უცხოური

13:35 | 11.09.2017 | ნანახია 2922 - ჯერ

გაისად - იაპონიის 20-წლამდელები სამოას ნაცვლად

თბილისმა და ქუთაისმა, როგორც ცნობილია, ესტაფეტა არგენტინულ როსარიოს გადასცეს და გაისად, მაის-ივნისში მორაგბეთა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ამ საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარ ქალაქში გაიმართება.

ალბათ, ყველას ახსოვს, რომ ჩემპიონი ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ბრწყინვალე გუნდი გახდა - ფინალში ინგლისელ თანატოლებს აჯობა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინის ნაკრებს მოუგეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო სამოელები ერთი დონით დაქვეითდნენ და მომავალ წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფისთვის იბრძოლებენ.

რატომ გაგვახსენდა ყოველივე? იმიტომ, რომ გუშინ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ალაფის წლევანდელი გათამაშება დასრულდა. ტურნირი 20 წლამდე ასაკის იაპონელთა ტრიუმფით დაგვირგვინდა, არადა, შეჯიბრების დაწყებამდე სპეციალისტები მთავარ ფავორიტად ფიჯის ახალგაზრდულ ნაკრებს ასახელებდნენ.

ფიჯელებმა ჩემპიონატი, პირდაპირ ვთქვათ, ჩააგდეს - ჯგუფში მასპინძელ ურუგვაისთან და მომავალ ფინალისტ პორტუგალიასთან დამარცხდნენ და მხოლოდ აშკარად სუსტ ჰონკონგს მოუგეს, საბოლოოდ კი მე-5 ადგილისთვის მატჩიც დათმეს - ჩილესთან 13:15.

ხსენებულმა ჰონკონგმა ჯგუფის ყველა მატჩი წააგო, ამ დონეზე დარჩენისთვის კანადას დაუპირისპირდა და 0:38 დამარცხდა.

მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს მასპინძლები და ნამიბიელები შეხვდნენ და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებმა ბრინჯაო დამაჯერებლად მოიპოვა - 34:13.

მთავარი მატჩი კი, რომელშიც იაპონელთა და პორტუგალიელთა ჯახი შედგა, აზიელების კარნახით მიმდინარეობდა, უმცროსი „საკურას ყვავილები“ 14:3 იგებდნენ, როცა რეფერიმ თამაში ვადაზე ადრე შეწყვიტა. მონტევიდეოში გადაუღებლად და კოკისპირულად წვიმდა, სტადიონის სათამაშო მოედანი თანდათან დიდ გუბეს დაემსგავსა, რის შემხედვარე მსაჯმა მხარეთა თანხმობა მიიღო და თამაში 10 წუთით ადრე დაასრულა, რადგან ასეთ კლიმატურ პირობებში თამაში მორაგბეთა ჯანმრთელობისთვის ძალზე სარისკო გახდა. მოკლედ, 14:3 დაფიქსირდა და იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრები გაისად როსარიოში უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:57 | 14.09.2017
krasni (587)

გაისად ალბათ ორი თამაშის მოგებას დავგეგმავთ.

19:04 | 12.09.2017
ogafa (407)

ესენიც უნდა დავამარცხოთ

0.084539