ქართული

14:45 | 25.09.2017 | ნანახია 2903 - ჯერ

ბექა კაკაბაძის დებიუტი ტოპ 14-ში და სხვა ელიტური ამბები

ტოპ 14-ის მორიგ ტურში აქტიურ ქართველ მორაგბეთა უჩვეულო სიმცირე იყო. ამ ლიგის კლუბებში მოასპარეზე ლამის 4 ათეული ქართველიდან მხოლოდ ათმა ითამაშა, რაც ზოგიერთის არცთუ სახარბიელო ფორმით და ზოგიერთის ტრავმით აიხსნება. მთლიანობაში ტური შეიძლება ჩვენთვის წარუმატებლად მოვნათლოდ. 10 კაციდან მხოლოდ 2-მა იზეიმა გამარჯვება, 3 იყო თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, 1-ს სეზონური დებიუტი ჰქონდა, კიდევ 1-ს - კარიერული, დაბოლოს, 1 ბორჯღალოსანი უხეშობისთვის წითელი ბარათით გააძევეს.

ლიდერმა „მონპელიემ“ ბორდოში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, თუმცა ცხრილის უმაღლესი საფეხური არავის დაუთმო. ვერნ კოტერის ბიჭებმა სეზონში ყველაზე წარუმატებელი მატჩი ჩაატარეს და დავით ქუბრიაშვილს 7-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება მაინცდამაინც მაჟორული არ გამოუვიდა. დუდუმ ტრავმები საბოლოოდ მოიშუშა, მონპელიელთა სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა და 54-ე წუთამდე ითამაშა. კოტე მიქაუტაძე კი მარქაფაში იყო და თამაშში დუდუს გასვლამდე ჩაერთო - 50-ეზე. თუმცა, ბორჯღალოსანი მეორეხაზელი 15 წუთში გააძევეს, თანაც წითელი ბარათის ჩვენებით.

65-ე წუთზე ორმეტრიანმა ქართველმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, როცა მის შესაბოჭად „ბორდოს“ 18 წლის სათადარიგო მგეზავი მატიე ჟალიბერი წამოვიდა, ვინც კოტეზე 20 სანტიმეტრით დაბალი და 50 კილოთი მსუბუქია. ჰოდა, სიმაღლეში ამხელა სხვაობამ გამოიწვია ძალიან სახიფათო კონტაქტი, რომელიც სპორტულ ძალადობად მოინათლა - კოტემ ჩვეულებრივი თავდაცვითი მოძრაობა გააკეთა და მისი ხელი ფრანგ ჭაბუკს ყელ-კისრის არეში მოხვდა. საბედნიეროდ, ჟალიბერი უვნებლად გადაურჩა გიგანტთან შეჯახებას, ამ უკანასკნელს კი ისედაც ცუდ დღეში მყოფი „მონპელიეს“ რიცხობრივ უმცირესობაში დატოვება მოუხდა. მიქაუტაძის არააგრესიული ხასიათიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, მას ეს დარღვევა განზრახ ჩაედინოს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მეორეხაზელი დისციპლინართა მხრიდან შედარებით მსუბუქად დაისჯება.

„მონპელიემ“ 17:47 წააგო და 19 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა. მისმა უახლოესმა მდევარმა „რასინგმა“ კი ჩემპიონ „კლერმონს“ დიდი ბრძოლა გაუმართა და ბონუს-ქულაც წამოიღო. „ყვითელმა ჯარმა“ პარიზელთა მხრიდან დიდ წნეხს გაუძლო და 23:21 მოიგო. „კლერმონი“ 13 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „რასინგს“ 15 გაუხდა, რაც მე-5 ადგილს ჰყოფნის.

ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში ქართველები ვერ ვიხილეთ, მეორე ტაიმში კი, კერძოდ 56-ე წუთზე თამაშში ვეტერანი დავით ზირაქაშვილი ჩაერთო. საინტერესოა, რომ შერკინების პირველი ხაზი იმ მომენტში „რასინგმაც“ გამოცვალა, რის შედეგადაც „ზირაქას“ პირისპირ ვასილ კაკოვინი დადგა და მათი კონკურენცია თამაშის ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 63-ე წუთზე კი კლერმონელებს მარცხენა ბურჯი გაუძევეს და თამაშში 10 წუთით 22 წლის ბექა კაკაბაძე ჩაერთო, ვისთვისაც ეს არათუ ამ სეზონში, არამედ კარიერაში პირველი მატჩი იყო ტოპ 14-ის ეგიდით. ვულოცავთ ბექას დებიუტს! 10 წუთი არაა დიდი დრო, მაგრამ იმედია, კაკაბაძე თანდათან გაუშინაურდება „კლერმონის“ პირველ გუნდს.

თამაზ მჭედლიძემ „პოს“ წინააღმდეგ „აჟენის“ შემადგენლობაში 80 წუთი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გიორგი თეთრაშვილი ამ საშინაო მატჩშიც მარქაფაში იყო და 48-ე წუთიდან ითამაშა. მათი გუნდი კი კვლავ, ჩემპიონატში მეოთხედ დამარცხდა, თან ვერც ბონუსს შეწვდა - 14:20. აჟენელების ბედი, რომ მათზე წარუმატებლებიც არსებობენ, კერძოდ - „სტად ფრანსე“ და „ბრივი“. ამიტომაცაა, რომ „აჟენი“ 6 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

„ბრივი“ ვახსენეთ და ამ გუნდმა ჩემპიონატში პირველი ქულა მოინადირა - შინ „ტულუზასთან“ 3-ქულიანი სხვაობით, 19:22 წააგო. კარლენ ასიეშვილი ბრიველთა სასტარტო მარცხენა ბურჯი გახლდათ და საწყისი 48 წუთი ითამაშა, ხოლო ვასილ ლობჟანიძის გამოჩენა ამ გუნდისთვის ძალიან იმედისმომცემი გამოდგა. ვასკა 70-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და მალევე ბრიველებმა მეტოქის 22-ში თავისივე დერეფანი მოიგეს და მოლით ლელოში შევიდნენ, რამაც ანგარიში 19:22 გახადა. ბონუს-ქულა ბონუს-ქულად, მაგრამ მასპინძლებს თამაშის მოგების შანსი გაუჩნდათ და ტულუზელებს უმძიმესი წუთების გადატანა მოუხდათ. სულ ბოლოს მათ კვაჭი რუმიე გაუძევეს, რამაც სტუმრები კატასტროფის პირას დააყენა. მაგრამ ბრიველებს, დიდი მონდომებისა და ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ არ გაუმართლათ და ანგარიში უცვლელი დარჩა. „ბრივი“ კინკილა ქულით ცხრილის ფსკერზეა.

კვირას კი "სტად ფრანსემ" "ტულონს" უმასპინძლა და ამ მატჩში ერთადერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა - ზურაბ ჟვანიამ პარიზელთა რიგებში ბოლო 15 წუთი ითამაშა. ანგარიში - 15:19, თანაც ტულონელებმა ამ 19 ქულაში 3 ლელოს ჩატევა და ბონუსის გამოდნობა მოახერხეს, ხოლო "სტად ფრანსემ" თავისი წილი სანუგეშო ქულა მცირე სხვაობით მარცხისთვის მიიღო. პარიზული ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე დარჩა, თუმცა, ბონუსით მოგების მიუხედავად, არც "ტულონი" წაწეულა წინ - მე-6 საფეხურზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 25.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.078885