ჭაბუკთა "ა"

19:37 | 21.09.2017 | ნანახია 1508 - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ‘ლოკომოტივმა’ ფლეი ოფში მოხვედრის შანსი დაიბრუნა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის 10-ე ტური, ავჭალაში „ლოკომოტივისა“ და რუსთავის „ხარების“ დაპირისპირებით დაიწყო. „რკინიგზილები“ ფლეი ოფში მოხვედრის შანსს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ და თან გია კურატიშვილის შეგირდებს პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის რევანშის აღებაც ეწადდათ.

„ხარები“ დედაქალაქს სოლიდური დანაკლისით ეწვია. რუსთაველთა მთავარმა გუნდმა დავით კაკაბაძის ერთბაშად ორი შეგირდი, ფრთის მოთამაშე ზურა ქავთარაძე და მესამეხაზელი პაატა ბურჭალაძე იახლა. „ლოკომოტივს“ კი წამყვანი კვაჭის ბაჩი ქირიას დაბრუნება აშკარად დაეტყო. „რკინიგზელთა“ მგეზავი რეზი ხარაზიშვილიც შესაშური სიზუსტით ურტყავდა. სტუმრები სათამაშოდ ვერაფრით განეწყვნენ. მოშლილი დაცვის გამო, „ხარებმა“ 4 ლელო საკუთარ თავს თავად მოუტანეს!!! ქვემოქართლელთა მიუტევებელი შეცდომებით განსაკუთრებით დათო დოლიძემ იხეირა. ფრთის მოთამაშე „გურულმა“ ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. უმცროსი „რკინიგზელების“ თამაშით კმაყოფილი შეხვედრაზე დამსწრე დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დავით ჩავლეიშვილიც დარჩა, თუმცა ყოფილმა „ბორჯღალოსანმა“ ჭაბუკ მორაგბეებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნაც მისცა. „ლოკომოტივმა 38:5 პრემიალური ქულით იმარჯვა და მეოთხეადგილოსან „ყოჩები ხულიგანასთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

„ყოჩები ხულიგანამ“ კი სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ „აიას“ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. სპირიდონ ლიპარტელიანის შეგირდებს მომქანცველმა მგზავრობამ და ქუთაისურმა ხვატმაც დაატყო ხელი. მიუხედავად იმისა , რომ „აიას“ დამრიგებელმა გიგა გურეშიძემ ძირითადის ერთბაშად 3 მოთამაშე დაასვენა, რიონისპირელები პირველივე წუთებიდანვე დომინირებდნენ, თავი იჩინა „აიას“ უკეთესმა კომპლექტაციამ და მეტმა გამოცდილებამ. მასპინძლებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს.( შუამარბმა ნიკა წივწივაძემ „პოკერი“ შეასრულა) “აიამ“ 62:13 მოიგო, დაგეგმილი პრემიაც აიღო და ლიდერობაც შეინარჩუნა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა ჰავბეკის ზვიად ორმოცაძისა და მგეზავ დათო გობეჯიშვილის უნარიანი და ლაღი თამაში. „ყოჩ’ხულში“ კი კარგი თამაშით, ერთადერთი ლელოს ავტორი გიორგი ნოდია გამოირჩა, ვინაც ერთნაირი წარმატებით როგორც მარბიელის, ასევე შუამარბის პოზიციაზე ითამაშა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხადავად რიონისპირელთა თავკაცობა თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ დარჩენილა. გურეშიძის თქმით, შედეგთან ერთად მის მთავარ ამოცანას მოთამაშეთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სათამაშო დისციპლინის ამაღლება წარმოადგენს.

მოქმედი ჩემპიონი „ლელო” ქუთაისის „ბაგრატს“ საკუთარ არენაზე, მესამე მასივში დაუხვდა. „ბაგრატმა“ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სასწავლებლად გამგზავრებული რამდენიმე სტუდენტად ქცეული მორაგბე მოისაკლისა და თამაშზე სულ სულ 3 მარქაფათი გავიდა. „ლელომ“ მატჩის ბედი 4 დადებული ლელოთი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მიშა სუჯაშვილის შეგირდები მობილურად გამოიყურებოდნენ, ბურთის სწრაფ გათამაშებასთან ერთად გონივრული ქმედებითაც გამოირჩნენ და საბოლოოდ პრემიის თანხლებით 35:7 დაამარცხეს მეტოქე და ლიდერ „აიასთან“ 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია „ლელოს“ მგეზავის გიორგი ასათიანის უნარიანი და შედეგიანი თამაში. ასათიანმა მეტოქეს ლელოც დაუდო და 5-ივე გარდასახვაც უზადოდ შეასრულა.

კიკეთში არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. გორის „ჯიქი“ „იუნკერი ჩოხოსნებს“ სათამაშოდ 7 მორაგბით ესტუმრა! მართალია, ჭაბუკთა პირველობაზე დებულება გუნდებს 7 მოთამაშით თამაშის უფლებას აძლევს, თუმცა მსგავსს სიტუაციაში რაიმე სპორტულ პრინციპის დაცვასა და თამაშის სანახაობრივ მხარეზე საუბარიც ზედმეტია! კიკეთის არენაზე, როგორც ორივე გუნდი, ასევე დამსწრე საზოგადოება თავს ერთობ უხერხულად გრძნობდა. „ჯიქს“, სწავლის დაწყების მოტივირებით, ადგილობრივმა მორაგბეებმა უგანეს. რაკიღა შიდაქართლელებს მატჩზე გამოუცხადებლობის ლიმიტი ამოწურული აქვთ, მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, გუნდს შეჯიბრებიდან მოხსნა და ხანგრძლივვადიანი დისკვალიფიკაცია ელის. კლუბის ხელმძღვანელობის ერთადერთ ამოცანას მიმდინარე პირველობის რამენაირად ჩამთავრება წარმოადგენს. იმედია გორელები შექმნილ ვითარებას სათანადოდ გაანალიზებენ და შესაბამისს, ქმედით ღონისძიებებსაც დროულად განახციელებენ. შეხვედრის ანგარიში 87:0 (სურვილის შემთხვევაში „იუნკერი ჩოხოსნებს“ მოგება ქართული რაგბის ისტორიაში საარაკო სხვაობითაც შეეძლოთ). „იუნკერები“ სატურნირო ცხრილში, კვლავ მესამე ადგილზე რჩებიან და ფლეი ოფის საგზურიც პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ.

მორიგი ტურის გამორჩეული შეხვედრა დედაქალაქში გაიმართება. „ლოკომოტივი“ „იუნკერი ჩოხოსნობს“ უმასპინძლებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:28 | 22.09.2017
ogafa (407)

„აიას“

0.083948