საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა და პირველი ლელო გაიტანა.
მისი, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” 48:17 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა განაცხადში ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ დათუნაშვილი იყო, შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 8 წუთში საკუთარი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო 72-ეზე “ორიაკმა” საჯარიმო ლელო დაიმსახურა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ სუთიაშვილი (მეორე ხაზი) და აშვეთია (პირველი ხაზი) და ისინი 49-ე წუთზე შეცვალეს, პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა ყუფარაძემ (პირველი ხაზი) და ის ახობაძემ შეცვალა, თუმცა, 11 წუთში ახობაძე დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე კვლავ ყუფარაძე დაბრუნდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე ლელოთი გახსნეს და გარდასახვაც გამოიყენეს, მაგრამ 4 წუთში კონტრშეტევისას თავად მიიღეს ლელო და გარდასახვით წონასწორობა აღდგა. “ორიაკმა” შესვენებამდე 5 ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, 38-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, “მასიმ” კი, ერთი საპასუხო ჯარიმა ზედ შესვენების წინ გაიტანა - 29:10 “ორიაკის” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, ოღონდ სტუმრებმა გარდასახვაც გაიტანეს. “ორიაკს” პრემიალური ქულის ასაღებად ორი ლელოს გატანა ესაჭიროებოდა, მე-60 წუთზე შეცვლაზე შესულმა დათუნაშვილმა 5-მეტრა დერეფნის შემდეგ აგორებულ მოლში იაქტიურა და ბოლოს ბურთიც თავად დაამიწა, ხოლო ხოლო 72-ეზე “მასი” მეტოქის შერკენიბას ვერ დაუდგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. “ორიაკმა” სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა, მეორედ პრემიალური ქულით და ჯამში 17 ქულით მე-9 ადგილზეა (დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება მე-7-მე-8 ადგილებს), ხოლო “მასი” 11 ქულით მე-13 პოზიციაზე რჩება.
ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს 30 ქულით ლიდერობს გიორგი ნაცარაშვილის “პო”. მე-7 ტურში “პომ” სტუმრად ასტამურ იოსელიანის “ნარბონი” 36:11 დაამარცხა და მონაგარს 4 ქულა შემატა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” სტუმრად 27:23 დაამარცხა. ლომიძემ სტუმართა შემადგენლობაში შერკინების შემკვრელად პირველიდან 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მასპინძელთა რიგებში 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა პირველხაზელი შეყლაშვილი. საწყისი 25 წუთი მასპინძლებისა იყო და ამ პერიოდში გატანილი ორ-ორი ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, “ალბი” 20:0 დაწინაურდა. პირველი ნახევრის მიწურულსა და მეორეს დასაწყისში, “ბეზიემ” ლელოები და გარდასახვები გაქვითა, 50-ე და 53-ე წუთებზე ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 57-ეზე მესამე ლელო გაიტანა და 27:20 დაწინაურდა. დასკვნით 20 წუთში მასპინძლებმა ჯარიმიდან მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხეს და პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. ამრიგად, “ბეზიემ” ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა რომ მოიგო 21 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა, ხოლო “ალბიმ” ჩემპიონატის დებიუტში ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, სამი თამაში წააგო და 19 ქულით მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა.
კიდევ ერთ ქართულ დერბიში თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” სტუმრად 25:20 დაამარცხა. მატჩში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - მეორეხაზელი ნემსაძე და გარემარბი მჭედლიშვილი სრულად გაისარჯნენ, კობერიძემ ტრავმირებული თანაგუნდელი მე-18 წუთზე შეცვალა და 58-ეზე თავად შეცვალეს, ხოლო თეთრაშვილმა დასკვნითი 20 წუთი ითამაშა. “აჟენი” 17 ქულით მეშვიდეა, ხოლო “ტარბი” 14 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” “კარკასონთან” სტუმრად 20:42 დამარცხდა. ბასილაია განაცხადში არ იყო, ხოლო მჭედლიშვილი შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. “პერპინიანი” 19 ქულით მე-4 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 18-19 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია