ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე გასამართი პირველი მატჩის წინ თბილისის ‘აკადემიას’ უმასპინძლა და 22:6 დაამარცხა.
ზღვისპირელებმა სტუმრებს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუს-ქულაც ჩაიწერეს.
დიდი 10-ის მე-6 ტურის პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა და პირველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ბახვა კობახიძის ერთ ჯარიმას სოსო მათიაშვილმა ორით უპასუხა და ‘აკადემია’ 6:3 დაწინაურდა.
მასპინძლები მეორე ტაიმში ინიციატივას დაეუფლნენ და ბექა მამრიკიშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც კობახიძის ზუსტი გარდასახვა მოყვა. 66-ე წუთზე ‘ბათუმის’ შერკინებამ იმძლავრა და ლელო ხვიჩა ბუჯიაშვილმა მიითვალა, ხოლო უკანასკნელ წუთზე დურმიშხან ჯაბნიძემ თავისი გუნდის მესამე ლელო მიითვალა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:6.
‘აკადემიასთვის’ ეს ზედიზედ მეექვსე მარცხია და გუნდი პირველად დარჩა ქულის გარეშე. ‘ბათუმმა’ ხუთი (ერთი გადაიდო) თამაშიდან 3 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. ზღვისპირელთა გუნდს შემდეგი თამაში ევროტურნირებზე იტალიაში, 14 ოქტომბერს ‘როვიგოსთან’ ელის.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია