. ნარიაშვილმა 13 ბოჭვა შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ფრანგული კლუბის მორაგბეებს შორის. კიდევ ერთი ბორჯღალოსანი დავით ქუბრიაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. 22 ოქტომბერს ‘მონპელიე’ ინგლისურ ‘ექსეთერს’ მასპინძლობს.
მე-5 ჯგუფში ფრანგულმა ‘ტულონმა’ უელსურ ‘სკარლეტს’ 21:20 მოუგო. თამაშს 14-ათასამდე მაყურებელი დაესწრო, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 18:3 იგებდნენ, თუმცა მერე 18:20 ჩამორჩნენ და გამარჯვება 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვეს.
მამუკა გორგოძემ მოედანზე 80 წუთი გაატარა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მან 19-ჯერ შეუტია, რაც ტულონელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია და ჯამში 14 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 9 ბოჭვა შეასრულა. მასზე მეტი ბოჭვა მხოლოდ გირადოს ჰქონდა. 65-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ და 15 წუთში ბურთით 5-ჯერ შეუტია. 21 ოქტომბერს ‘ტულონი’ იტალიაში ‘ბენეტონს’ ეთამაშება.
ჩელენჯ ქაფი
ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში რუსეთის ჩემპიონმა ‘ენისეიმ’ ფრანგულ ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 3600 მაყურებლის წინაშე 17:57 დამარცხდა. შუამარბმა დავით კაჭარავამ სრულად ითამაშა და 7 შეტევით 18 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 9 ბოჭვა შეასრულა. 21 ოქტომბერს ‘ენისეი’ უელსურ ‘ნიუპორტს’ მასპინძლობს.
მეორე ჯგუფში ‘კარდიფი’ ‘ლიონს’ დაუხვდა და 29:19 დაამარცხა. კარდიფში ქართული დერბი შედგა. უელსელთა შორის შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა და 4 ბოჭვასთან ერთად, ერთი თერნოვერიც გაახერხა. სტუმართა შორის პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე მატარაძემ. განაცხადში იყო და თამაშში 21-ე წუთიდან ჩაერთო გურამ პაპიძე. მატარაძემ 6-ჯერ მიიღო ბურთი, ერთხელ ხაზი გაჭრა და 4 ბოჭვა შეასრულა, ხოლო პაპიძემ 5 შეტევით ბურთი ჯამში 13 მეტრით წაწია, ხოლო დაცვაში 6 ბოჭვა მოაგროვა.
20 ოქტომბერს ‘ლიონი’ ‘სეილ შარქსს’ მასპინძლობს, ‘კარდიფი’ ‘ტულუზას’ ეწვევა.
მესამე ჯგუფში ‘აჟენმა’ იტალიურ ‘ძებრეს’ უმასპინძლა და პრემიით დაამარცხა - 45:10. ფრანგთა შორის პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ, რომელმაც 5 მეტრი 2 შეტევით მოიგო და მეტოქეებზე 9 ბოჭვა შეასრულა.
მე-4 ჯგუფში ტურის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. ‘კრასნი იარმა’ ჩელენჯ ქაფის სადებიუტო მატჩში პარიზულ ‘სტად ფრანსეს’ უმასპინძლა და 34:29 სძლია. თამაშს, რომელშიც ჯამში 8 ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, 3600 მაყურებელი დაესწრო. ციმბირელების ცენტრში სრულად ითამაშა ორმა ბორჯღალოსანმა - ლაშა მალაღურაძემ და გიორგი ფრუიძემ.
მალაღურაძემ გუნდს 3 გარდასახვით და 1 ჯარიმით 9 ქულა შესძინა. მან 11-ჯერ შეუტია, ერთხელ მბოჭავს დაუსხლტა და ჯამში 33 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 14 ბოჭვა შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რუსეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში. ფრუიძემ 12-ჯერ შეუტია, 4 მბოჭავს დაუსხლტა და ჯამში 80 მეტრი ირბინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ‘კრასნი იარის’ მორაგბეებს შორის. მან ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და 8 მეტოქე შებოჭა.
დასკვნითი 20 წუთი ითამაშეს ბორჯღალოსანმა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და ბურჯმა მიხეილ წიკლაურმა. ჯაბამ დერეფანში 4-ჯერ ააგდო ზუსტად ბურთი. ‘კრასნი იარის’ შემადგენლობაში ითამაშეს ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებმა, რომელთაც რუსული პასპორტი აქვთ.
‘სტად ფრანსეს’ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს ბურჯები - ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე. მელიქიძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში და 4 შეტევით 13 მეტრი მოიგო. გზად მან 2 მბოჭავი ჩამოიცილა, ხოლო დაცვაში 15 ბოჭვა შეასრულა. ჟვანიამ 3 შეტევით 8 მეტრი იარა, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი და დაცვაში 11 ბოჭვა მოაგროვა.
‘ლონდონ აირიშის’ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ლაშა ლომიძემ. მან ‘ედინბურგის’ წინააღმდეგ 55 წუთი ითამაშა, ამ პერიოდში ბურთით 14-ჯერ შეუტია და ჯამში 20 მეტრი იარა, ხოლო დაცვაში 11 ბოჭვა შეასრულა. ‘აირიში’ 14:37 დამარცხდა და 21 ოქტომბერს პარიზში ‘სტად ფრანსეს’ ეწვევა, ხოლო ‘კრასნი იარი’ ‘ედინბურგს’ დაუხვდება.
მე-5 ჯგუფში ფრანგული ‘ბრივი’ ‘ვუსტერს’ ინგლისში ეწვია და 20:30 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, მან ბურთით 3-ჯერ შეუტია და ჯამში 25 მეტრი მოიგო, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, გასცა 40 პასი და ერთხელ ოფლოუდი გაახერხა. მან დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა და 5-ჯერ ითამაშა ფეხით.
პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა სოსო ბეკოშვილმა და 4 შეტევით ბურთი 8 მეტრით წინ წაწია, ხოლო მეტოქეები 5-ჯერ შებოჭა.
ამავე ჯგუფში ‘ოიონამ’ ირლანდიური ‘კონაჩტი’ მიიღო და 15:43 დამარცხდა.ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ბურჯი იყო და გიორგი ვეფხვაძემ 45-ე, ხოლო ირაკლი მირცხულავამ 67-ე წუთამდე ითამაშა. ვეფხვაძემ ამ სეზონში პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში.
20 ოქტომბერს ფრანგული დერბი შედგება, ‘ბრივი’ ‘ოიონას’ დაუხვდება.
კონტინენტის ფარი
უკვე ვწერდით, რომ ‘ბათუმმა’ ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ სადებიუტო მატჩში იტალიაში ‘როვიგოსთან’ იბრძოლა და იქიდან 2 ქულა წამოიღო. ამ ტურნირის დანარჩენ შეხვედრებში რუმინულმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ იტალიური ‘პეტრარკა’ მიიღო და 29:25 სძლია, ბათუმელთა მომავალმა მეტოქემ, გერმანულმა ‘ჰაიდელბერგმა’ კიდევ ერთ იტალიურ კლუბ ‘კალვიზანოს’ 23:19 სძლია, ხოლო ‘ვიადანამ’ ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ მიიღო და 14:19 დამარცხდა. შეგახსენებთ, ამ თამაშს ქართველი მსაჯების ბრიგადა ემსახურებოდა - ნიკა ამაშუკელი, საბა აბულაშვილი და ილია საჯაია.
ამრიგად, პირველი ტურის ოთხივე მატჩში, დამარცხებულმა გუნდმა ნუგეშის ბონუსის აღება მოახერხა, თუმცა ‘ბათუმმა’ მეტოქეს 4 ლელო გაუტანა და შინ მეორე ბონუსიც წამოიღო.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია