ამბები

23:42 | 17.10.2014 | ნანახია 2139 - ჯერ

“გაეცანი რაგბს” – სასკოლო რაგბის პროექტი გრძელდება

16 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზამ “გაეცანი რაგბს” სემინარს უმასპინძლა. შეხვედრაზე ვაზისუბნის და სოლოლაკის სკოლების სპორტის მასწავლებლებს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფმა პროექტი და სახალისო რაგბის გაკვეთილების ჩატარების მეთოდოლოგია გააცნო.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სპორტის მასწავლებლები თავიანთი სკოლების IV და V კლასელ ბიჭებსა და გოგონებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ სახალისო რაგბის გაკვეთილებს, რისთვისაც მათ განვითარების ჯგუფის წევრებმა ბურთები და ინვენტარი გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ “გაეცანი რაგბს” საქართველოში 2014 წლის ოქტომბერში გაეშვა. ეს არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო რაგბის განვითარებისა და გაძლიერების გზით, მომავლისათვის ლიცენზირებულ მორაგბეთა რაოდენობის ზრდას. პროექტი სამ ფაზას მოიცავს – სცადე, ითამაშე, დარჩი რაგბში. სახალისო რაგბის გაკვეთილები უკვე იმართება თბილისის, ქუთაისისა და ასპინძის სკოლებში.

საქართველოში “გაეცანი რაგბს” ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი ხელმძღვანელობენ.

“სემინარს პროექტის წარმატებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან უფრო მეტი სკოლის ჩართვით მოიმატებს პროექტში მონაწილე ბავშვების ოდენობა, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და რაგბის მიმართ ინტერესს გაუღვივებს“, – განაცხადა ირაკლი მაჩხანელმა.

მან ასევე დასძინა: “მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორს ირაკლი აბუსერიძეს, რომელიც სკოლებთან კონტაქტის დამყარებაში დაგვეხმარა. სახალისო რაგბის მიმართ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გაჩნდა. ვაზისუბანში რაგბი საკმაოდ პოპულარულია, რაც თავისხმრივ ადგილობრივი სარაგბო კლუბის, “არმაზის“ დამსახურებაა, რომლის ასაკობრივ გუნდებში მრავლად ირიცხებიან ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.

განვითარების ჯგუფის წევრების გარდა, სკოლებში პროექტს კოორდინაციას გაუწევს და სპორტის მასწავლებლებთან ერთად რაგბის გაკვეთილებს ჩაატარებს “არმაზის“ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელი რატი გეგეშიძე.

ასევე გაზაფხულზე ვგეგმავთ ამ სკოლების მონაწილეობით სახალისო რაგბის შეჯიბრის გავმართვას, რაც დანარჩენ სკოლებს პროექტში ჩართვის მოტივაციას გაუზრდის“.

სკოლებმა, რომლებსაც სურთ “გაეცანი რაგბს” პროექტში ჩართვა, უნდა მიმართონ საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფს (მისამართი: შევარდენის სანაკრებო ბაზა, ბოგდან ხმელნიცკის 40, ტელ.: 595303734).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.575464