საფრანგეთი პრო დ2

15:25 | 16.09.2017 | ნანახია 2611 - ჯერ

გიგაშვილის სასტარტო და 70 წუთი

ხუთშაბათსა და პარასკევს საფრანგეთში პრო დ2-ის თითქმის მთლიანი ტური გაიმართა. კვირას „პერპინიანისა“ და „მონტობანის“ მატჩიღაა გასამართი, თუმცა არც ერთში და არც მეორეში ქართველები არ ირიცხებიან, ამიტომ ტურის მოკლე მიმოხილვის უფლება უკვე გვაქვს.

მაშ ასე, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის მე-5 ტურის მატჩებში 7-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, მათგან 6 კი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ტური ხუთშაბათს „ვანისა“ და „ბაიონის“ შეხვედრით გაიხსნა. ვანელთა სასტარტო შემადგენლობაში ვახტანგ მაისურაძე გახლდათ და ვიდრე ქართველი მეორეხაზელი მოედანზე იყო, მისმა გუნდმა ტოპ 14-დან ახალდაქვეითებულ „ბაიონს“ 28 ქულა გაუტანა და მატჩის ბედიც თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. თამაში 38:22 დასრულდა, „ვანმა“ გამარჯვებისთვის 4 ქულა მიიღო, პლუს ბონუსი 3 და მეტი ლელოსთვის, ხოლო მაისურაძემ სრული პირველი ტაიმი ითამაშა. „ვანმა“ ცხრილში დიდი ნახტომი გააკეთა - მე-9 ადგილამდე.

„ორიაკმა“ „ნარბონს“ უმასპინძლა და 15:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ორიაკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, ხოლო ბორჯღალოსან ბურჯ ნიკოლოზ ხატიაშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუელაბა მისცეს და თამაშში დასრულებამდე 13 წუთით ადრეღა ჩართეს. „ორიაკი“ ცხრილში მეშვიდეა.

მონ-დე-მარსანში გამართული მატჩი კი ძალზე მოულოდნელად დაიწყო: „კარკასონი“ დებიუტშივე დაწინაურდა და 43-ე წუთამდე იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ტრავმირებული ბექა გორგაძის გუნდის უფრო მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და „მონ-დე-მარსანმა“ 39:23 იმარჯვა, თან ზედაც ბონუს-ქულა (6 ლელოსთვის) წაამატა. კარკასონელთა სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი პირველხაზელი გიორგი ნაცარაშვილი იყო, რომელმაც 50-ე წუთამდე ირაგბა. ამ მომენტამდე თამაში თანაბარი იყო, ხოლო ანგარიში - „კარკასონის“ სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი ცხრილში ბოლოსწინა, გასავარდნ ადგილზე დარჩა.

ჩემპიონატის ლიდერმა „კოლომიემ“ კვლავ მოიგო, თანაც ისევ ბონუსით - „ანგულემს“ 3 ლელო დაუდო და 26:6 იმარჯვა. კოლომიელთა სასტარტოში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ბექა შეყლაშვილი იყო, რომელიც ახალ გუნდს აშკარად მოერგო. ვეტერანი ბორჯღალოსანი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. აი, ბორჯღალოსნების ექსკაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა კი მინდორზე სრული 80 წუთი გაატარა და „ანგულემში“ კვლავაც ყველაზე შესამჩნევი და საიმედო იყო. შალვამ ამ ჯერზე უკვე თავის ჩვეულ პოზიციაზე, მესამე ხაზში ითამაშა და ლამის იმდენი ბოჭვა გააკეთა, რამდენიც დანარჩენმა ანგულემელებმა ჯამში.

„კოლომიე“ 20 ქულით ცხრილს სათავეში უდგას, ხოლო „ანგულემი“ მე-11 ადგილზე ჩააჩოჩეს.

დაბოლოს, ბექა გიგაშვილის წარმატებაზეც. 25 წლის ქართველი ბურჯი ფრანგულ ელიტაში პირველ სეზონს ატარებს და მე-5 ტურში მას პირველად ანდეს ადგილი „გრენობლის“ სასტარტო 15-ეულში. ბექა ტოპ 14-დან დაქვეითებულ კლუბში ფედერალ 1-ის „შამბერიდან“ ზაფხულში გადაბარგდა და პრო დ2-ის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში ადგილს სწრაფად იმკვიდრებს.

გუშინ 3 გრენობლელი გაასინბინეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიგაშვილის გუნდმა „ბეზიე“ მაინც დაამარცხა - 33:23, ხოლო ბექამ სათამაშო მოედანი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრეღა დატოვა. „გრენობლი“ ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076771