შიდა რაგბი

11:19 | 28.09.2017 | ნანახია 2234 - ჯერ

2002-წლიანებიდან 42 შეირჩა

გასულ შაბათ-კვირას „ხვამლი-არენაზე“ საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის სასელექციო ვარჯიშები გაიმართა, რომელშიც 2002 წელს დაბადებული 70-ზე მეტი მორაგბე მონაწილეობდა.

მუხიანი-თემქის გადასასვლელზე, საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის (31 მაისიდან 18 ივნისამდე) ახალი არენის მშენებლობა ამა წლის გაზაფხულზე დასრულდა. „ხვამლი-არენაზე“ იდეალური სავარჯიშო პირობებია და გადაწყდა, რომ ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთ ფილიალის ვარჯიშები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზასთან ერთად ამ სტადიონზეც გაიმართება.

აკადემიის სივრცეში მოვარჯიშე ბიჭები (2001 და 2002 წლიანები ერთად), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავად გადაწყვეტენ სად ურჩევნიათ ვარჯიში, რათა დილის ვარჯიშებზე მისვლა და შემდეგ სკოლაში დროულად მისვლა არ დაუგვიანდეთ. მწვრთნელები, რომელთა რაოდენობაც შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა, ვარჯიშებს ორივე სტადიონზე, სავარჯიშო თემებიდან გამომდინარე ჩაატარებენ.

ჯამში 100-მდე მორაგბე

ახალ სეზონში აკადემიის სივრცეში 100-მდე 15-16 წლის მორაგბე ივარჯიშებს. შარშანდელი ნაკადიდან აკადემიაში ვარჯიშს 55 მორაგბე აგრძელებს, რომლებიც ორშაბათიდან ემზადებიან, ხოლო ახალი ნაკადიდან 42 შეირჩა და ისინი სავარჯიშო პროცესში 2 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

2002-წლიანების სელექციის მიზნით, შაბათსა და კვირას დაახლოებით 2-საათიანი ვარჯიშები ჩატარდა, რომელსაც აკადემიის 12 მწვრთნელი აკვირდებოდა, ხდებოდა ვიდეო-გადაღება და ჩატარდა მისი ანალიზი, რის შემდეგაც ერთობლივად მოხდა 42 ახალი მოთამაშის შერჩევა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აკადემიის სივრცეში 15 წლის ბიჭების ახალი ნაკადი შემოვიდა. ყველა კლუბს ვთხოვეთ, რომ სინჯებზე 5-5 გამორჩეული უნარების მქონე ბიჭი გამოეგზავნა. გამონაკლისი დავუშვით ‘ხვამლისა’ და ‘ლელოსთვის’, რადგან მათ სხვებზე მეტი რაოდენობისა და ხარისხის მოთამაშეები ყავთ. შერჩევისას გამოჩნდა რომ ტრადიციული კლუბებიდან უფრო მაღალი ხარისხის მოთამაშეები მოდიან, ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად სხვებზე უკეთ არიან მომზადებული.

შაბათ-კვირას გვქონდა სასელექციო ვარჯიშები, რომლებიც დაფუძნებული იყო იმ პრინციპებზე, რაზეც აკადემიის სივრცეში მთელი წლის განმავლობაში ვვარჯიშობთ. მინდა ავღნიშნო, აქ არ ხდება რაგბის ანი-ბანის შესწავლა. ჩვენთან მოდიან ის ბიჭები, რომლებსაც უკვე დახვეწილი აქვთ ესა თუ ის ილეთი და ხდება ამ ილეთების გაუმჯობესება, ასევე სხვა უნარების ათვისება. მათთან მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების მაღალი დონის სპეციალისტები, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კლუბებს არ გააჩნიათ.

გვქონდა პასის (მოკლე და შორ დისტაციაზე) და ბოჭვის ტექნიკის ვარჯიშები, ვნახეთ ბიჭები სათამაშო სიტუაციებში, შევამოწმეთ მათი კოლექტიური დაცვის და გადაწყვეტილებების მიღების უნარები. ამის შემდეგ სელექციის პროცესში ჩართულმა 12-ივე მწვრთნელმა, გავიარეთ ამ ვარჯიშების ვიდეო-ანალიზი, ყველამ სათითაოდ, თითოეულ მოთამაშის თითოეულ უნარს დავუწერეთ ნიშნები და ასე მოხდა იმ 42 მოთამაშის შერჩევა, რომლებიც 2 ოქტომბრიდან აკადემიის სივრცეში ივარჯიშებენ“ - გვიამბობს სელექციის პროცესის შესახებ აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა.

სასელექციო ჯგუფი და შანსი ყველასათვის

იმ ბიჭებისთვის, რომლებაც სელექციის პროცესი ვერ გაიარეს, ან სასელექციო ვარჯიშებზე ვერ მოხვდნენ, არაფერი სრულდება. აკადემიის სივრცე დახურული არაა და აქ ყოველთვის შესაძლებელია ახალი სახეების გამოჩენა. ეს სრულად მოთამაშეების განვითარების დინამიკაზეა დამოკიდებული.

ამისათვის შეიქმნა 6-7 კაციანი სასელექციო ჯგუფი, რომლებიც რეგულარულად ივლიან ჭაბუკთა ლიგის თამაშებზე და როგორც კი ნიჭიერი, მზარდი ახალგაზრდები გამოჩნდებიან, ისინი აკადემიის სივრცეში მოხდებიან. გარდა ამისა, სასელექციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში დააკვირდება იმ მოთამაშეებს (2003 წელს დაბადებულებს), რომელთაც აკადემიაში მოხვედრა გაისად მოუწევთ.

გარდა ამისა, მათ ვინც უკვე აკადემიის სივრცეში ვარჯიშობენ, გარანტირებული არა აქვთ, რომ იქ მთელი წლით (ან 2 წლით) დარჩებიან და ეს სრულად მათ განვითარებაზე და პროგრესზე იქნება დამოკიდებული.

„თუ აკადემიის სივრცეში შემოსულმა ბიჭმა წინსვლა ვერ გააგრძელა, შესაძლოა ეს სივრცე დატოვოს. ჩვენ არ გვაქვს დახურული სისტემა და შესაძლოა, ჩვენს სივრცეში მოგვიანებით ახალი ბიჭებიც გამოჩნდნენ. სასელექციო ჯგუფის წევრები ივლიან თამაშებზე და გააკონტროლებენ როგორც ჩვენი სივრცის, ასევე მის გარეთ დარჩენილი ბიჭების პროგრესს. ყურადღება ექცევა როგორც ტექნიკურ-ტაქტიკურ პარამეტრებს, ასევე დისციპლინას.

შესაძლოა, რომელიმე ბიჭი საერთოდ ვერ მოხვდეს ჩვენს სივრცეში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრის შანსი აღარ ექნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა გააგრძელოს ვარჯიში, დაიხვეწოს, საკუთარ კლუბში შანსი აუცილებლად ექნება“ - ამბობს ლეჟავა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:16 | 28.09.2017
temuchin (431)

კარგია, მიხარია, სწორი სტრატეგიაა!

21:24 | 28.09.2017
ogafa (407)

ყოჩაღ წარმატებები

13:58 | 28.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.079676