ქართული

12:27 | 7.10.2017 | ნანახია 1977 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა: პირველი ფინალისტი გამოვლინდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში პირველი ფინალისტი გადამწყვეტი ეტაპის დასრულებამდე მთელი 2 ტურით ადრე გაირკვა. ‘ო’ ჯგუფის უპირობო ფავორიტმა ‘ხომლმა’ ‘შევარდენზე’ ‘არმაზთან’ დაპირისპირებაში 57 უპასუხო ქულა მიითვალა, სატურნირო ცხრილში 20 ქულას მოუყარა თავი და მდევართათვის მიუწვდომელიც გახდა.

‘არმაზის’ დამრიგებელ ბორის აბაშიძეს, უამინდობის გამო რამდენიმე არასრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება საჯარო სკოლის მოასფალტებულ მოედანზე მოუხდა, რასაც გუნდის ტრავმირებულ კაპიტან და ლიდერ ლევან ბრაგვაძის არყოფნაც დაერთო. მართალია, ‘ხომლმაც’ მოისაკლისა თავისი ლიდერი, ასევე დაშავებული ზურაბ ლუტიძე, თუმცა უკეთესი შემადგენლობისა და სრულფასოვანი მარქაფას მქონე დავით ცხვედიანის გუნდს ეს დიდად არ დატყობია. ‘ხომლმა’ მატჩის დასაწყისში 2 ლელო ჩინებულად აგორებული მოლის ხარჯზე გაიტანა, შემდეგ კი ხელდახელ, სწრაფი და ტექნიკური თამაშის ხარჯზე მეტოქე კიდევ 6-გზის დაამწუხრა. ვითარება ვერც პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა შეცვალა. ატეხილი ჩხუბის გამო მსაჯმა ‘ხომლის’ მოთამაშეები ლაშა გოგოშვილი და ტარიელ გვიმრაძე წითელი ბარათით დასაჯა. სოლიდური რიცხობრივი დანაკლისის მიუხედავად, ‘ხომლმა’ მეტოქე საკუთარ 22-მეტრიან ზონასაც არ გააკარა და აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული საკუთრივ 4 ლელო მიითვალა. ფრთაზე მოთამაშე საბა კურტანიძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. შეხვედრას წერტილი ინდივიდუალური, სწრაფი გარღვევის ხარჯზე დათო ნინიაშვილის ეფექტურად გატანილმა ლელომ დაუსვა 57:0. აღსანიშნავია, რომ ‘ხომლმა’ გადამწყვეტ ეტაპზე 4-ივე შეხვედრა პრემიით მოიგო და თანაც მეტოქეებს მხოლოდ ერთი ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა.

‘ნ’ ჯგუფში ‘თბილისი’ ქუთაისში ‘მწვანე აიას’ ესტუმრა. რიონისპირელები ფინალში მოხვედრის შანსს მხოლოდ პრემიით მოგების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ. საკადრო პრობლემებმა ‘თბილისის’ თამაშს ბოლო პერიოდში სერიოზული დაღი დაასვა. მიშა ბურძგლას გუნდი მამაქალაქს ტრავმირებული წამყვანი მგეზავის სერგო ჩხაიძისა და ფულბეკ ალექსანდრე სანებლიძის გარეშე ეწვია. მატჩის დასაწისშივე დედაქალაქელებს ჩხაიძის შემცვლელი გიზი ნოზაძეც დაუშავდათ, რამაც გუნდი უმძიმესს მდგომარეობაში ჩააგდო. თანაც რიონისპირელები მეტოქეს უკეთესი შემადგენლობით, სრულფასოვანი სრულფასოვანი მარქაფათი და კლუბის ინფრასტრუქტურითაც აღემატებიან. ‘თბილისის’ თავკაცობა საკუთარი არენის მოლოდინშია. მიშა ბურძგლას აზრით საკუთარი სტადიონი კლუბს მორაგბეთა რაოდენობასაც და ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაუზრდის. თავად შეხვედრა ‘მწვანე აიას’ სრული უპირატესობით წარიმართა. დათო გორდულაძის ფიზიკურად უკეთ მომზადებული შეგირდები მეტოქეს სისწრაფესა და თამაშის ორგანიზებაში ჯობდნენ და მატჩიც დაგეგმილი პრემიით 50:5 მოიგეს. მასპინძლებმა 8 ლელო გაიტანეს. მესამეხაზელმა ლევან კუჭავამ ‘დუბლი’ შეასრულა. სწორად წარმართა თამაში და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რიონისპირელთა მგეზავი ბაკურ კუხალაშვილი გახლდათ. ასევე აღსანიშნვია ‘აიას’ ჰავბეკ გიორგი გელაზონიას და შემდგომში მის შემცვლელ გურამ მანაგაძის კარგი თამაში. ‘თბილისის’ რიგებში კარგი თამაშით ფრთის მოთამაშეები დუდა გოზალიშვილი და ბექა ზამთარაძე გამოირჩნენ.

‘ნ’ ჯგუფის ლიდერმა ‘ლელომ’ ასევე იოლ წარმატებას მიაღწია. ‘ლელოს’ დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა ძირითადი შემადგენლობის ბირთვი დაასვენა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონმა ბორჯომის ‘თორთს’, მესამე მასივში, საკუთარ არენაზე 16 ლელო გაუტანა და მეტოქე 108:10 გაანადგურა. ჩემპიონის რიგებში ბურჯი რატი ქურასბედიანი, ფულბეკი კობა ირემაშვილი /შესაშური სიზუსტით ურტყა კარში, 14 გარდასახვა გამოიყენა/ და მარქაფადან შესული მეორე ხაზელი დავით ჩადუნელი გამოირჩნენ. ბორჯომელებს აშკარად დაეტყოთ გუნდის ტრავმირებული კაპიტნისა და ლიდერის ლევან ხუციშვილის არყოფნა. ამის გამო, სამცხე-ჯავახელთა მთავარ მწვრთნელ საბა ახობაძეს გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი გადაადგილების განხორციელება მოუხდა, რასაც პირველხაზელ ამირან არბოლიშვილის მატჩის დებიუტშივე მიღებული ტრავმაც დაერთო. ‘თორთის’ რიგებში დებიუტი 15 წლის ყმაწვილებს, ნიკა მჭედელაძეს და დავით მელიქიძეს ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ‘თორთმა’ გადამწყვეტ ეტაპზე 4-ივე შეხვედრა წააგო და უქულოდ იმყოფება, იმედიანადაა საბა ახობაძე. ახალგაზრდა, ენერგიული სპეციალისტის თქმით, სათანადო ყურადღების შემთხვევაში, რეგიონს ნიჭიერ მორაგბეთა რესურსი უხვად მოეძიება.

მეოთხე ტური, ქუთაისში, ‘ო’ ჯგუფის ბინადარი გუნდების ‘შავი აიასა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ დაპირისპირებით დასრულდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით რიონისპირელები უკეთ გამოიყურებოდნენ. მატჩის რიგ ეპიზოდებში კოლხებს ძალუმად უტიეს, თუმცა კოლექტიური თამაშით გამორჩეულმა სტუმრებმა ‘აიას’ დაცვის თითქმის ყველა უხეში შეცდომით ისარგებლეს, ალეკო ნიქაბაძის გუნდს 5 ლელო გაუტანეს, 29:5 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი პრემიაც აიღეს. კოლხები მეორეადგილოსან ‘არმაზს’ 1 ქულითღა ჩამორჩებიან და მომდევნო ტურში, საკუთარ არენაზე უშუალო კონკურენტის ძლევის შემთხვევაში, ზურაბ აფხაზავას შეგირდები ბრინჯაოს მედლისთვის თამაშის უფლების მოპოვების შანსსაც შეინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გადატანილი რთული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, კოლხთა დამრიგებელმა ზურაბ აფხაზავამ შეგირდთა გასამხნევებლად და დასამოძღვრად, სტადიონს პირდაპირ ქუთაისის კლინიკის სტაციონარიდან მიაშურა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087074