დიდი 10

12:56 | 2.10.2017 | ნანახია 1519 - ჯერ

დიდი 10 | არმია 17:22 არმაზი

თბილისის ‘არმია’ მარნეულის ‘არმაზს’ 13 წუთის შემდეგ ორი გარდასახული ლელოთი უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატა, ‘არმაზმა’ 3 ლელო, 2 გარდასახვა და 1 ჯარიმა გაიტანა და 22:17 იმარჯვა.

‘არმაზმა’ მატჩის დებიუტში შეცდომები დაუშვა და მე-2 წუთზევე ლელო გაუშვა. არმიელებმა მარჯვენა ფლანგზე ორჯერ შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, რაქიდან დავით გიგაურმა შეუტია და მისი ლელო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა. მე-12 წუთზე გოდერძი ჭინჭარაულმა გაიბრწყინა: მან გადაცემა სისწრაფეში მიიღო, 4 მბოჭავი ცრუმოძრაობებით გაიარა და მახარაშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო - 14:0.

‘არმაზმა’ 25-ე წუთზე ლამაზი ლელოთი უპასუხა: მეტოქის 22-ში დერეფნის მოგების და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფლანგზე, უკანახაზელებმა ჩაათამაშეს და იერიში ვალერი ლეგაშვილმა დაასრულა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, მაგრამ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და უქულოდ დარჩნენ. 37-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი გაჩაღდა და რეფერიმ ინიციატორებს - ‘არმაზის’ მეორეხაზელ ბექა ბარბაქაძეს და ‘არმიას’ მესამეხაზელ ნიკო აფციაურს წითელი ბარათები უჩვენა.

ტაიმის მიწურულს ჯინჭველაშვილმა კარის წინ 25-28 მეტრში დანიშნული ჯარიმებიდან უკვე კარში დარტმა ირჩია და ორი მცდელობიდან ერთი გაიტანა - 14:10.

‘არმაზი’ მეორე ტაიმის დებიუტში დაწინაურდა: ბადრი ლიპარტელიანმა სივრცე შენიშნა, ხაზი გაჭრა და ახლად შემოსულ ბექა ფრუიძეს გადაცემა არ დაუგვიანა, მან კი ბურთთან პირველი შეხება ლელოთი აღნიშნა. ჯინჭველაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. 50-ე წუთზე ‘არმაზმა’ კიდევ ერთი ლამაზი ლელო გაიტანა. რადგან გუნდები მოედანზე კაცნაკლულები იყვნენ, დაცვაში მეტი სივრცე გაჩნდა, კობა ჯიმშელეიშვილმა და ნიკა წიკლაურმა ოფლოუდებით 40 მეტრი იარეს და ამ უკანასკნელმა ბურთი დაამიწა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

მახარაშვილმა მეტოქეს 4 წუთში ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დარჩენილ ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა თამაში 22:17 მოიგეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094734