სადრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ, მე-4 ტურში მხოლოდ 10-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. ლელო არავის დაუდია და მატჩების პროტოკოლების გადაკითხვისას მხოლოდ მამუკა გორგოძის სინბინი თუ მოგხვდებოდათ თვალში...
თამაზ მჭედლიძე ტრადიციულად, „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და შეტევაში ძალზე სახიფათოც იყო, მაგრამ მისი გუნდი კვლავ დამარცხდა. აჟენელებმა ღონიერ „ლა როშელს“ უმასპინძლეს, რომელმაც შერკინებაში უპირატესობა პრაგმატულად გამოიყენა და თავგანწირვით მებრძოლი მასპინძლები 20:15 დაამარცხა.
გიორგი თეთრაშვილს წინასასეზონო პერიოდში მიღებულმა წითელმა ბარათმა ცუდი სამსახური გაუწია - ფორმაც დააკარგვინა და სასტარტო №1-ის სტატუსიც. ახლა გიორგი თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს. ყოველ შემთხვევაში, „აჟენმა“ 5 ქულის სხვაობით წაგებისთვის ბონუს-ქულა რომ მიიღო, მისი დამსახურებაცაა, რადგან შერკინების მარცხენა ბურჯად „ტეტრამ“ (ასეთი მეტსახელი მოუგონეს გიოს ქომაგებმა) უკეთ ითამაშა (49-80 წუთები), ვიდრე სასტარტოში მის ადგილს დაუფლებული კანტენ ბეტიუნი.
„კლერმონმა“ წყალწაღებულ „ბრივს“ შავი დღე აყარა - 62:6. ამ სეზონში ბრიველებს ძალიან უჭირთ საუკეთესო ფრანგულ კლუბებთან ჭიდილი - 4 ტურში 0 ქულა, 2 გატანილი ლელო (ერთი კარლენ ასიეშვილის ანგარიშზეა, მეორე - ვასილ ლობჟანიძისა) და გაშვებული 135 ქულა რეალური სურათის ჩამოყალიბებაში გვეხმარება. გუნდი ჩემპიონატისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ცხრილის ფსკერზე სავსებით დამსახურებულადაა.
ჩემპიონმა კი ამჟამინდელი აუტსაიდერი არ დაინდო. შუამარბმა დამიან პენომ და გარემარბმა ალივერეტი რაკამ ჯამში 5 ლელო გაუტანეს ბრიველებს, სულ კი „ვულკანებმა“ 8-ჯერ დაამიწეს ბურთი სტუმართა ჩათვლის მოედანზე. ვიქტორ კოლელიშვილი კლერმონელთა მარქაფაში იყო, შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა, მალევე უხეში შეცდომა დაუშვა და „ბრივის“ მოლმა კინაღამ ლელო დადო. სტუმართა სასტარტოში ასიეშვილი და ლობჟანიძე იყვნენ. კარლენმა 51-ე წუთამდე ითამაშა, ვასკამ - 65-ემდე. „კლერმონმა“ მოპოვებული 5 ქულით ცხრილში ნახტომი გააკეთა და უკვე მე-7 საფეხურზეა.
„რასინგი“ კი მეორე ადგილზეა. პარიზელებმა ასევე ბონუსით დაამარცხეს მეტოქე - „ოიონას“ 3 ლელო დაუდეს და 25:13 იმარჯვეს. დედაქალაქელთა შორის 49-ე წუთზე ვასილ კაკოვინი გამოჩნდა, რომელმაც სტუმართა წინახაზელებს ნახევარი საათის განმავლობაში თავბედი აწყევლინა - აბსოლუტურად ყველა შერკინებაში დაჩაგრა ოპონენტები და როგორც ფრამგულ პრესაში დაიწერა, „ოიონას“ შერკინება ნაწილებად დაშალაო.
ტური „ალტრად სთედიუმზე“ ადგილობრივი „მონპელიესა“ და „ტულონის“ დაპირისპირებით დაგვირგვინდა. ამ მატჩის ბედი ჩვენი მიმოხილვის თავშივე ნახსენებმა ფაქტმა გადაწყვიტა. 65-ე წუთზე, როცა ანგარიში 24:20 იყო, მამუკა გორგოძემ მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის ბოჭვა მაინცდამაინც არ ყოფილა სახიფათო და მთლად მაღალი ბოჭვის კატეგორიაშიც ვერ გაატარებდა კაცი, მაგრამ რეფერიმ თქვა, რომ მამუკას რეციდივისთვის აძევებს, მანამდე ბევრი წვრილ-წვრილი დარღვევა ჩაიდინეო და ჯამში სინბინი ეკუთვნისო...
ჰოდა, იმ მომენტიდან მოყოლებული თამაშობდა მხოლოდ „მონპელიე“, ხოლო „ტულონი“ აბსოლუტურად მოიშალა, მალევე საჯარიმო ლელო მიიღო და მოედანზე გორგოძის დაბრუნებამ, ვინც მართლაც გამოირჩეოდა სტუმართა შორის, ვეღარაფერი გამოასწორა, პირიქით, მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს „ტულონი“. 43:20, „მონპელიე“ არათუ ცხრილის სათავეში დარჩა, არამედ მდევრებთან 5-ქულიანი ჰანდიკაპიც შეიქმნა, ხოლო „ტულონს“ 9 ქულა დარჩა, რომელიც მე-6 ადგილს ყოფნის.
ამ თამაშში მამუკას გარდა კიდევ სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „მონპელიეში“ 51-ე წუთიდან ბოლომდე ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ ითამაშა. მიხეილ ნარიაშვილი კი მასპინძელთა სასტარტო მარცხენა ბურჯი იყო და პირველივე წუთიდან მის პირისპირ ლევან ჩილაჩავა იდგა. ორი ბორჯღალოსნის დუელი 22-ე წუთზე „ტულონის“ მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ შეწყვიტა და ჩილაჩავა ვან დერ მერვეთი შეცვალა, იმდენად თვალშისაცემი იყო მიხოს უპირატესობა. ლევანს ძალიან გაუჭირდა, დაჯარიმდა კიდეც, მაგრამ მის სანუგეშოდ ვიტყვით, რომ არც სამხრეთაფრიკელმა ბურჯმა გაუძლო ნარიაშვილს. გალტიემ 69-ე წუთზე უკუშეცვლა განახორციელა - ჩილაჩავა დააბრუნა და ქანცგაცლილი ვან დერ მერვე სკამზე დასვა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ვერნ კოტერს ნარიაშვილის დასვენების საბაბი არც მისცემია - საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯმა თამაშის 80-ივე წუთი შეუცვლელად და რაც მთავარია, უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიშა მართლა სუპერი ხარ ! ! !
ლომებო წარმატებას გისურვებთ ყველას ! ! !
მიხო სუპერია, მამუკა მაინც მაგარია, ჩილაჩავას ფორმის აკრება ჭირდება ჯერ, აი კარლენი და ვასკა კი უკვე ცოდონი არიან ბრივის ხელში, იმედია ვასკას პრაქტიკის აკრეფა დასცალდება და სეზონის ბოლოს სადმე უკეთეს გუნდში გადავა. ასევე კარლენიც.
წარმატებები