სიახლეები

20:10 | 3.10.2017 | ნანახია 1758 - ჯერ

"ზირაქას თასი“ "ლელომ" მოიგო

გუშინ „რუსთავი არენაზე“ „დავით ზირაქაშვილის თასის“ პირველი გათამაშება გაიმართა და მისი გამარჯვებული თბილისის „ლელო“ გახდა.

ტურნირი 12 წლამდე ასაკის მორაგბეებს შორის ჩატარდა და მასში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ხომლი, წიქარა, კახელები, ჩოხოსნები, ხარები, ვეფხვები, ხულიგანა, თბილისი, აკადემია, ხვამლი, ყოჩები, არმია, ლელო, არმაზი, ჯიქი და იუნკერები.

ისინი ოთხ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და მოწინავეები თასის ნახევარფინალში გავიდნენ, მეორეებმა მე-5 ადგილისთვის იბრძოლეს, მესამეადგილოსნებმა მე-9, ხოლო მეოთხეებმა მე-13 ადგილებისთვის ითამაშეს.

„რუსთავი არენას“ ორივე (ბუნებრივი და ხელოვნური საფარით) მოედანი 2-2 ნაწილად გაიყო და ოთხ-ოთხი თამაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულმა გუნდებმა მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლეს და პირველი ადგილი ‘ლელომ’ დაიკავა, რომელმაც ფინალში ‘ხვამლი’ დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ‘აკადემიამ’ ‘ვეფხვებს’ აჯობა.

აქამდე ამ ასაკობრივ კატეგორიაში ფესტივალები იმართებოდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გართობამ შეჯიბრის სახე მიიღო. სამწუხაროდ, რუსთავში ვერ ჩავიდა დავით ზირაქაშვილი, რომლის გუნდსაც ამ დღეს ტოპ 14-ის მატჩი ჰქონდა. სამაგიეროდ ტურნირს დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს მისმა ოჯახის წევრებმა: ძმამ, მეუღლემ და შვილებმა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს ჯილდო ბორჯღალოსანმა ვაჟა ხუციშვილმა გადასცა. შეჯიბრს ესწრებოდნენ და დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს „ზირაქას“ პირველმა მწვრთნელებმა - გია ჯავახიშვილმა და დავით კაკაბაძემ, რომელიც ასევე ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„დავით ზირაქაშვილის თასი“ ტრადიციული გახდება და ის ყოველი წლის შემოდგომაზე გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:38 | 04.10.2017
dinamo222 (692)

ეგენი ვერ არიან ?? კაცი ჯერ კიდევ თამაშობს და ზირაქას თასიო გეგონება ცოცხალი აღარაა ! DDD

0.080323