მსოფლიო რაგბის და რაგბი ევროპის სასკოლო რაგბის პროექტ ‘ჩაერთე რაგბში’-ს (Get into Rugby) გამარჯვებულმა, 192-ე სკოლის გუნდის 12-მა მოსწალვლემ გერმანიაში, ბონში 4 დაუვიწყარი დღე გაატარა და შინ შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდა. აღნიშნულ პროექტს რაგბის კავშირის მხარდაჭერით საქართველოში ‘რაგბის ასოციაცია’ ახორციელებს.
საქართველოში ამ პროექტის განხორციელება შარშან დაიწყო და მისი მიზანი რაგბის პოპულარიზაცია, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მათი პიროვნული თვისებების განვითარებაა. ‘ჩაერთე რაგბში’ სამ ფაზას მოიცავს: სცადე, ითამაშე და დარჩი რაგბში. საქართველო „სცადე“ ეტაპზეა, რომელიც ბავშვებისთვის რაგბის ფასეულობებისა და ძირითადი სათამაშო პრინციპების გაცნობას მოიცავს.
განათლების სამინისტროს თანადგომით დაწყებულ პროექტში 118 სკოლა ჩაერთო, ‘ნატახტარის ლომონათის სასკოლო თაგ-რაგბის ფესტივალში’ კი, 53 სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დასკვნითი ეტაპი 14 მაისს, დიდი 10-ის ფინალის დღეს, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა უშუალოდ ფინალური მატჩის შესვენებისას გაიმართა და გამარჯვებული 192-ე სკოლის გუნდი გახდა.
სექტემბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდი - 12 მოწაფე (10 ვაჟი და 2 გოგონა), ასევე მათი სპორტის მასწავლებელი მანჩო ბიჩინაშვილი გერმანიაში, ბონში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან რაგბი ითამაშეს და უამრავ სიახლეს ეზიარნენ.
ეს არ იყო მხოლოდ სპორტული გასვლა, ეს იყო სპორტულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ვიზიტი, რომელიც გამარჯვებულმა გუნდმა ჯილდოს სახით მიიღო.
„ბონის გარეუბანში, უცხო გარემოში ვცხოვრობდით. დახურულ სივრცეში განთავსებული იყო ავტომობილის მისაბმელები, მატარებლის ვაგონები, რომლებიც სხვადასხვა ხასიათში იყო მოწყობილი. როგორც გაირკვა, ეს იყო გერმანელი ოჯახების საყვარელი ადგილი. ისინი შაბათ-კვირას ამ სივრცეში ატარებენ და ყველანი ერთად უდიდეს სიამოვნებას იღებენ.
„რაგბის ასოციაციას - გიორგი კაჭარავასა და ზუკა შენგელიას ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ ორგანიზებული და ძალიან კარგი 4 დღე გავატარეთ. ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ვიზიტი, ბონში და მის მახლობლად რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი მოვინახულეთ. ვიყავით მუზეუმში, სადაც ვიხილეთ სხვადასხვა პერიოდის გერმანული ავტომობილები. მეოთხე დღეს გიორგიმ ბავშვები ატრაქციონებზე წაიყვანა და იქიდან ისინი ემოციებით დატვირთული დაბრუნდნენ.
„ნანახმა დამარწმუნა, რომ გერმანელებმა რაგბის განვითარებაზე სერიოზულად დაიწყეს ზრუნვა და ბონის კლუბში არგენტინელი მწვრთნელები მიიწვიეს. იქ ბავშვებს ვარჯიშს 3-4 წლიდან აწყებინებენ, აქვთ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა და საინტერესო სავარჯიშოები. გათვლა კეთდება 10-12 წელიწადზე და ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის გერმანული რაგბი დიდ სიმაღლეებს მიაღწევს“ - გვიყვება დელეგაციის ხელმძღვანელი დავით გოცაძე.
სამი თაობა ერთად
ბავშვებთან, მწვრთნელებთან და კოორდინატორებთან ერთად, ბონში იმყოფებოდა ვეტერანი მორაგბე რამაზ სანებლიძე, რომელიც მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ეს იყო სასკოლო რაგბის პირველი ვიზიტი ქართული რაგბის ისტორიაში და ის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ბავშვებმა ძალიან კარგი მომზადება აჩვენეს. მათ გერმანელი მეგობრები შეიძინეს და ეს იყო უმნიშვნელოვანესი. მიიღეს უდიდესი გამოცდილება და სასურველია, რომ ასეთი შეხვედრები უფრო გახშირდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს, იმედია ეს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
სასკოლო რაგბი საქართველოში ახალი მიმდინარეობაა და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით დროული ნაბიჯები გადაიდგა. ეს გაზრდის ინტერესს რაგბის მიმართ, გაიზრდება შიდა რესურსი და უფრო მეტი ბავშვი მოინდომებს რაგბის თამაშს“.
სასკოლო რაგბის მნიშვნელობაზე და მისი გაგრძელების საჭიროებაზე ისაუბრა 192-ე სკოლის ფიზ.მომზადების მასწავლებელმა მანჩო ბიჩინაშვილმა, რომელიც ბავშვებთან ერთად ბონში იმყოფებოდა და როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სრულად იყო ჩართული პროექტის წარმატებით განხორციელებაში:
„სასკოლო რაგბი ძალიან სასარგებლო და კარგი პროექტია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი სპორტზე ატაროს, რადგან ეს მათთვის ძვირი სიამოვნებაა და ამის გამო უამრავი ნიჭიერი ბავშვი იჩაგრება. მე, როგორც მასწავლებელი, მსგავს შემთხვევებს ხშირად ვაწყდები და ამ პროექტით ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.
სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, რათა ჯანსაღი თაობა გაიზარდოს, ამ პროექტის გაგრძელება და განვითარება უმნიშვნელოვანესია. ეს გაზრდის რაგბში ჩართული მოზარდების რაოდენობას. ამ 12 ბავშვიდან ორი, მანამდეც დადიოდა რაგბზე და კიდევ 4-მა რაგბზე მისვლის სურვილი გამოთქვა. გერმანიაში ვნახეთ, 2-იდან 80 წლამდე, ყველა ვარჯიშობს და ეს ერის სიჯანსაღის წინაპირობაა.
რაც შეეხება ბონში ვიზიტს, ბავშვებმა უდიდესი სიხარული განიცადეს და საკუთარი თავის რწმენა შეიძინეს. ამ ბავშვებს ყველა ცნობს, არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, არამედ მთელს დიდ დიღომში. მათ აჩერებენ, ეკითხებიან, ულოცავენ, მოზარდები უკვე ემზადებიან ახალი სეზონის დასაწყებად.
ამ ბავშვებმა ნახეს გერმანელი თანატოლები, გაეცნენ მათი ცხოვრების სტილს, იხილეს განვითარებული ქვეყანა. ძალიან ბევრი იმუშავეს იმ მორაგბეებმა, რომლებიც ჩვენთან იყვნენ წამოსული. გიორგი კაჭარავა მათ ბევრს ესაუბრებოდა რაგბის ფასეულობებზე და სპორტული ცხოვრების მნიშვნელობაზე. მათ ისწავლეს გუნდურობა, ერთმანეთის მხარში დგომა, წარმატებისკენ სვლა და ძალიან ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მოგვცა, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან“.
სპორტული მხარე
ვიზიტი შემეცნებითი ხასიათის იყო, თუმცა რა თქმა უნდა სპორტს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ადგილობრივი გუნდის მწვრთნელების თხოვნით, არ შედგა თამაში გერმანულ და ქართულ გუნდებს შორის. სამაგიეროდ გაკეთდა 4 შერეული გუნდი და გაიმართა შეჯიბრი ესტაფეტაში, რომელიც დატვირთული იყო რაგბის ელემენტებით.
„ეს ვიზიტი იყო ჯილდო სასკოლო რაგბის გამარჯვებული გუნდისთვის. ისინი უკეთ ეზიარნენ რაგბის ფასეულობებს და გაატარეს ძალიან კარგი 4 დღე. გაკეთდა შერეული გუნდები და ჩატარდა გასახურებელი თამაშები. გერმანელი და ქართველი ბავშვები წყვილში ერთად იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, კომუნიკაცია მაინც შედგა. ამ ვარჯიშის შემდეგ იყო თაგ რაგბი, მოგვიანებით კი, ადგილობრივი მწვრთნელების თხოვნით, კონტაქტური რაგბი“ - გვიყვება რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი და ამ პროექტიის ხელმძღვანელი გიორგი კაჭარავა.
კონტაქტური რაგბისთვის კაჭარავამ 7 ბავშვი აარჩია, მათგან ერთ-ერთი გოგონა, მათ იქვე აუხსნა ბოჭვის ელემენტები და ბავშვებმა დიდი სიამოვნება მიიღეს.
„გერმანელები სპორტულ ცხოვრებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. ვარჯიშის პროცესში აქტიურად არიან ჩართული მშობლები და ბავშვები მათთან ერთად ვარჯიშობენ. ჩვენც ამ ზეიმის ერთი ნაწილი ვიყავით და ბავშვები ისე დამეგობრდნენ, რომ ბოლო დღეს, როდესაც ჩვენი ბავშვები ატრაქციონებზე გასართობად წავიყვანეთ, რამდენიმე გერმანული ოჯახიც ჩვენთან ერთად წამოვიდა“ - კმაყოფილია პროექტის კოორდინატორი ზუკა შენგელია.
მეგობრობა მხოლოდ რაგბის მოედნით არ შემოფარგლულა. მესამე ტაიმის დროს, ადგილობრივი მწვრთნელის მითითებით, გერმანელმა ბავშვებმა თავად არჩიეს ქართველი თანატოლები, რომლებთან ერთადაც მაგიდას მიუსხდნენ და ერთად ისადილეს. მესამე ტაიმის დასრულების შემდეგ, ქართველმა ბავშვებმა მასპინძლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ამ ვიზიტის დროს ჩვენ და ბავშვები ერთად გავიზარდეთ, დავმეგობრდით, ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. ბავშვები გაეცნენ სპორტული რეჟიმით ცხოვრებას და მთელ დღეებს მოძრაობაში ატარებდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს, ბადმინტონს. ახლა ამ ბავშვებმა უნდა დაწერონ თემა გერმანული ვიზიტის შესახებ და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გაცნობა. მათ უფრო მეტად შეიგრძნეს რაგბის ფასეულობები და სასკოლო ფესტივალში მიღწეული წარმატებისთვის, დამსახურებული ჯილდო მიიღეს“ - გვიყვება კაჭარავა.
„სკოლის ფიზმომზადებიის მასწავლებელი სრულად იყო ჩართული პროექტის მსვლელობაში. მას კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული ამ ვიზიტის, ზოგადად ამ პროექტის მნიშვნელობა და რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი გვეყოლება, მით უკეთესი ამ პროექტისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველფრის საწინდარია. ის ცდილობდა სულ ბავშვებთან ყოფილიყო, მათთან ერთად ვარჯიშობდა და კარგ მაგალითს აძლევდა“ - კმაყოფილია მასწავლებლის აქტიურობით ზუკა შენგელია.
სამომავლო გეგმები
რამდენიმე კვირაში სასკოლო რაგბის მეორე სეზონი იწყება. პირველ ეტაპზე მოხდება სკოლის ფიზმომზადების მასწავლებლების შეკრება-გადამზადება, რის შემდეგაც ის ბავშვები და სკოლის გუნდები, რომლებმაც ფესტივალში შარშან ითამაშეს, წლის ბოლომდე 3-4 ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, იანვრიდან კი, პროექტში ახალი ნაკადი ჩაერთვება.
„ახალ სეზონს იმ ბავშვთა გუნდების ფესტივალით გავხსნით, რომლებიც ამ პროექტში მთელი გაზაფხული მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ნასწავლი არ დაივიწყონ და განვითარება განაგრძონ. უკვე იანვრიდან პროექტში ახალი ნაკადი, მე-6 კლასელები ჩაერთვებიან და წელს იმაზე მეტი ფესტივალი გაიმართება, ვიდრე შარშან გვქონდა“ - ვარაუდობს სკოლებისა და ბავშვთა რაოდენობის ზრდას კაჭარავა.
ჯერჯერობით უცნობია რა სახელით ჩატარდება სასკოლო რაგბის ახალი ფესტივალი, რადგან ორგანიზატორები ახალი სპონსორის მოლოდინში არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი სპონსორი და ახალი სახელი მიმდინარე წლის ბოლომდე გაირკვევა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია