საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მე-6 ტური გაიმართა. მართალია, „პერპინიანისა“ და „ბეზიეს“ დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მისი შედეგი სატურნირო ცხრილში სერიოზულ კორექტივებს აუცილებლად შეიტანს, მაგრამ ამ კლუბებში ქართველები არ ირიცხებიან, ამდენად, პრო დ2-ის ქართული ლეგიონის ნამოქმედარს ახლავე შევაფასებთ.
ტური გასული სეზონის ტოპ 14-ელებმა გახსნეს: „ბაიონმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა, მაგრადაც ეომა, მაგრამ მხოლოდ 5 ქულის სხვაობით მარცხისთვის ბონუსით დაკმაყოფილდა. გრენობლელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდნენ, თუმცა, ალბათ მხოლოდ ხვალამდე, რადგან „პერპინიანს“, სავარაუდოდ, არ უნდა გაუჭირდეს „ბეზიეს“ დამარცხება.
უნდა ითქვას, რომ „გრენობლი“ 20:21 აგებდა, როცა თამაშში ბექა გიგაშვილი ჩაერთო. ეს 54-ე წუთზე მოხდა. ფაქტია, რომ ქართველი ბურჯის გამოჩენის შემდეგ მასპინძლებმა ქულები ვეღარ მოიპოვეს, სტუმრებმა კი ორი ჯარიმა გაიტანეს და მნიშვნელოვანი 4 ქულა მიიღეს.
ეს ტურში სტუმარი გუნდის ერთადერთი გამარჯვება იყო, ყველა დანარჩენ მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს.
ანგულემში შალვა სუთიაშვილის გუნდმა მაგარ ბრძოლაში 25:10 დაამარცხა ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის „ორიაკი“. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამინდელმა კაპიტნებმა თამაში შეუცვლელად ჩაატარეს, ხოლო კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ხატიაშვილი 43-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 10:9 იგებდა. ჰოდა, იმ მომენტიდან მოყოლებული ქულებს მხოლოდ „ანგულემი“ აგროვებდა.
„ანგულემი“ მე-9 ადგილზე ავიდა, ხოლო „ორიაკი“ მე-11 საფეხურზე დაქვეითდა.
ყოფილმა ლიდერმა „კოლომიემ“ სეზონში პირველად წააგო. ბექა შეყლაშვილის გუნდს ლიგის ახალბედა „მასიმ“ 18:11 აჯობა, ხოლო ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა ბოლო 30 წუთი ითამაშა. „კოლომიე“ 20 ქულით ჯერჯერობით მეორეა.
ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა „ნარბონმა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „კარკასონს“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 23:19 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა. ბორჯღალოსანი კვაჭი შალვა მამუკაშვილი პირველ ტაიმშივე ჩართეს თამაშში, მაგრამ მხოლოდ 1 წუთით, რათა სასტარტო ჰუკერს ცხვირიდან წამსკდარი სისხლი ჩამოებანა. 54-ე წუთზე კი შალვა სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა და ბოლო 26 წუთის განმავლობაში ძალზე აქტიურიც იყო. 62-ე წუთიდან ბოლომდე ითამაშა მარჯვენა ბურჯმა მირიან ბურდულმაც. შედეგად, „კარკასონმა“ დაცვითი ბონუსი გამოიმუშავა, თუმცა ცხრილის ფსკერზე მაინც დაეშვა.
ცხრილში სოლიდური ნახტომი გააკეთა ვახტანგ მაისურაძის „ვანმა“, რომელმაც საკმაოდ ძლიერ „ბიარიცს“ 22:16 მოუგო. ბორჯღალოსანი მეორეხაზელი მარქაფაში იყო, მაგრამ თამაშში ადრევე ჩაერთო - მე-14 წუთზე უელსელმა ქერვინ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა 30 წლის ქართველი გაააქტიურა. ალბათ არც ინანა, მაისურაძე თავის არცთუ ძლიერ გუნდში ალბათ ყველაზე გამოცდილი და ცნობილი მოთამაშეა და „ბიარიცთან“ მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარა. „ვანი“ მე-7 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბექა ბიწაძეს რა სჭირს ვინმემ იცის? რატო აღარ თამაშობს?
რა დაემართათ ამ ჩვენ მორაგბეებს ლამის თამაში არ გავა ყვითელი ან წითელი ბარათი არ მიიღონ@ რაა აზვერინს ხომ არ სვამენ ? ეხლა ბორდოსთან მიქაუტაძე გააძევეს წითლით @