საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მხოლოდ მე-5 ტური მიილია და ქართველმა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა უკვე მეორედ მოახერხა ტურის სიმბოლურ 15-ეულში მოხვედრა.
პრო დ2-ის პირველივე ტურში, „ორიაკთან“ გასვლით მატჩში, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა „კოლომიეს“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 8 წუთში დებიუტი გამარჯვების ლელოთი აღნიშნა. ის ლელო 31 წლის მორკინალს ტურის სიმბოლურში შეყვანით დაუფასეს.
ბექამ ყველა მომდევნო ტურშიც მიიღო მონაწილეობა, ორჯერ შეცვლაზე შევიდა და ორჯერაც სასტარტო იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი „პერპინიანთან“ მე-9 დამატებით წუთზე 27:25 მოგებული თამაში იყო, სადაც შეყლაშვილმა მხოლოდ 28 წუთი ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი საჯარიმო ლელო ფაქტობრივად მან შექმნა - მოწინააღმდეგე ლელოს ხაზთან გადათელა და წესები დაარღვევინა.
გასული ტურის მატჩი ბექა შეყლაშვილმა პირველივე წუთიდან დაიწყო, მისმა „კოლომიემ“ „ანგულემს“ უმასპინძლა და იოლად, 26:6 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა საწყისი 40 წუთი გაატარა მოედანზე, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, რომ გამოცემა „ლე კლუბ რაგბიმ“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
აქვე გთავაზობთ ხსენებული გამოცემის მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრების სრულ შემადგენლობას. აღსანიშნავია, რომ ტოპ 15-ეულში შეყლაშვილის გარდა ლიგის ლიდერ „კოლომიეს“ კიდევ ორი წარმომადგენელია.
15. თომა ჟირარი („მასი“, საფრანგეთი)
14. დორიან ლაბორდი („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი)
13. ეტიენ დიუსარტრი („გრენობლი“, საფრანგეთი)
12. ფრედ ჰიქსი („ვანი“, ფიჯი)
11. ნიკოლა პლაზი („კოლომიე“, საფრანგეთი)
10. პიერ ბერნარი („ბიარიცი“, საფრანგეთი)
9. მაქსიმ ლუკუ („ბიარიცი“, საფრანგეთი)
1. ანტუან სოავი („მასი“, საფრანგეთი)
2. ახუსტინ კოსტა რეპეტო („კოლომიე“, არგენტინა)
3. ბექა შეყლაშვილი („კოლომიე“, საქართველო)
4. მიკაელ კაპელი („გრენობლი“, საფრანგეთი)
5. ბატისტ ეზარი („ორიაკი“, საფრანგეთი)
6. ალექს ბეკონიე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი)
7. ჯენეზის ლემალუ პელეპელე („პერპინიანი“, სამოა)
8. ჟერემი აბივანი („ვანი“, საფრანგეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1