დიდი 10

21:49 | 3.09.2017 | ნანახია 1767 - ჯერ

დიდი 10 | ‘აია’ 20:17 ‘ლოკომოტივი’

დიდი 10-ის ახალი სეზონის ცენტრალურ მატჩად მიჩნეულ შეხვედრაში, თბილისის ‘ლოკომოტივი’ ქუთაისში ორი ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ ‘აიამ’ შესვენების შემდეგ მოუმატა და 20:17 იმარჯვა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ შერკინებასა და მოლში, მასპინძლები აქცენტს გაშლილ თამაშზე აკეთებდნენ და პირველ ტაიმში რამდენჯერმე ხაზი გაჭრეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზებში სცოდავდნენ.

დებიუტი რკინიგზელებისა იყო და ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. დავით ხიდეშელმა დერეფანში ააგდო ბურთი, მოლმა 5 მეტრი იარა და გაგა არაბულმა პირველი ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში მეორე ლელო ვიხილეთ, ‘ლოკომოტივმა’ ამჯერადაც მოლით შეუტია, მას ახლოში მორკინალებით დარტყმა მოყვა, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ვახტანგ კავთიძე ლელოში მარტივად შევიდა. მგეზავად მოთამაშე ბექა წიკლაურს ორივე გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა.

პირველ 40 წუთში გიორგი ბაბუნაშვილმა ორჯერ სცადა ბედი ჯარიმიდან, ერთი დარტყმა ზუსტი იყო და ტაიმი სტუმრებმა 10:3 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ‘აია’ მოედანზე უფრო მონდომებული გამოვიდა და მალევე დაწინაურდა. ქუთაისელებმა თამაში ააჩქარეს, 47-ე წუთზე ხაზისა და მორკინალების მონაცვლეობით უტიეს, მერე ბურთი კვლავ ხაზზე გაიტანეს და გიორგი აბრამიძე მარცხენა ფლანგზე მარტო დარჩა. 6 წუთში მასპინძლები დაწინაურდნენ: ‘ლოკომოტივმა’ მეტოქის 22-ში საკუთარი დერეფანი წააგო და თემურ ირემაძისა და ზურაბ ძნელაძის სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, თამაშმა მათ 22-ში გადაინაცვლა, წიკლაურმა სიტუაცის განმუხტვა ფეხით სცადა, მაგრამ ბურთი მოედანში დარჩა, აბრამიძე მბოჭავს დაუსხლტა და ოფლოუდით ლელოში ძნელაძე შეუშვა. ამჯერად ბაბუნაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო - 15:10.

68-ე წუთზე აქტიურმა ირემაძემ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, წიკლაურის ბოჭვა აირიდა, სიჩქარე აკრიფა და მიუხედავად იმისა, რომ მიმყოლი ორივე მხარეს ყავდა, შეტევა თავადვე დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ლოკომოტივმა’ 3 წუთში გამარჯვების შანსი დაიბრუნა. მასპინძლებმა მათი მოლი ჩააქციეს, გიორგი ბეგაძემ იქვე შეუტია და ლელოს ხაზსს მიუახლოვდა, შემდეგი დარტყმა არაბულისა იყო და მან დუბლი გაიფორმა, ხოლო წიკლაურმა ეს ლელო გარდასახა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და ‘აიამ’ 20:17 იმარჯვა, ხოლო სტუმარი სანუგეშო ქულას დააჯერა.

9 სექტემბერს ‘აია’ თბილისში ‘აკადემიას’ ეწვევა, ხოლო ‘ლოკომოტივი’ რუსთავში ‘ხარებს’ შეხვდება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:07 | 04.09.2017
ირაკლი1986 (18)

კარგია აია აია ვაშა ვაშა ვაშა

0.085344