დიდი 10

13:57 | 18.09.2017 | ნანახია 1418 - ჯერ

დიდი 10 | არმია 0:32 ბათუმი

დიდი 10-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში, ‘ბათუმმა’ თბილისის ‘არმია’ 32:0 დაამარცხა და 4 ლელოს გატანით ბონუს-ქულაც მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც ერთმა გუნდმა მეორე მშრალზე დატოვა. ზღვისპირელები ზედიზედ მეორე თამაშია ლელოს არ უშვებენ და გამარჯვებას ბონუს-ქულით ამყარებენ.

ანგარიში ბახვა კობახიძემ ჯარიმით გახსნა. დიმიტრი კალანდაძეს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ტაიმის შუაში ‘არმიამ’ მოედნის ცენტრში საკუთარი დერეფანი წააგო და სწრაფი კონტრშეტევა მიიღო, ჯონდი კორტავამ ბურთი გიორგი თხილაიშვილს გადააწოდა და მან ის სისწრაფეში ზურაბ თუთბერიძეს გაატანა, რომელსაც ვეღარავინ დაეწია. კობახიძემ გარდასახვა გაიტანა, 29-ე წუთზე ჯარიმიდანაც ზუსტი იყო და ტაიმი 13:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘ბათუმის’ ულამაზესი ლელოთი დაიწყო, რომლის შემოქმედი ლაშა ხმალაძე გახდა. მან საკუთარ 22-ში მიიღო ბურთი, ცრუმოძრაობებით თითქმის მთელი დაცვა გაიარა და ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მარჯვენა ფრთაზე ალექსი ტუჩაშვილს უპასა, მან 25 მეტრი ირბინა და ცენტრისკენ ბურთი ბექა ურჯუკაშვილს გადააწოდა, რომელიც ბოჭვის მიუხედავად ლელოში შევიდა. ჯამში 90-მეტრიანი გარღვევით გატანილი ლელო კობახიძემ გარდასახა.

‘არმიამ’ პასუხის გაცემა სცადა, ‘ბათუმმა’ ლელოს დაცვა მოახერხა და 61-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა: მეტოქის 22-ში მოკლეზე ჯერ ხმალაძემ გადაკიდა და ბურთს თავადვე დაეუფლა, მერე ფეხით კობახიძემ ითამაშა და ის მარჯვენა ალამთან ტუჩაშვილმა დაამიწა. კობახიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.

შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი ლელო გავიდა: ზღვისპირელებმა ხელდახელ მაღალ ტემპში შეუტიეს, 22-იდან კობახიძე ბურთი ფეხით მარცხნივ ჩაკიდა, მას კორტავა დეუფლა და ლელომდე ვეღარავინ დაეწია - 32:0.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.067053