ქართული

21:53 | 14.10.2017 | ნანახია 3738 - ჯერ

"ბათუმი" იტალიიდან 2 ქულით ბრუნდება

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ სადებიუტო მატჩში, იტალიაში ‘როვიგოს’ 4 ლელო დაუდო, მხოლოდ 4 ქულის სხვაობით ჩამორჩა (27:31) და შინ 2 სატურნირო ქულით ბრუნდება.

ტურნირის დებიუტანტისთვის გამოცდილ მეტოქესთან ეს სავსებით მისაღები შედეგია, თუმცა პირველი ტაიმიდან გამომდინარე მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. ზღვისპირელებმა შესვენებამდე 3 ლელო გაიტანეს და 22:10 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ შეცდომები დაუშვეს და 20 წუთში 3 გარდასახული ლელო მიიღეს.

ანგარიში ‘ბათუმმა’ გახსნა. შერკინებაში მეტოქის დაჯაბნის შემდეგ მასპინძელთა ნახევარზე გადავედით, ‘როვიგო’ რაქში დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ კარის წინ 40 მეტრიდან გაიტანა. იტალიელებმა პასუხის გაცემა სცადეს, მით უმეტეს, რომ ხვიჩა ბუჯიაშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ თავი დავიცავით და მალე 14-მა ლელო იქით გავიტანეთ.

ხანგრძლივი შეტევისას ფაზები კარგად აეწყო, მორკინალებმა მეტოქე დაამუშავეს და ბურთი ხაზზე რომ გაიშალა იერიში მეტოქის წითელ ზოლში შეჩერდა, სადაც ბექა მამრიკიშვილმა იყოჩაღა და ბურთი მეტოქის ლელოში შეიტანა. სამწუხაროდ, საშუალო სირთულის გარდასახვა არაზუსტი იყო. როგორც ჩანს, მასპინძლები ასეთ დასაწყისს არ ელოდნენ და მალე გიორგი თხილაიშვილმა ‘როვიგო’ მეორედ დაალელოვა, ხოლო კობახიძემ გარდასახა და ‘ბათუმი’ 15:0 დაწინაურდა.

შესვენებამდე გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს. ‘როვიგომ’ ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა, მერე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ‘ბათუმის’ კარგი იერიში ლაშა ხმალაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 22:10 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში იტალიელები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ ამან ‘ბათუმს’ დათვური სამსახური ვერ გაუწია. გუნდი მოეშვა და 3 ლელო გაუშვა: 2-ჯერ მასპინძლებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, მერე ბურთი მოკლე ფრთაზე გაიტანეს და სწრაფი გარემარბი ვერავინ შეაჩერა, ხოლო ერთხელ ხაზი მოედნის ცენტრში გაიჭრა - 22:31.

‘ბათუმმა’ კარგი შეტევით უპასუხა, იტალიელთა დაცვის ხაზი ორჯერ გაიჭრა, ფეხით გადაკიდებულს ორი შემტევი მიყვა და მცველმა წნეხის ქვეშ ბურთი საკუთარ ლელოში დაამიწა. 5-მეტრიან წყვეტილთან დანიშნულ შერკინებაში ბათუმელებმა იმძლავრეს, ბუჯიაშვილმა ბურთი აიტაცა და მცველთან ჭიდილში ლელოში დაამიწა. სამწუხაროდ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ 10-12 წუთში გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოხარხდა და გამარჯვება ‘როვიგოს’ დარჩა - 31:27.

ნამატჩევს ‘ბათუმის’ მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედგაცრუებული იყო:

„ყველანი დათრგუნულები ვართ. თამაშიდან გამომდინარე მოგება შეგვეძლო და სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. მატჩამდე ‘როვიგოს’ ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, თუმცა პირველ ტაიმში ინიციატივას დავეუფლეთ, ყველაფერი გამოგვდიოდა და შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავედით.

“მეორე ტაიმის დასაწყისში ასეთი თამაშების გამოცდილება დაგვაკლდა. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილი ბიჭები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ დონეზე პირველად გავიდნენ. თავი იჩინა მოკლე სკამის პრობლემამ და დაღლილობამ. დავთმეთ ბურთი, იტალიელებმა ტემპს მოუმატეს და მათ ვეღარ ავყევით.

“მიუხედავად ყველაფრისა, ამ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო. იყო მომენტები, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ასეთ თამაშში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეცვლებს, თუმცა ჩვენ 8-იდან მხოლოდ 5 შეცვლა გამოვიყენეთ. ძლიერ დაგვაკლდა ტარიელ დონაძე, რომელმაც ტრავმა ვერ მოიშუშა.

“საბედნიეროდ, ამ თამაშის შემდეგ ყველა ჯანმრთელადაა და ‘ჰაიდელბერგთან’ მატჩისთვის დონაძეც დაგვემატება. ბათუმში ხვალ საღამოს ვბრუნდებით და ორშაბათიდან დავიწყებთ მზადებას. შევისწავლით მეტოქის თამაშს, ვეცდებით ჩვენი შეცდომების აღმოფხვრას და გერმანელებთან მაქსიმალური შედეგის მიღებას“.

ერთ კვირაში ‘ბათუმი’ „კონტინენტის ფარზე“ პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს და ბათუმში გერმანულ ‘ჰაიდელბერგს’ დაუხვდება, რომელმაც იტალიური ‘კალვიზანო’ 23:19 დაამარცხა. მატჩი 21 ოქტომბერს, 15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პლეი ოფში გადის თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ‘ბათუმი’ პირველი ტურის შემდეგ „ბ“ ჯგუფში მეორე ადგილზეა (2 ქულა), ‘ლისაბონის უნივერსიტეტს’ (პორტუგალია) 4 ქულა აქვს, ხოლო იტალიურ კლუბებს - ‘პადოვასა’ და ‘კალვიზანოს’ თითო-თითო.

„ა“ ჯგუფს 5 ქულით ‘როვიგო’ ლიდერობს, რუმინულ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ და ‘ჰაიდელბერგს’ 4-4 ქულა აქვთ. ხოლო ‘ვიადანა’ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

გუნდები პირველი-მეორე ადგილისთვის თანაჯგუფელებს ეჯიბრებიან, თუმცა ერთმანეთს არ ეთამაშებიან და საპირისპირო ჯგუფის ოთხეულს თითო-თითოჯერ ხვდებიან (ორს შინ და ორსაც გარეთ).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:48 | 15.10.2017
თორღვა პანკელი (387)

თბილისის კავკასიელებსაც ესეთი თანაბარი თამაში ქონდათ ამათთან და სამწუხაროდ ცოტა დააკლდათ, ყოველ შემთხვევაში ჩანს რაგბში რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნია ყველას, იმის მიუხედავად რომ პირველი ნაბიჯებია ქართული საკლუბო რაგბის ევრო ტურნირებზე, აქ ვერ გაიგონებ წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ძალიან რთული იქნება ორი დღის წინ შეკოწიწებული გუნდით პირველივე ჯახში პრემიალური ქულებით გამარჯვებები, მარცხი ყოველთვის დასანანია განსაკუთრებით რაგბში მაგრამ დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, სწორ დასკვნებსც გამოიტანენ და ადრე იქნება თუ გვიან ეგ როვიგო აუცილებლად გახდება ჩვენი ბულკი, რაგბი ჩვენი თამაშია!

11:57 | 15.10.2017
ogafa (407)

იმედია აქ მოუგებენ

23:17 | 14.10.2017
პანტელეიმონი (1218)

სამწუხაროა, წარმატებას ვუსურვებ "ბათუმს"დარჩენილ თამაშებში ! ! !

0.087856