უცხოური

16:47 | 10.10.2017 | ნანახია 2166 - ჯერ

„პუმებმა“ ნაწილობრივ გადაიფიქრეს

არგენტინის რაგბის კავშირმა ეროვნული გუნდის მწვრთნელებს ნება დართო, ნაკრებში ევროპულ კლუბებში მოასპარეზე მოთამაშეები მიიწვიონ. თუმცა, ამას გამონაკლისის ხასიათი ექნება, თანაც ეს ნებართვა ძალაში არა წლეულს და არც გაისად, არამედ 2019 წელს შევა.

კავშირის პრეზიდენტმა კარლოს არაუხომ გამონაკლისი მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის დაუშვა. „პუმების“ დამრიგებელს უცხოეთიდან მხოლოდ სამი მორაგბის გამოძახების ნება დაერთო. ამ სამი ლეგიონერის ვინაობა ჯერ არაა გამოცხადებული, მაგრამ არგენტინული მედია დაყწმუნებულია, რომ საუბარია „რასინგის“ გარემარბ ხუან იმოფის, „სარასენსის“ ბურჯ ხუან ფიგალიოსა და „ტულონის“ 8 ნომერ ფაკუნდო ისას შესახებ.

როგორც ცნობილია, არგენტინელებმა „ოლ ბლექსის“ მოდელი დანერგეს და ნაკრებში თამაშის უფლებას მხოლოდ არგენტინაში, კერძოდ კი, „ხაგუარესში“ მობურთალებს ანიჭებენ.

ამასთან, არაუხომ განაცხადა, რომ ნაკრების სათავეში დანიელ ურკადეს დატოვებას ისურვებდა. ცნობისთვის, „პუმების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082297