დიდი 10

12:53 | 2.10.2017 | ნანახია 1604 - ჯერ

დიდი 10 | ბაგრატი 21:0 ხარები

ქუთაისის ‘ბაგრატმა’ რუსთავის ‘ხარების’ 18-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა, რითაც თანაქალაქელი ‘აია’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერად დატოვა.

რუსთაველებმა გასულ სეზონში პირველი ლიგის 14-ივე თამაში მოიგეს და უძლიერესთა შორის დაბრუნებულებმა ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვეს. ახალი სეზონის სტარტზე ოთხივე შეხვედრა დათმო ‘ბაგრატმა’, თუმცა კონკრეტულად ამ თამაშს ქუთაისელები მობილეზებული შეხვდნენ და პირველი გამარჯვება ჩაიწერეს.

ამაში უდიდესი წვლილი ქუთაისელთა გარემარბ ზვიად ოდიშარიას მიუძღვის, რომელმაც ლელოთი, 3 ჯარიმით და ერთი გარდასახვით ‘ბაგრატს’ 16 ქულა შესძინა.

გუნდებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს, მაგრამ მალევე შეცდომები მოუმრავლდათ და ტემპი დავარდა. შესაბამისად, ანგარიში მხოლოდ 32-ე წუთზე გაიხსნა - ზვიად ოდიშარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. შესვენებამდე მანვე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა: სერგი კვერნაძემ მეტოქის 22-ში ფეხით ითამაშა, ბურთს ოდიშარია დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად ლელომდე დარჩენილი რამდენიმე მეტრი დაფარა. მისი გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი ‘ბაგრატმა’ 8:0 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ოდიშარიამ ორი ჯარიმა გაიტანა და გუნდისა და პირადი მონაგარი 14-მდე გაზარდა. ‘ხარებმა’ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოუვიდა და 68-ე წუთზე ლელო თავად გაუშვა: 5-მეტრა შერკინების შემდეგ ჯუმბერ ბალანჩივაძემ დაარტყა, ის ხაზზე შეაჩერეს, თუმცა გიგი ლეშკაშლმა რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ოდიშარიამ მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა - 21:0. დარჩენილ დროში მასპინძლებმა პრემიალური ლელოსთვის გაიბრძოლეს, მაგრამ ‘ხარებმა’ ამის ნება არ მისცა და საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082786