უცხოური

19:26 | 9.09.2017 | ნანახია 2258 - ჯერ

არგენტინა ბოლოსკენ გატყდა, ავსტრალიაში კი ზავი დაიდო

რაგბი ჩემპიონშიპის მე-3 ტურის მატჩები უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. არგენტინის ნაკრებმა ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და ბოლოსკენ გამოეცალა ძალები, ხოლო ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებაში 80 წუთის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

არგენტინამ სამხრეთ აფრიკასთან გამართული წინა ორი შეხვედრა ძალიან სუსტად ჩაატარა და ბევრი ვარაუდობდა, რომ “ოლ ბლექსს” იოლი გასეირნება ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მართალია, მთელი შეხვედრის განმალობაში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მათთვის შეუფერებელ შეცდომებს უშვებდნენ, რითაც არგენტინამ ისარგებლა და საწყისი 40 წუთის შემდეგ გასახდელში ლიდერად გავიდა.

ანგარიში მე-8 წუთზე დამიან მაკკენზის შესანიშნავი თამაშის შემდეგ გაიხსნა. ახალგაზრდა ფულბექმა ხაზის გაჭრა მოახერხა და ბურთი ნეჰე მილნერ-სკადერს გადააწოდა, რომელსაც შეტევის შედეგიანად დაბოლოება და ნაკრებში დაბრუნების ლელოთი აღნიშვნა არ გასჭირვებია. გარდასახვა ბიოდენ ბარეტმა ვერ გაიტანა. 26 წლის მგეზავს დღეს დარტყმა საერთოდ არ წაუვიდა, მომდევნო ორი გარდასახვაც გააფუჭა და მეორე ტაიმში მის ნაცვლად დარტყმების შესრულება ლიმა სოპოაგამ ითავა.

არგენტინელებმა მეტოქეს შედარებით მოკრძალებულად უპასუხეს და მე-14 წუთზე ნიკოლას სანჩესმა საჯარიმო დარტყმით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მე-18 წუთზე კი მასპინძლებმა მეორე ლელო დადეს: შერკინებიდან კარგად გამოიტანეს ბურთი, რომელიც ბიოდენ ბარეტმა მეტოქის ლელოში ფეხით შეაცურა, ენტონ ლინერტ-ბრაუნმა კი ყველას დაასწრო და სხვაობა გაზარდა.

25-ე წუთზე ჯარიმა უკვე ემილიანო ბოფელიმ გაიტანა და ამის გაკეთება საკუთარი ნახევრიდან მოახერხა. 3 წუთში კი, ნიკოლას სანჩესმა არეკნი მეორე ცდიდან გაიტანა და სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. 37-ე წუთზე მასპინძლებმა შერკინებიდან კვლავ შესანიშნავად გამოიტანეს ბურთი და ფლანგზე იზრაელ დაგს გადაუტანეს, რომელსაც დიდი სივრცე ჰქონდა და მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. მასპინძლებს ტაიმი თითქოს წყნარად უნდა დაესრულებინათ, მაგრამ საკუთარ დერეფანში არადამაჯერებლად ითამაშეს და ბურთი დაკარგეს, რითაც “პუმებმა” ისარგებლეს და ტაიმი ნიკოლას სანჩესის ლელოთი და გარდასახვით დასრულდა. “ოლ ბლექსმა” სამი ლელო დადო, არგენტინამ - მხოლოდ ერთი, თუმცა ტაიმი სტუმრებმა 16:15 მოიგეს.

სამხრეთამერიკელებმა მეორე ნახევარიც კარგად დაიწყეს და საწყის 10 წუთში ორი ჯარიმა გაიტანეს, თანაც 50-ე წუთზე ბიოდენ ბარეტი გაასინბინეს. ახალი ზელანდია შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 7-ქულიანი სხვაობით აგებდა და თანაც მომდევნო 10 წუთის განმალობაში კაცნაკლული უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფერმა “ოლ ბლექსი” და განსაკუთრებით მისი მესამეხაზელი ვაეა ფიფიტა გააბრაზა, რომელმაც ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო, ისე გაირბინა, რომ მისი გაჩერება ვერავინ მოახერხა და მორიგი ლელო გაიტანა, გარდასახვა კი შეცვლაზე შესულმა სოპოაგამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა. “შავები” 63-ე წუთზე დაწინაურდნენ, მათი მიძალება დამიან მაკკენზიმ კიდესთან ახლოს გატანილი ლელოთი დაასრულა. მაკკენზიმ ორიოდე წუთში კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა, ვიდეორეფერიმ ჩათვალა, რომ ფიფიტამ 2017 წლის სუპერ რაგბის საუკეთესო მორაგბეს პასი წინ გაუკეთა და ლელო გაუქმდა. 70-ე წუთზე სოპოაგამ სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა, ხოლო 78-ეზე შეხვედრის ბოლო ლელო ბიოდენ ბარეტმა გაიტანა, რომელიც სოპოაგამ გარდასახა და საბოლოოდ “ოლ ბლექსმა” მაინც დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა – 39:22.

უაღრესად დაძაბული და თანაბარი გამოდგა “ნაიბ სთედიუმზე” გამართული დაპირისპირება. “ოლ ბლექსთან” წაგებული ორი მატჩის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები ყველანაირად ეცადა სამხრეთ აფრიკის დამარცხება, თუმცა, დიდი თავდადების მიუხედავად, ამის გაკეთება ვერ შეძლეს და მეტოქეს შინ 2 ქულა გაატანა.

საწყის წუთებზე გუნდებმა თითო ზუსტი ჯარიმა გაცვალეს, ხოლო პირველი ლელოს გატანა 25-ე წუთზე სტუმრებმა შეძლეს: როს კრონიემ მეტოქეს ბურთი მოპარა და ჯესი კრიელს გადააწოდა, რომელმაც ბურთი ფეხით გაიგდო, თავადვე მიჰყვა და მეტოქე პირველად დაალელოვა. გარდასახვა ელტონ იანტისმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა მწვავე პასუხი რამდენიმე წამში გასცეს “ქურციკებს” – მოედნის ცენტრიდან საბრძოლო გადაკიდეს, ბურთის მოხსნა მოახერხეს და მწვავე შეტევა დაიწყეს. რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი საკუთარ 22-თან მდგარ ქერთლი ბილს გაადაწოდეს, რომელმაც რამდენიმე ცრუმოძრაობა გააკეთა და ბრწყინვალე ლელო გაიტანა. გარდასახვა ბერნარდ ფოლიმ ზუსტად შეასრულა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ფოლიმ უკვე ჯარიმა დაარტყა ზუსტად და “ვოლაბებმა” ტაიმი 13:10 მოიგეს.

მეორე ნახევარი მაიკლ ჩეიკას გუნდისთვის ჩინებულად დაიწყო: მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან შესანიშნავი მოლი ააგორეს, რომელიც კვაჭის, ტატაფუ პოლოტა-ნაუს გატანილი ლელოთი დასრულა, რომელიც ფოლიმ გარდასახა. “ქურციკებმა” მდგომარეობა მალევე გამოასწორეს, 54-ე წუთზე იანტისმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო 59-ე წუთზე მალკოლმ მარქსმა საპასუხო ლელო დადო. სტუმრებმც ამის გაკეთება დერეფნიდან აგორებული მოლის წყალობით მოახერხეს, თუმცა განსხვავება ის გახლდათ, რომ აფრიკელებმა ეს 22-დან მოახერხეს.

68-ე წუთზე იანტისმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ალისტერ კუციას გუნდი წინ გავიდა, თუმცა, 2 წუთში ფოლიმ ასევე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და წონასწორობა კვლავ აღდგა. მოგებასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ. მათ გაწითლებულ დროში ძალიან მწვავე შეტევა განახორციელეს და ელტონ იანტისი არეკნით ცდილობდა საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ დარტყმა დაუფარეს და მატჩი ფრედ - 23:23 დასრულდა.

ახალი ზელანდია – არგენტინა 39:22 (15:16)

ახალი ზელანდია: 6 ლელო – მილნერ-სკადერი (8), ლინერტ-ბრაუნი (18), დაგი (37), ფიფიტა (51), მაკკენზი (63), ბ.ბარეტი (78); 1 ჯარიმა – სოპოაგა (70), 3 გარდასახვა – სოპოაგა (53; 65; 80);

არგენტინა: 1 ლელო – სანჩესი (40+2), 4 ჯარიმა – სანჩესი (14; 52), ბოფელი (25; 43), 1 გარდასახვა – სანჩესი (40+3);

ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა 23:23 (13:10)

ავსტრალია: 2 ლელო – ბილი (27), პოლოტა-ნაუ (47); 3 ჯარიმა – ფოლი (8; 40+1; 70), 2 გარდასახვა – ფოლი (29; 48);

სამხრეთ აფრიკა: 2 ლელო – ჯ.კრიელი (25), მარქსი (59); 3 ჯარიმა – იანტისი (4; 54; 68), 2 გარდასახვა – (27; 60)

სატურნირო მდგომარეობა

1.

ახალი ზელანდია

3

3

0

0

128:85

14

2.

სამხრეთ აფრიკა

3

2

1

0

101:61

11

3.

ავსტრალია

3

0

1

2

86:112

3

4.

არგენტინა

3

0

0

3

60:117

0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09594