დიდი 10

12:34 | 18.09.2017 | ნანახია 1341 - ჯერ

დიდი 10 | ბაგრატი 9:22 ჯიქი

გორის ‘ჯიქმა’ ‘ბაგრატს’ სამი უპასუხო ლელო დაუდო, მეტოქე 22:9 დაამარცხა და ქუთაისიდან 5 ქულა წამოიღო.

საქართველოს ჩემპიონისთვის თამაში არცთუ კარგად დაიწყო. მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, გორელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ზვიად ოდიშარიამ მეტოქეს სამი ჯარიმა გაუტანა, მათ შორის ერთი ცენტრიდან - 9:0. ნახევარი საათის თავზე მამუკა ნინიძემ 3 ქულა გაქვითა, ხოლო ტაიმის მიწურულს ‘ჯიქს’ დაწინაურების შანსი გაუჩნდა: გუჯა კიკვაძემ მეტოქის კონტრშეტევა ჯარიმით შეაჩერა და 10 წუთით სინბინს მიაშურა, სტუმრებმა მოლით შეუტიეს და გიორგი ჭყოიძემ ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბაგრატმა’ ტაიმი 9:8 მოიგო.

მოსახდენი 50-ე წუთზე მოხდა. ‘ჯიქმა’ თავისი ნახევრიდან სწრაფი შეტევა წამოიწყო და ეს სისწრაფე შედეგის მომტანი აღმოჩნდა. მარჯვენა ფლანგზე ჭყოიძე გაიქცა და მანძილი მოიგო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფლანგზე ნიკოლოზ ბიწაძეს მიუვიდა, რომელმაც ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა.

‘ჯიქს’ შეცდომები მოსდიოდა და რამდენიმე კარგი შეტევა უქულოდ დასრულდა. ‘ბაგრატს’ მეორე ტაიმის შუაში ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ოდიშარიას შორეული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ანგარიში 77-ე წუთზე შეიცვალა და ჭყოიძემ დუბლი მიითვალა. ისევე, როგორც პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა მოლით შეუტიეს და ქუთაისელებმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს. ნინიძის გარდასახვა ზუსტი იყო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:9.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08534