ამბები

21:06 | 13.10.2014 | ნანახია 3007 - ჯერ

“ჯიქებმა” “ბათუმს” სძლია

საქართველოს მორაგბეთა XXV ჩემპიონატის მეექვსე ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის “ჯიქებმა” თავისი შესაძლებლობები “ბათუმზე” უკეთ გამოიყენა, 26:21 იმარჯვა და მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.

თამაშის დებიუტი “ჯიქებისა” იყო. ზღვისპირელებმა, რომლებმაც ექვსიდან ხუთი თამაში აღმოსავლეთ საქართველოში, ერთი კი ფოთში ჩაატარეს, საწყის 20 წუთში შეცდომები მრავლად დაუშვეს და 17 ქულით დაისაჯნენ. ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკა ნინიძემ საკუთარ 22-ში ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა, ის მის წინ ორჯერ დაეცა და რატი ხუციშვილის ნადავლი გახდა, რომელმაც დევი დევსურაშვილთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და ჩათვლის მოედანში შევიდა. რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მე-9 წუთზე ალექსანდრე ზაბახიძეს დაუფარეს და ილია კაიკაციშვილმა კარგად იარა, რაქიდან გამოსული ბურთი მამუკა ნინიძეს მიუვიდა და მანაც საშუალო დისტანციიდან არეკნი გაიტანა. მე-16 წუთზე თბილისელთა გარემარბმა ხარაზიშვილმა ფლანგზე გრძელი გადაცემა სისწრაფეში მიიღო და ცენტრიდან 22-ის ხაზამდე ირბინა, იქ სტუმრები დაჯარიმდნენ, “ჯიქებმა” ლელოზე თამაში გადაწყვიტა და საკუთარი 5-მეტრა დერეფანი წააგო, მაგრამ ბათუმელებს ფეხით თამაშისას ისევ დაუფარეს და ლელო გიორგი ქოჩიაშვილმა გაიტანა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 17:0 საწყის 20 წუთში და გუნდმა, რომელსაც მანამდე 5 თამაშში მხოლოდ ერთი ლელო ჰქონდა გატანილი, ამჯერად ნახევარ ტაიმში მეტოქის ჩათვლის მოედანის აღება ორჯერ მოახერხა.

ამის შემდეგ შეტევაზე ბათუმელები გადავიდნენ. ბახვა კობახიძემ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, თბილისელებმა მეტოქის მიძალება რამდენჯერმე ჯარიმის ხარჯზე რომ შეაჩერეს, რეფერიმ ხუციშვილი მეტოქისთვის განზრახ ხელის შეშლისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა, მორიგ დერეფანს მოლი მოყვა და ლევან თხელიძემ ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ არეკნით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. “ჯიქებმა” ბედი კიდევ ერთხელ სცადა არეკნიდან და მამუკა ნინიძეს დარტყმულმა კარამდე ვერ მიაღწია, მაგრამ 27-ე წუთზე ხარაზიშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და კაცნაკლულ გუნდს 3 ქულა შესძინა.

ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც “ბათუმს” კარგი იერიშის ლელოთი დასრულების შანსი გაუჩნდა. ბადრი ევგენიძე მარცხენა ფლანგზე გაიქცა, მაგრამ ფეხმარდი ხარაზიშვილი მას ჩათვლის მოედნამდე 5 მეტრში წამოეწია და აუტში გადაიყვანა. მიუხედავად ამისა, ლელო მაინც გავიდა. “ჯიქებმა” თითქოს ვალი დაუბრუნა, ამჯერად მათ დაუფარეს ჩათვლის მოედანში ფეხით თამაშისას და ლელოების ანგარიში ლაშა აზალაძემ გაათანაბრა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა მასპინძელთა იერიშებში ჩაიარა და ხარაზიშვილს ჯარიმა, ხოლო ირაკლი სვანიძეს არეკნი გაუცუდდათ.

მეორე ტაიმი კვლავ “ჯიქების” იერიშებით დაიწყო და გურამ შენგელიამ ხაზი გაჭრა, მაგრამ ხუციშვილმა გადაცემა ვერ შეიმაგრა და სალელოვე შანსი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში დაკარგა. მომდევნო ხუთ წუთში ხარაზიშვილმა და კობახიძემ ჯარიმები ვერ გაიტანეს, 57-ე წუთზე კი, თბილისელთა დამრტყმელს მიზანმა აღარ უმტყუნა. ხუთ წუთში კობახიძემ მიზანი კვლავ ვერ გაისწორა, 67-ეზე კი, ხარაზიშვილმა ანგარიში 26:14 გახადა და მეტოქე ლელოზე თამაში აიძულა. 75-ე წუთზე შანსიც გაჩნდა, როდესაც ფლანგზე ბექა გიგაშვილი გაიქცა, მაგრამ რომ შებოჭეს ვარდნისას მას ბურთი წინ გაუვარდა.

მიუხედავად ამისა, ზღვისპირელებმა მეტოქეს შერკინება მოუგეს და საკუთარ წითელ ზოლში გამოკეტეს. რამდენიმე მიძალება ჯარიმის ხარჯზე ზედ ხაზზე რომ შეაკავეს, რეფერიმ დავით ოქრიაშვილი სინბინით დასაჯა და მესამე ჯერზე თხელიძემ ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. “ჯიქებმა” საქმე მაინც გააკეთა, დრო მოიგო და “ბათუმი” იძულებული გახდა საკუთარი ნახევრიდან ხელით შეეტია. მათ მეტოქის ნახევარზე გადასვლა შეძლეს, მაგრამ მერე ბურთი დაკარგეს, 21:26 დამარცხდნენ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.

მართალია, “თბილისის კავკასიელებმა” იტალიური “როვიგოს” დამარცხება ვერ შეძლეს და არც ევროპელებისგან დაპირებული მესამე დონის ევროტურნირი ტარდება, მაგრამ ამ შეჯიბრებებზე მორგებული კალენდარი აღარ შეიცვალა და ახლა ეროვნული პირველობა სამკვირიან შესვენებაზე გადის - მომდევნო ტურის თამაშები 1-2 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

VI ტური

13 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 26:21 (20:14)

ჯიქები: 15. ირაკლი სვანიძე (დიტო კიკნაძე), 14. დევი დევსურაშვილი, 13. რეზო ჯინჯიხაძე, 12. რატი ხუციშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. მამუკა ნინიძე, 9. ლაშა ნადირაძე; 1. ვასილ კვერნაძე (დათო ოქრიაშვილი), 2. ბექა მამრიკიშვილი (გიორგი ოქრომელიძე), 3. ილია კაიკაციშვილი, 4. ვლადიმერ გოგოლიძე, 5. გიორგი ქოჩიაშვილი, 6. ვეფხია ტუჩაშვილი (ლაშა საჯაია), 7. გურამ შენგელია, 8. დათო პაპავაძე.

2 ლელო: ხუციშვილი, ქოჩიაშვილი

2 გარდასახვა: ხარაზიშვილი

3 ჯარიმა: ხარაზიშვილი

1 არეკნი: ნინიძე

2 სინბინი: ხუციშვილი, ოქრიაშვილი

ბათუმი: 15. ბახვა კობახიძე, 14. ნიკა ნინიძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი თუთბერიძე, 11. ბადრი ევგენიძე, 10. ზვიად ოდიშარია, 9. ალექსანდრე ზაბახიძე (ზურა თუთბერიძე); 1. გიგა ხოჭოლავა (გუგუშვილი), 2. შოთა ცხოვრებაშვილი (ერისთავი), 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა აზალაძე, 5. ერეკლე ხელაძე (ბერიძე), 6. გრიგოლ ცირეკიძე, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ლევან თხელიძე.

3 ლელო: თხელიძე (1, 3), აზალაძე

3 გარდასახვა: კობახიძე

1 ყოჩები 6 6 0 0 142-72 25
2 ხარები 6 4 1 1 141-88 20
3 ლელო სარ 6 3 2 1 103-89 16
4 ჯიქები 6 3 1 2 69-79 15
5 ლოკომოტივი 5 3 0 2 79-63 14
6 აია 6 2 0 4 90-109 11
7 არმია 6 2 0 4 72-115 10
8 არმაზი 5 2 0 3 82-83 10
9 ბათუმი 5 2 0 3 78-92 9
10 თიბიეს უნივ. 6 0 0 6 82-140 3

მომდევნო ტური. 1-2 ნოემბერი

თიბიესი - არმაზი, არმია - ლოკომოტივი, ლელო - ყოჩები, ბათუმი - აია, ხარები - ჯიქები

ზურა ქსოვრელი

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.190486