ქართული

10:11 | 30.09.2017 | ნანახია 1824 - ჯერ

დიდი 10: აკადემია 15:18 ლელო-სარასენს

დიდი 10-ის მე-5 ტურის პირველ მატჩში თბილისური დერბი შედგა. ‘აკადემია’ ‘ლელო-სარასენსს’ ‘ავჭალას’ ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:18 დამარცხდა.

„მხატვრებმა“ სეზონის სტარტზე ხუთივე თამაში დათმეს, თუმცა უქულოდ ერთხელაც არ დარჩენილან, რადგან ყველა ჯერზე სხვაობამ 7 ქულაზე ნაკლები შეადგინა. ‘ლელო-სარასენსმა’ ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.

შეხვედრა ‘ლელო-სარასენსის’ აქტიურობით დაიწყო, ორჯერ სუფთად გაიჭრა ხაზი, მაგრამ ბოლო პასი ორივეჯერ არაზუსტი იყო. ‘აკადემიამ’ ხელდახელ შეტევით მე-12 წუთზე უპასუხა, თუმცა ახლა მათ გაუფუჭდათ ბოლო პასი. მე-15 წუთზე პირველი ლელო გავიდა: ‘აკადემიამ’ მოლით შეუტია და გიორგი გოგლიძემ ბურთი დაამიწა. სოსო მათიაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო.

ირაკლი ყიასაშვილმა მასპინძლებს ჯარიმით 26-ე წუთზე უპასუხა, 33-ე წუთზე კი, ‘ლელო-სარასენსმა’ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, ახლა მან ააგორა მოლი და ის რევაზ დუგლაძემ დააგვირგვინა. ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, შესვენებამდე მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 8:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები უკვე ‘აკადემიის’ იყო. მართალია მათიშვილს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 48-ე წუთზე გუნდს 7 ქულა შესძინა: მეტოქის 22-ში წარმოქმნილი არეულობით მასპინძლებმა ისარგებლეს, ფეხით გადაკიდებული ბურთი მათიაშვილმა მცველის ხელიდან მოხსნა და თავისივე ლელო რთული პოზიციიდან გარდასახა. ყიასაშვილმა ჯარიმით 55-ე წუთზე უპასუხა, ხოლო 63-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ ლელო გაიტანა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

მცველებმა მოლი ჯარიმით ორჯერ შეაჩერეს, ‘ლელო-სარასენსმა’ მეორე ჯერზე უპირატესობაზე ითამაშა, სანდრო თოდუამ სისწრაფეში მიიღო ბურთი, ალექსანდრე ხეცოიძეც ოფლოუდი ამოუგდო და მისი შემჩერებელი აღარავინ იყო. ყიასაშვილმა გარდასახა - 18:15. ‘აკადემია’ სიტუაციის შეცვლას ეცადა, მაგრამ ‘ლელო-სარასენსმა’ თავი დაიცვა, მერე ბურთზე კონტროლი დაამყარა და მერაბ კვირკაშვილს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, ხოლო ლელოში შესულ მოლს მცველები ჩაუწვნენ და ბურთი მიწამდე არ მიუშვეს.

ამ თავდადებამ ‘აკადემიას’ ბონუს-ქულა შეუნარჩუნა, ხოლო ‘ლელო-სარასენსი’ ხვალამდე მე-4 ადგილზე აღზევდა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086749