საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში სამი ტური მიილია და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ქართველების “მონპელიეა”.
ბონუს-ქულით ორი გამარჯვების შემდეგ, “მონპელიემ” მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად ითამაშა და “კასტრს” 22:17 სძლია. სასიამოვნოა, რომ თამაშის მსვლელობისას სტუმართა ქომაგების ტრიბუნაზე საქართველოს დროშა იყო გამოფენილი, მოედანზე კი, ორი ბორჯღალოსანი გავიდა. მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი ბრძოლაში 45-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში 10 უპასუხო ქულა აიღეს და გამარჯვებების სერია გააგრძელეს.
ახალი სეზონის სტარტზე მეორედ დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონი “კლერმონი”. “ვულკანებს” “ლა როშელმა” 51:20 მოუგო. სტუმართა შორის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ოთარ გიორგაძემ. ის შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. 47-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმაც. ამ დროს “კლერმონი” 6:48 აგებდა და შემდეგი ნახევარი საათი 14:3 მოიგო, თუმცა ამან საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
ბორდოში 10:30 დამარცხდა “სტად ფრანსე”. ზურაბ ჟვანია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 51 წუთი გაატარა.
მეორე პარიზულმა კლუბმა “რასინგმა” “ბრივს” სტუმრად 25:6 აჯობა. მასპინძელთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. “რასინგის” შემადგენლობაში 53-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.
სამმა ქართველმა ითამაშა “აჟენის” შემადგენლობაში, რომელიც “ოიონას” ეწვია და ბონუს-ქულას გამორჩა - 10:12. თამაზ მჭედლიძე ტრადიციულად, შეუცვლელად გაისარჯა, თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ვახტანგ ახობაძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.
“ტულონმა” “ტულუზას” დაძაბულ ბრძოლაში 20:16 აჯობა. თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო მამუკა გორგოძე.
პრო დ2
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში პირველი მარცხი იწვნია “გრენობლმა”. მე-4 ტურში ის “მონტობანს” ეწვია და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ბონუს-ქულას გამორჩა. სტუმრთა შორის დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ბექა გიგაშვილმა.
“ბიარიცს” უმასპინძლა და 26:22 სძლია “ანგულემმა”, რომლის რიგებშიც 54-ე წუთიდან ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. მოედანზე მისი გამოჩენისას ანგარიში 15:15 იყო, მალე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით წუთებზე “ანგულემმა” იყოჩაღა.
ფრედ, 23:23 დასრულდა “ნარბონისა” და “კოლომიეს” შეხვედრა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო: მასპინძელთა შორის - ბექა ბიწაძემ (65-ე წუთიდან), სტუმართა შორის - ბექა შეყლაშვილმა (53-ე წუთიდან).
“მონ-დე-მარსანთან” სტუმრად 11:38 დამარცხდა ვახტანგ მაისურაძის “ვანი”. ქართველმა მეორეხაზელმა მეორე ტაიმში სრულად ითამაშა.
“ბეზიესთან” სტუმრად გამართული შეხვედრიდან ერთი ქულა წამოიღო “ორიაკმა” – 27:31. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
“კარკასონი” “პერპინიანს” 50 წუთის შემდეგ 19:9 უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 20 უპასუხო ქულა გაუშვა და 19:29 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69 წუთი ითამაშა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. 54-ეზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული, მაგრამ მე-60 წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა და მოედანზე ჯამში 16 წუთი გაატარა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები