დიდი 10

22:09 | 10.09.2017 | ნანახია 1645 - ჯერ

‘ლელო-სარასენსი’ კვლავ ბონუსით იგებს
დიდი 10 | ლელო-სარასენსი 39:15 არმია

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსმა’ ‘არმია’ 39:15 დაამარცხა, პირველი ტურის მსგავსად, მოგების ბონუსი ამჯერადაც მიითვალა და სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. ‘ლელო-სარასენსის’ მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, რაქიდან ბურთი მერაბ კვირიკაშვილმა მიიღო, ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გასატანი პოზიციიდან გარდასახა. ‘არმიამ’ მალევე უპასუხა. მათი თანმიმდევრული შეტევა მასპინძლებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, შალვა დავითაშვილმა სწრაფად გაითამაშა და თავადვე შეუტია, ბურთი გენო ხელიამ აიტაცა და ლელოში დაამიწა, ხოლო გოდერძი ჭინჭარაულმა გარდასახა - 7:7.

‘ლელო-სარასენსმა’ ლიდერობა 33-ე წუთზე დაიბრუნა. მოლისა და ფორვარდებით ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი კვლავ ხაზზე გავიდა, თორნიკე ახობაძე განზე გაიქცა, ყიასაშვილი ჯვარზე შეიყვანა და მან წარმოქმნილი სივრცით შესანიშნავად ისარგებლა. ლელოს ავტორმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ჭინჭარაულს 1 წუთში შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ზედ შესვენების წინ ‘არმიამ’ დერეფნიდან მოლი დააყენა და ლევან ჭავჭავაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლები დაჯარიმდნენ და შაკო მახარაშვილმა ჯარიმით ‘არმია’ დააწინაურა (15:14), მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ‘ლელო-სარასენსმა’ ერთბაშად იფეთქა და 10-წუთიან მონაკვეთში 20 ქულა მოიხვეჭა. ბექა საღინაძისა და როლანდ კვაჭაძის კარგი თამაშის შემდეგ, ლელო თორნიკე ახობაძემ გაიტანა; მეორე ლელო ნიკა სვიმონიშვილის ანგარიშზეა, რომელიც მოლს დროულად მოწყდა, ხოლო ყიასაშვილმა 2-2 ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა - 34:15. ‘ლელო-სარასენსს’ შანსი გაუჩნდა და 68-ე წუთზე პრემიის მომტანი ლელოც გაიტანა: კვირიკაშვილისა და ყიასაშვილის ოფლოუდების შემდეგ ბურთი რევაზ მარგალიტაძემ დაამიწა.

ამრიგად, ‘ლელო-სარასენსმა’ საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აიღო (10 ქულა) და მომდევნო ტურში ‘აიას’ ქუთაისში ეწვევა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096665