დიდი 10

19:27 | 10.09.2017 | ნანახია 1672 - ჯერ

‘ბათუმმა’ მეორე ტაიმში მოუმატა
დიდი 10 | ბათუმი 43:3 ბაგრატი

‘ბათუმმა’ მეორე ტაიმში ტემპს მოუმატა, ქუთაისის ‘ბაგრატი’ ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მეტოქე ბონუს ქულით დაამარცხა - 43:3.

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ეს იყო მეორე შეხვედრა, რომელშიც გამარჯვებულმა გუნდმა სამზე მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა და ორივე ჯერზე მეტოქე ‘ბაგრატი’ იყო. გარდა ამისა, ქუთაისური გუნდი გახდა პირველი, რომელმაც შეხვედრა გატანილი ლელოს გარეშე დაასრულა.

ბათუმში გამართული მატჩის პირველი ტაიმი სანახაობრივი ვერ გამოდგა. ორივე გუნდი ცდებოდა, ხშირი იყო შეჩერებები და ვერცერთი გუნდი ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას. ბახვა კობახიძემ და ზვიად ოდიშარიამ ჯარიმები გაცვალეს, 31-ე წუთზე ალექსი ტუჩაშვილი აფეთქდა, კარის წინ ბურთი მაღალ სიჩქარეზე მიიღო, ხაზი სუფთად გაჭრა და ძელებამდე 40 მეტრი ირბინა. კობახიძის გარდასახვა ზუსტიი იყო - 10:3.

მეორე ტაიმში ‘ბათუმი’ მოედანზე უფრო მოტივირებული გავიდა, ტემპს უმატა და ლამაზი ლელოები გაიტანა. ლაშა ხმალაძემ ხაზი დებიუტშივე გაჭრა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და დავით ტრაპაიძემ ლელო გაიტანა. 48-ე წუთზე ბექა ურჯუკაშვილი მარჯვენა ფრთაზე მაღალ სიჩქარეზე გაიქცა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. კობახიძემ პირველი გარდასახა - 22:3.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მეოთხე ლელო მხოლოდ 70-ე წუთზე გავიდა: ხმალაძემ კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და სიჩქარე აკრიფა, მას კარგად მიყვა ურჯუკაშვილი და ბურთი კვლავ მარჯვენა ალამთან დაამიწა. ამჯერად კობახიძეც ზუსტი იყო. მერე ტუჩაშვილის ჯერი დადგა, ახლა ის დაუსხლტა მბოჭავს, მას კობახიძე მიყვა და თანაგუნდელმა პასი არ დაუგვიანა. ბოლო ლელო ვანო ფუტკარაძემ მიითვალა, კობახიძის გარდასახვები ზუსტი იყო და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა - 43:3.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083106