საერთაშორისო

19:20 | 8.10.2017 | ნანახია 2581 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” 4 ერი უდანაკარგოდ დაასრულა (+VIDEO)
ავსტრალიამ მეორე ადგილი დაიკავა

დასრულდა 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშება. ტურნირმა ახალი ზელანდიის სრული დომინირებით ჩაიარა და სტივ ჰანსენის გუნდმა ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა. ისიც ცნობილი გახლდათ, რომ ბოლო ადგილზე არგენტინა იყო გასული და მხოლოდ 2-3 ადგილების მფლობელი უნდა გამოვლინებულიყვნენ. უკანასკნელი ტურის წინ მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკა იმყოფებოდა და ავსტრალიას სამი ქულით უსწრებდა, თუმცა “ქურციკებს” სათამაშო ახალზელანდიასთან ჰქონდათ, ხოლო “ვოლაბებს” არგენტინასთან და მაიკლ ჩეიკას შეგირდებს გაცილებით იოლი თამაში ელოდათ.

დღის პირველი შეხვედრა კეიპტაუნში, “ნიულენდს სთედიუმზე” გაიმართა და შეკრებილმა 47000 გულშემატკივარმა შესანიშნავი შეხვედრა იხილა. როგორც გახსოვთ, ამ გუნდების წინა მატჩში აფრიკელებმა სარეკორდო მარცხი (0:57) იწვნიეს. შესაბამისად, ისინი მინდორზე უაღრესად მოტივირებულნი გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და უძლიერესი მეტოქის დასამარცხებლად სულ ცოტა დააკლდათ.

სტუმრებს ლელოს გატანა მე-5 წუთზე შეეძლოთ: ნეჰე მილნერ-სკადერმა ბრწყინვალე გარღვევას ასეთივე გადაცემა მიაყოლა, მაგრამ ჯერ აარონ სმიტმა, ხოლო შემდეგ სონი ბილ უილიამსმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და აფრიკელები გადარჩნენ. ცოტა ხანში გუნდებმა თითო ზუსტი ჯარიმა დაარტყეს, მე-10 წუთზე ანგარიში ელტონ იანტისმა გახსნა, ხოლო ორიოდე წუთში ბიოდენ ბარეტმა გაათანაბრა. მე-16 წუთზე “ქურციკები” კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გაშვებულ ლელოს: რიეკო იოანი ვერავინ შეაჩერა და მეტოქის ლელოშიც შევიდა, თუმცა ბურთი ვერ დაამიწა და წინ გადაუვარდა. შეხვედრის პირველი ლელო 32-ე წუთზე რაიან კროტიმ გაიტანა. მან თითქოს კარგად ვერ დაამიწა ბურთი, მაგრამ ჟერომ გარსემ ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ლელო ჩათვალა, ხოლო გარდასახვა დამიან მაკკენზიმ ააცილა, რომელმაც ტრავმირებული ბიოდენ ბარეტის ნაცვლად დაარტყა. “ოლ ბლექსის” მგეზავმა 33-ე წუთზე მიიღო ტრავმა და ლიმა სოპოაგამ შეცვალა, ხოლო გაწითლებულ დროში სტუმრებს უკვე ნეჰე მილნერ-სკადერი დაემტვრათ და ის დევიდ ჰავილიმ ჩაანაცვლა. როგორც ირკვევა, სკადერს სერიოზული ტრავმა აქვს. არადა, 26 წლის გარემარბი ახლახანს დაუბრუნდა მინდორს, შესანიშნავ ფორმაშიც შევიდა, მაგრამ არ გაუმართლა და კვლავ უქმობა მოუწევს.

მეორე ტაიმი კი გაცილებით სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა. აფრიკამ, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლო წუთები შეტევაში გაატარა და ვერაფერს მიაღწია, მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო და 44-ე წუთზე როს კრონიემ საკუთარი გუნდის შეტევის მე-19 ფაზა ლელოთი დაასრულა, რომელიც იანტისმა გარდასახა. მასპინძლები აქტიურობას განაგრძობდნენ, თუმცა შეტევაში დაშვებული შეცდომის შემდეგ აქეთ გაუშვეს ლელო – აფრიკელები მეტოქის 22-ში იყვნენ, თუმცა კრონიეს და სკოსანის შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ბურთი იოანის მიუვიდა, რომელმაც მთელი მოედანი გაირბინა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა. გარდასახვა კი ლიმა სოპოაგამ შეასრულა ზუსტად.

სამხრეთ აფრიკა მალე ისევ წინ გავიდა: 64-ე წუთზე მალკოლმ მარქსმა ხაზი გაჭრა და ბურთი ჟან-ლუკ დუ პრეზს გაატანა, რომელსაც ბურთის დამიწების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. გარდასახვა პოლარდმა შეასრულა უნაკლოდ და ანგარიში 17:15 გახდა.

“შავებმა” 69-ე წუთზე კიდევ ერთხელ მოახერხეს წინ გასვლა და მდევრის როლში აღარც აღმოჩენილან: გასული სეზონის სუპერ რაგბის საუკეთესო მოთამაშემ დამიან მაკკენზიმ მოედნის ცენტრთან მოახერხა ხაზის გაჭრა და ჩინებული გარღვევა ასეთივე ლელოთი დააბოლოვა, რომელიც კვლავ სოპოაგამ გარდასახა. გადამწყვეტი მომენტი 75-ე წუთზე მოხდა: სტუმრებმა არეკნი მოამზადეს და მიუხედავად იმისა, რომ ლიმა სოპოაგას დარტყმა გაუცუდდა, სტივ ჰანსენის გუნდმა ამით მაინც ძალიან იხეირა, რადგან დამიან დე ალენდემ სოპოაგას დარტყმის შემდეგ სახეში ჩაარტყა, ამიტომაც ჯარიმით და წითელი ბარათით დაისაჯა. ჯარიმა სოპოაგამ ზუსტად შეასრულა და ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებებულან და უმალ ლელოთი უპასუხეს: მათ ჯარიმა მოიპოვა, რომელიც კიდეში გადაიტანეს, შემდეგ ხუთმეტრიანიდან მოწოდებული დერეფანი მოიგეს, მოლი ააგორეს და მალკოლმ მარქსმა სათანადოდ დაასრულა. 23 წლის კვაჭმა არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა და აფრიკელთა ასეთი კარგი თამაში დიდწილად მისი დამსახურებაა. მშვენიერი ბოჭვები, რამდენიმე ამოღლეტილი ბურთი, გარღვევები, რომელთაგან ერთ-ერთი დუ პრეზის ლელოთი დასრულდა, ბრწყინვალე მიძალებები და ბოლოს გატანილი ლელო. მოკლედ, “ლაიონსის” ჰუკერი უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ და ნამდვილად შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეა. მარქსის გარდა, აუცილებლად უნდა შევაქოთ მასპინძელთა მეორე ხაზი, რომელთაც განსაკუთრებით სკოტ ბარეტი დაჩაგრეს.

გარდასახვა იანტისმა ზუსტად შეასრულა, ხოლო შემდეგ აფრიკამ კიდევ ერთი შეტევაც სცადა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ვეღარ გადავიდა, ერთი ქულით დამარცხდა და ამდენივე ქულით მოუწია დაკმაყოფილება – 24:25.

კარგი სანახავი გამოდგა მეორე შეხვედრაც. გუნდებმა გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს და რომ არა მარტივი შეცდომები, მატჩი კიდევ უფრო შედეგიანი იქნებოდა. არგენტინამ, მისთვის დამახასიათებლად ითამაშა: ანუ პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერი დაუთმო, ხოლო ერთი საათის შემდეგ ძალები გამოელია და საბოლოოდ მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდა. ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა, თუმცა ეს უფრო სტუმართა მგეზავის ბერნარდ ფოლის დამსახურებაა, რომელსაც საწყის 40 წუთში დარტყმები საერთოდ არ წაუვიდა და ერთი ჯარიმა და ორი გარდასახვა გააცუდა.

28 წლის 10 ნომერმა შეცდომები 52-ე წუთზე გამოასწორა, ის რამდენიმე მოთამაშეს გაუსხლტა, მეტოქის ლელოში შევარდა და ბურთი დაამიწა, ხოლო ამჯერად გარდასახვაც კარგად შეასრულა და პირველი ნახევრისგან განსხვავებით, მეორეში სიზუსტემ საერთოდ აღარ უმტყუნა. არგენტინელებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს, 57-ე წუთზე იგლესიასმა ხაზი გაჭრა და ლელო დადო, გარდასახვა კი ნიკოლას სანჩესმა გაიტანა. “პუმებისთვის” ეს უკანასკნელი ქულები აღმოჩნდა, ხოლო “ვოლაბებმა უკანასკნელ 20 წუთში კიდევ ორი გარდასახული ლელო, ერთი ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ 20:37 იმარჯვეს. შესაბამისად, მაიკლ ჩეიკას გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. ძალიან ემოციური მომენტი ვიხილეთ შეხვედრის ბოლოსკენ და ამის გატარება არ ივარგებს: სახიფათო ბოჭვის გამო 20 წლის მეორეხაზელი მარკოს კრემერი 70-ე წუთზე გაასინბინეს და სტუმრებმა სწორედ ამ დროს გაუშვეს 10 ქულა. არგენტინელები მორაგბეები ისედაც გამოირჩევიან ემოციით და ამას ჰიმნის შესრულებისას ძალიან კარგად ვხედავთ. ამ მომენტში კი ახალგაზრდა მორაგბემ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა, მის გვერდით კი უმალ აგუსტინ კრევი გაჩნდა და კრემერს ზუსტად ისე აწყნარებდა, როგორც ეს ნამდვილ კაპიტანს შეეფერება!

არგენტინამ კი მიმდინარე გათამაშებაში ქულა საერთოდ ვერ მოიპოვა და მთლიანობაში, საკმაოდ მძიმე და უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა, “პუმებს” ურთულესი მეტოქეები ჰყავს, თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული ისინი 4 ერში ერთ მატჩს მაინც იგებდნენ, წელს კი ამის შანსიც არ ჰქონიათ და ნუგეშის ერთი ქულაც კი ვერ მოიპოვეს. განსაკუთრებით თვალში საცემია არგენტინელთა შერკინების ძალიან ცუდი თამაში. სამხრეთ ამერიკელები ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდნენ, მაგრამ აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ამ კომპონენტში ძალიან დაიჩაგრნენ. ცალკე თემაა, ლეგიონერების საკითხი. არგენტინელებს აშკარად არ აქვთ იმხელა სიღრმე, როგორიც ინგლისს და ახალზელანდიას გააჩნიათ, რომ ლეგიონერებზე უარი თქვან. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ამას არგენტინაშიც ხვდებიან და უკანასკნელ პერიოდში ამაზე საუბარი მიდის. არც ისაა გამორიცხული, რომ დანიელ ურკადეს დათხოვნაზეც დაფიქრდნენ, რადგან “პუმებს” მხოლოდ 4 ერი არ ჩაუგდიათ. არ დავივიწყოთ, ზაფხულის ტესტები, როდესაც მათ ინგლისთან ორი საშინაო შეხვედრა წააგეს. არგენტინას ინგლისთან წაგების გამო არავინ გააკრიტიკებდა, მაგრამ ამ დროს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე მიმდინარეობდა ახალზელანდიაში და იქ ინგლისის 17 მოთამაშე იყო გამოძახებული. ანუ, ედი ჯონსის გუნდმა “პუმებს” მეორე შემადგენლობითაც აჯობა. უკანასკნელ 12 მატჩში არგენტინას მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ისიც საქართველოსთან (45:29), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დანიელ ურკადეს გუნდმა რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზა. არგენტინას ნოემბერში სამი საგარეო ტესტი ელის: ინგლისთან, იტალიასთან და ირლანდიასთან. ეს მატჩები წესით ბევრ რამეს გადაწყვეტს.

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია 24:25 (3:8)

სამხრეთ აფრიკა: 3 ლელო - კრონიე (44), დუ პრეზი (64), მარქსი (78); 1 ჯარიმა - იანტისი (10), 3 გარდასახვა - იანტისი (45; 79), პოლარდი (66); 1 წითელი ბარათი - დე ალენდე (77)

ახალი ზელანდია: 3 ლელო - კროტი (32), იოანი (60), მაკკენზი (69); 2 ჯარიმა - ბ.ბარეტი (12), სოპოაგა (78); 2 გარდასახვა – სოპოაგა (61; 71)

არგენტინა – ავსტრალია 20:37 (13:13)

არგენტინა: 2 ლელო – ალემანო (25), იგლესიასი (57); 2 ჯარიმა – სანჩესი (30; 38); 2 გარდასახვა – სანჩესი (25; 58), 1 სინბისი – კრემერი (70)

ავსტრალია: 5 ლელო – კოროიბეტე (20), ჰოჯი (34; 77), ფოლი (52), გენია (61); 2 ჯარიმა – ფოლი (15; 71), 3 გარდასახვა – ფოლი (53; 63; 79)

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის შედეგები:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა 39:22
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა 23:23

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 57:0
ავსტრალია – არგენტინა 45:20

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია 27:27
არგენტინა – ახალი ზელანდია 10:36

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია 24:25
არგენტინა - ავსტრალია 20:37

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია 6 6 0 0 246:119 28
2. ავსტრალია 6 2 2 2 195:179 15
3. სამხრეთ აფრიკა 6 2 2 2 152:170 14
4. არგენტინა 6 0 0 6 110:235 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081406