„მსოფლიო რაგბმა“ ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯთა ვინაობა გამოქვეყნა. ბორჯღალოსნების შეხვედრებს რამდენიმე ისეთი მსაჯი მოემსახურება, რომლებთანაც ჩვენს გუნდს შეხება აქამდეც ჰქონია.
11 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ საქართველო კანადას მიიღებს და მთავარი მსაჯი უელსელი ბენ ვაითჰაუსი იქნება, რომელმაც თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა განსაჯა. ის თამაში ბორჯღალოსნებმა 31:6 მოიგეს. ერთი წლით ადრე ვაითჰაუსმა თბილისში, საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრაზე იმსაჯა და ეს თამაშიც ბორჯღალოსნების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 38:7.
ვაითჰაუსს კიდეებზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი მსაჯი დაეხმარება - ფრანგი ალექს რუისი, რომელიც 2016 წელს ბორჯღალოსნებისა და სამოას მატჩის (20:16) მთავარი მსაჯი იყო. მან ასევე 2014 წელს რუსეთთან (36:10) და 2015 წელს ესპანეთთან (26:13) თამაშებში იმსაჯა.
მეორე ასისტენტი უელსელი ქრეიგ ევანსია, რომელმაც წელს მედინა-დელ-კამპოზე საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა (20:10) იმსაჯა.
18 ნოემბერს, კარდიფში, 75-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსს ვეთამაშებით. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და რეფერი ფრანგი მატიო რეინალია, რომელიც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. 2012 წელს მან ‘მიხეილ მესხზე’ რუსეთთან სარეკორდოდ - 46:0 მოგებული თამაში იმსაჯა, 2014 წელს იყო გვერდითი მსაჯი ირლანდიასთან ტესტ-მატჩზე, 2015 წელს მუშაობდა „თბილისის თასზე“ და განსაჯა საქართველოსა და ‘მზარდი ირლანდიის’ თამაში.
2015 წელსვე, მსოფლიო თასზე, ის იყო გვერდითი მსაჯი კარდიფში, ბორჯღალოსნებისა და ოლ ბლექსის შეხვედრისას, ხოლო შარშან ასევე გვერდითი იყო შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში.
მისი ასისტენტები იაპონელი შუჰეი კუბო და ირლანდიელი შონ გალაჰერი არიან. იაპონელთან აქამდე შეხება არ გვქონია, ხოლო ირლანდიელი 2012 წელს, ესპანეთი - საქართველოს მატჩზე ასისტენტი იყო.
25 ნოემბერს, 18 საათზე, ‘მიხეილ მესხზე’ აშშ-ს ვმასპინძლობთ და რეფერი ფრანგი პიერ ბრუსეა, რომელსაც ინგლისელები - იენ თემპესთი და ქრეიგ მაქსველ-ქისი დაეხმარებიან. თემპესთი წელს, რუსეთთან მატჩისას მთავარი მსაჯი იყო.
სასიხარულოა, რომ ნოემბრის ტესტები ქართველი რეფერის გარეშე არ ჩაივლის. 23 წლის შოთა თევზაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და წელს რუმინეთისა და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრისას მთავარი მსაჯი იყო, ერთი კვირის შემდეგ „კონტინენტის ფარზე“ იმსაჯებს, ხოლო ნოემბერში კვლავ რუმინეთში ჩავა და 18-ში რუმინეთისა სამოას, ხოლო 25-ში რუმინეთისა და ტონგას მატჩებში გვერდითი მსაჯი იქნება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია