დიდი 10

10:08 | 9.10.2017 | ნანახია 1601 - ჯერ

‘ლოკომოტივს’ ჩემპიონთან ტაიმი ეყო
დიდი 10 | ჯიქი 14:22 ლოკომოტივი

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ გორის ‘ჯიქს’ პირველ ტაიმში 4 უპასუხო ლელო გაუტანა და 22 ქულით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ორი ლელო გაქვითა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველი ტაიმი კარგი საყურებელი გამოდგა. ‘ლოკომოტივი’ ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდა, მეტოქის შეცდომებითაც ისარგებლა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მატჩის დებიუტში ‘ჯიქმა’ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა, ის ბექა წიკლაურმა აიტაცა და ორი პასის შემდეგ ლელოში დავით გულიტაშვილი შევიდა. 26-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, გიორგი ბეგაძემ თანაგუნდელს დაფარული პასით ხაზი გააჭრევინა, მერე იერიში მარჯვნივ გაიშალა და გრძელი პასის შემდეგ გულიტაშვილმა დუბლი მიითალა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ამჯერად ძალისმიერი - ფარნა გასვიანმა ბურთი მოლის, ხოლო ვახტანგ ამირანაშვილმა 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ დაამიწა - 22:0.

სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ წიკლაურს დარტყმები არ წაუვიდა და 3 გარდასახვა და ერთიც ჯარიმა გაუფუჭდა. მეოთხე ჯერზე გარდასახვა საბა ნიკოლავამ ითავა და გუნდს 2 ქულა შესძინა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, დასკვნით მეოთხედში კი, ‘ჯიქი’ უპირატესობას დაეუფლა და 65-ე წუთზე თავისი პირველი ლელო გაიტანა: სტუმრებმა მეტოქის მიძალება ზედ ხაზზე შეაჩერეს, რაქიდან ბურთი გურამ შენგელიამ აიტაცა და ლელოში გადადება მოახერხა. 73-ე წუთზე გორელებმა ლამაზი ლელო დადეს, ხელდახელ შეტევისას ძალიან კარგი იყო მიყოლა, გიორგი წიკლაურმა ნიკა ბიწაძეს გადაცემა არ დაუგვიანა და დიტო კიკნაძემაც ორივე გარდასახვა გამოიყენა.

3 წუთში კიკნაძეს ჩამორჩენის 5 ქულამდე დაყვანის შანსი გაუჩნდა, რაც დარჩენილ წუთებს სიმძაფრეს შესძენდა, მაგრამ კარის წინ 37 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. სულ მალე ლაშა ნადირაძემ გაჭრა ხაზი და ბურთი ბიწაძეს გააყოლა, რომელსაც მარჯვნივ ორი თანაგუნდელი მიყვებოდა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ‘ჯიქის’ გარემარბმა შეტევის დასრულება თავის თავზე აიღო, გულიტაშვილს მკლავებში ჩაუვარდა და ‘ჯიქმა’ ნუგეშის პრემიაც ვერ აიღო - 22:14 ‘ლოკომოტივის’ სასარგებლოდ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:03 | 09.10.2017
qomagi (248)

მკლავებში ჩაუვარდა და ბეჭზე ეამბორა

0.076874