საერთაშორისო

19:01 | 16.09.2017 | ნანახია 3835 - ჯერ

“ოლ ბლექსი” დაუნდობელია
“ვოლაბებმა” მეორე ტაიმში ივარგეს

რაგბი ჩემპიონშიპის მეოთხე ტურში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა “ნორს ჰარბორ სთედიუმზე” სამხრეთ აფრიკა მიიღო და სამარცხვინო მარცხი აგემა. “შავებმა” მეტოქეს 57 უპასუხო ქულა გაუტანეს და არსებობის განმალობაში ყველაზე დიდი მარცხი მიაყენეს. “ქურციკებს” ყველაზე დიდი ანგარიშით აქამდე 2002 წელს ინგლისთან ჰქონდათ წაგებული - 3:53.

ანგარიში ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. “ოლ ბლექსი” მთელი თამაშის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა და ასეთი სხვაობით სრულიად დამსახურებულად იმარჯვა.

ანგარიში მე-14 წუთზე ბიოდენ ბარეტმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, თუმცა სტუმრების ნამდვილი რბევა მე-17 წუთზე დაიწყო: აარონ სმიტმა ჯარიმიდან სწრაფად განაახლა თამაში და მარცხენა ფლანგზე რიეკო იოანეს მიმართულებით უზუსტესად შეაცურა ბურთი, ამ უკანასკნელს კი ისღა დარჩენოდა, რომ ლელო გაეტანა. გარდასახვა ბარეტმა ზუსტად შეასრულა და ბარემ აქვე ვიტყვით, რომ მასპინძელთა მგეზავმა 8-დან 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ერთადერთი, მეორე ნახევრის პირველი გატანილი ლელოს გარდასახვა გაუცუდდა.

მეორე ლელო კი ნამდვილი შედევრი იყო: ნეჰე მილნერ-სკადერმა საკუთარ ნახევარზე დუ პრეზს გადაცემა ჩაუჭრა, თითქმის ნახევარი მოედანი გაირიბინა და ბურთი ბიოდენ ბარეტს გაატანა, რომელმაც ცოტა თავად ირბინა და შემდეგ საოცარი პასით ბურთი მილნერ-სკადერს დაუბრუნა, რომელმაც მეტოქე მეორედ დაალელოვა. 34-ე წუთზე მასპინძელთა მიძალების შემდეგ ბიოდენ ბარეტმა შეტევის მიმართულება შეცვალა და ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე გადაკიდა, სადაც მეორე სართულზე ბრძოლაში დენ კოულსმა ივარგა და ბურთი მილნერ-სკადერს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც კარგი ოფლოუდით შეცვლაზე შემოსულ სკოტ ბარეტს გაატანა, მისი შეჩერება კი ვეღარავინ მოახერხა.

“შავების” შემდეგი ლელო 3 წუთში ვიხილეთ და ისიც ბრწყინვალე იყო! რიეკო იოანემ ხაზი გაჭრა და დიდი მანძილის მოგების შემდეგ დენ კოულსს გადააწოდა ბურთი, რომელმაც უკვე ბროდი რეტალიკს უპასა და თავისი ლელო ამ უკანასკნელმაც გაიტანა. ტაიმი 31:0 დასრულდა.

“ოლ ბლექსმა” მეორე ნახევარშიც 4 ლელო გაიტანა. 53-ე წუთზე მასპინძლებმა რამდენიმე მიძალების შემდეგ შეტევა გაშალეს და მილნერ-სკადერმა ზედ კიდესთან დაამიწა ბურთი. 64-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიძალება შეცვლაზე შესულმა ბურჯმა ტუ’უნგაფასიმ დააბოლოვა და “ოლ ბლექსის” მაისურით პირველი ლელო დადო. 74-ე წუთზე სტივ ჰანსენის შეგირდებმა ხელდახელ მორიგი ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ლიმა სოპოაგამ საკადრისად დააბოლოვა, ხოლო “ქურციკების” რბევას წერტილი სათადარიგო კვაჭმა კოდი ტეილორმა დაუსვა, რომელმაც გაწითლებულ დროში დერეფნიდან აგორებული მოლი შედეგიანად დაასრულა – 57:0.

“ოლ ბლექსმა” 19 ქულა დააგროვა და დიდი შანსია, რომ მომავალ ტურშივე გაიფორმოს ჩემპიონობა.

მეორე მატჩში ავსტრალიის ნაკრებმა “კანბერა სთედიუმზე” არგენტინა მიიღო და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დანიელ ურკადეს მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ ტაიმში ნებისმიერ გუნდს ტოლსწორად ეთამაშება, თუმცა მეორე ნახევარში ძალები აშკარად აღარ ყოფნის. შედეგი - ოთხი ტურის შემდეგ არგენტინა კვლავ უქულოდაა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნახევარში “პუმები” უკეთ თამაშობდნენ. მართალია, გუნდებმა თითო ლელო დადეს და სტუმრები შესვენებას მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელებს უფრო მეტი მწვავე იერიში ჰქონდათ და გადამწყვეტ ფაზაში დაშვებული მარტივი შეცდომები რომ არა, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.

მეორე ნახევარში კი “ვოლაბები” დომინირებდნენ და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. მაიკლ ჩეიკას შეგირდებმა მეტოქეს 5 გარდასახული ლელო გაუტანეს, საპასუხოდ მხოლოდ 1 მიიღეს და საბოლოოდ 45:20 იმარჯვეს.

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 57:0 (31:0)

ახალი ზელანდია: 8 ლელო – იოანე (17), მილნერ-სკადერი (21; 53), ს. ბარეტი (34), რეტალიკი (37), ტუ’უნგაფასი (64), სოპოაგა (74), ტეილორი (80+1); 1 ჯარიმა – ბ. ბარეტი (14); 7 გარდასახვა – ბ. ბარეტი (19; 22; 36; 38; 65; 75; 80+3)

ავსტრალია – არგენტინა 45:20 (10:13)

ავსტრალია: 6 ლელო – ფოლაუ (29; 53), კეპუ (49), გენია (72), ფიპსი (74), უელესი (80+1); 1 ჯარიმა – ფოლი (6); 6 გარდასახვა – ფოლი (31; 50; 55; 74; 76; 80+3)

არგენტინა: 2 ლელო – ლანდახო (23), მორონი (78); 2 ჯარიმა – სანჩესი (15; 36), 2 გარდასახვა – სანჩესი (24; 79); 1 სინბინი – პიერეტო (71)

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა 39:22
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა 23:23

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 57:0
ავსტრალია – არგენტინა 45:20

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია 4 4 0 0 185:85 19
2. სამხრეთ აფრიკა 4 2 1 1 101:118 11
3. ავსტრალია 4 1 1 2 131:132 8
4. არგენტინა 4 0 0 4 80:162 0

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:57 | 17.09.2017
BEERTRANCE (1073)

14 კაცით ათამაშონ რა ზელანდია აწი

20:58 | 16.09.2017
krasni (587)

57-0, ვფიქრობდი, რომ ასეთი სხვაობით ჩვენც არ დავმარცხდებოდით. რამე თუ არ შეიცვალა, ჩამორჩენა კატასტროფული გვექნება.

20:09 | 16.09.2017
geogoli (367)

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი აფრიკელთა რბევას. იმედია მეორე თამაშს უფრო უკეთ შეხვდებიან. არგენტინა ჯერ ამათთან საომრად სუსტია

0.173122