ქართული

12:55 | 20.09.2017 | ნანახია 1954 - ჯერ

18 წ. 7-ქალა ანდორაში მიდის

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა რაგბი7-ის ნაკრები, ხვალ ანდორაში მიემგზავრება, სადაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (ალაფაზე) პირველად ითამაშებს.

18-წლამდე გოგონათა რაგბი7-ის ნაკრები პირველად შეიკრიბა და შესაბამისად, საერთაშორისო ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის ‘ალაფაზე’ 8 გუნდი თამაშობს და ისინი ორ 4-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული: „ა“ ჯგუფში გერმანიის, პოლონეთის, ბელგიისა და ლატვიის, ხოლო „ბ“ ჯგუფში უკრაინის, შოტლანდიის, ანდორასა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ.

ქართველი გოგონები 23 სექტემბერს პირველ შეხვედრას უკრაინელ თანატოლებთან გამართავენ, მერე მასპინძელ ანდორას შეხვდებიან, ჯგუფურ ეტაპს კი შოტლანდიასთან მატჩით დაასრულებენ. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე მეორე დღეს თასის ნახევარფინალში ითამაშებს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ნაკრების მწვრთნელებმა - ჯაბა მალაღურაძემ და გიორგი მაისურაძემ, ნაკრების 14 კანდიდატი ქუთაისში, ‘აია არენას’ ბაზაზე ერთი კვირით შეკრიბეს და ის 12 შეარჩიეს, რომლებიც ანდორაში ითამაშებენ.

„ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩანს, რომ ზაფხულში გოგონებს თავ-თავიანთ კლუბებში კარგად უმუშავიათ და მათი ფიზიკური კონდინციები დამაკმაყოფილებელია. შეკრებაზე უმეტესად ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადება გვქონდა და აქაც ყველაფერი კარგად გამოვიდა. ახლა მთავარია, რომ მათ მღელვარებას სძლიონ და ეს ყველაფერი რეალური წნეხის ქვეშ შეასრულონ. გოგონებს აკლიათ სათამაშო პრაქტიკა და მთავარ სირთულეს სწორედ ეს გვიქმნის“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

რადგან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ‘ალაფაზე’ პირველად ვთამაშობთ, მწვრთნელებს მეტოქეების შესახებ პრაქტიკულად ინფორმაცია არ გააჩნიათ. ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიასა და შოტლანდიაში ქალთა რაგბი განსაკუთრებით მაღალი ტემპებით ვითარდება და ამ ქვეყნების ქალთა ნაკრებებმა 2018 წლის ევროპის ქალთა სერიის საგზური მოიპოვეს.

„ყველამ ვიცით, რომ შოტლანდია ტრადიციული სარაგბო ქვეყანაა, ქალთა რაგბი მაღალ დონეზეა უკრაინაში, თუმცა ვერაფერს ვიტყვით მათი 18-წლამდელთა ნაკრებების შესახებ. მთავარია, რომ ჩვენი გოგონები რაგბით ცხოვრობენ, შეკრების მსვლელობისას ქუთაისში გამართული დიდი 10-ის ორივე მატჩს საკუთარი სურვილით დაესწრნენ და ამის გამო ვარჯიში გადავწიეთ. მათ მონდომება არ აკლიათ და ვფიქრობთ, რომ ამ გუნდიდან რამდენიმე გოგონა მომავალ წელს უფროსთა შორის ითამაშებს. 18-წლამდელთა ნაკრებს ირმა გულიაშვილი უკაპიტნებს, რომელიც წელს უფროსებში გვყავდა, ევროპაში გამართულ ყველა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთია გუნდში, რომელსაც საერთაშორისო მატჩების გამოცდილება აქვს“ - ამბობს მალაღურაძე.

ანდორაში მიემგზავრებიან: ნათია ჩაფიჩაძე, თეონა ჩიტაიშვილი, მარიამ ჩხობაძე (სამივე ქუთაისი), ლიკა ხუფენია, ლუარა პერტაია, მართა ასათიანი, ნინო მიქანძე, თამარ გოგია (ხუთივე ზუგდიდი), ანა რურუა, ირმა გულიაშვილი (ორივე თბილისი), ეთერი კაპანაძე (ოზურგეთი), მანონი საღარაძე (ლანჩხუთი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ფიზ.მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

მწვრთნელი: ტიხონი ხახალეიშვილი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

მენეჯერი: ია ხურცილავა

23 სექტემბერი

უკრაინა - საქართველო (13:44)

ანდორა - საქართველო (15:59)

შოტლანდია - საქართველო (18:14)

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:09 | 20.09.2017
ogafa (407)

წარმატებები

17:26 | 20.09.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ გოგონებო ! ! !

16:17 | 20.09.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.098443