ქართული

11:37 | 16.09.2017 | ნანახია 1895 - ჯერ

დიდი 10 | არმაზი 15:19 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ პირველ ლიგაში დაწყებული სერია (14 მოგება) დიდ 10-შიც გააგრძელა და 2017/2018 წლების სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

რუსთავში ‘ჯიქისა’ და ‘ლოკომოტივის’ ძლევის შემდეგ, ‘ხარები’ მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად თამაშობდა, თუმცა ამას წარმატებული სერიის გაგრძელებაში ხელი არ შეუშლია. მარნეულის ‘არმაზი’ მეტოქეს პირველი გამარჯვების მოპოვების იმედად დაუხვდა, მაგრამ შეცდომები მრავლად დაუშვა და ამით ‘ხარებმა’ კარგად ისარგებლა. ეს იყო პირველი შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როდესაც ‘ხარები’ თავიდანვე დაწინაურდა და უპირატესობა შეინარჩუნა.

‘შევარდენზე’ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ‘არმაზს’ უნდა გაეხსნა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან რეზი ჯინჭველაშვილს ჯარიმა გაუცუდდა. პასუხად ‘ხარებმა’ ჯარიმები კარში არ ურტყა, მეტოქის ლელოს მიუახლოვდა და 5-მეტრა დერეფნიდან აგორებული მოლი გიგი ქვლივიძემ დაასრულა. უჩა მჭედლიშვილმა ზუსტ გარდასახვას 10 წუთში ჯარიმა შემატა და სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ.

30-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა: მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, ძელებსშუამდე ირბინა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, თუმცა შესვენებამდე მჭედლიშვილმა ჯარიმა გაიტანა და ‘ხარებმა’ ტაიმი 13:7 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტში მჭედლიშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა და 48-ე წუთზე არეკნი გაიტანა. ‘არმაზი’ უტევდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში შემტევებს ბურთი უვარდებოდათ. მასპინძლებმა 59-ე წუთზე ყველაფერი კარგად შეასრულეს, დერეფნიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე ჩაათამაშეს და ნიკა გიგაურმა ის ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე ნიკა ბეჟუაშვილმა და ჯინჭველაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნითი 10 წუთი ‘არმაზმა’ შეტევებში გაატარა, თუმცა ხან ბურთი დაკარგა, ხანაც ‘ხარების’ დაცვა დადგა და რუსთაველებმა თამაში 19:15 მოიგეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082437