20-წლამდელები

10:55 | 8.09.2017 | ნანახია 1528 - ჯერ

ჰაკათონი რაგბისთვის

პროექტ „ჰაკათონი რაგბისთვის“ გამარჯვებულებს საქართველოს რაგბის კავშირისა და კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანი გამარჯვებული გუნდების პროექტების მიმდინარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება იყო.

შეხვედრაზე გამარჯვებულმა გუნდებმა კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს პროექტების მიმდინარე სტატუსი და ის თუ რა გეგმები აქვთ მათი სამომავლო განვითარებისთვის.

პროექტების წარდგენის შემდეგ შედგა ღია დისკუსია არსებული იდეების რეალურ ბიზნეს-პროექტებად ქცევასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის დაეხმარება.

ერთ-ერთი გამარჯვებულის გუნდის Imperium -ის პროექტის დამკვეთი ჰაკათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაგბის კავშირი გახდა და საქართველოს ეროვნული ნაკრები მათ ინოვაციურ ონლაინ პლატფორმას გამოიყენებს.

„ჰაკათონი რაგბისთვის“ 2017 წლის 9-11 ივნისს, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, კომუნიკაციების და ტექნოლოგიების კომპანია „ბილაინის“ მხარდაჭერით გაიმართა.

ჰაკათონის მიზანი იყო ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტების შექმნის ხელშეწყობა, რომელიც დაეხმარება ქართულ რაგბს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეის 70-ზე მეტმა სტუდენტმა. ორდღიანი დაუღალავი შრომის შედეგად, მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები, საიდანაც პროფესიონალმა ჟიურიმ სამი საუკეთესო აარჩია. საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი:

გუნდი: i-Rugby (ლაშა ყაჭეიშვილი, გიორგი ასანიძე, გიორგი აფხაძე, გიორგი ვათიაშვილი)

პროექტი: მოწყობილობა რომელიც გაზომავს მოთამაშის წნევას, აჩქარებას, გადაადგილებას და სხვა აქტივობებს ვარჯიშის და თამაშის დროს. მონტაჟდება მოთამაშის ფეხსაცმლის ძირზე.

IIადგილი

გუნდი: Rapp (ნიკა მინაშვილი, ნიკოლოზ სანაკოევი)

პროექტი: მწვრთნელის ონლაინ მრჩეველი. საშუალებას აძლევს მწვრთნელს, თამაშის/ვარჯიშის დროს შეაფასოს მოთამაშის პერფორმანსი. რეიტინგები გროვდება აპლიკაციაში და ყველა მოთამაშეს წვდომა აქვს იმ შეფასებაზე, რაც მან მიიღო მწვრთნელისგან.

IIIადგილი

გუნდი: Imperium (მარიამ გაგუა, ნინო მიქაძე, გიორგი ნადირაძე, გურამ ფუტკარაძე)

ინოვაციური ონლაინ-პლატფორმა, მწვრთნელებისთვის, მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრებისთვის, გუნდის ანალიტიკოსებისა და ექიმებისთვის. აპლიკაციის საშუალებით მოხდება ყველას ერთმანეთთან დაკავშირება, კომენტარების გაცვლა, მონიტორინგი და ა.შ.

პირველი ადგილის გამარჯვებული გუნდი i-Rugby გახდა საპრიზო ფონდის - 3000 ლარის მფლობელი, რასაც გუნდის წევრების განცხადებით, პროექტის განვითარებასა და დახვეწას მოახმარენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089238