ტურნირები

13:50 | 2.09.2017 | ნანახია 1568 - ჯერ

18-წლამდელთა 7-კაცას აფრიკული შეკრება დასრულდა
3 მოგება და ერთი ფრე კოლეჯების ჩემპიონატში

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა, სამხრეთ აფრიკული შეკრების დასკვნით დღეს კოლეჯების 19-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშა, სამი შეხვედრა მოიგო, მეოთხე ფრედ დაასრულა და ტურნირს მომავალ ჩემპიონთან დამატებით დროში გამოეთიშა.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვისი ემზადება, რომელიც 9-10 სექტემბერს გერმანიაში, ჰაიდელბერგში გაიმართება და ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიაში 23 აგვისტოს გაემგზავრა. ინტენსიური ვარჯიშის ფონზე, ნაკრებმა ადგილობრივ 19-წლამდელთა გუნდებთან ორი საკონტროლი თამაში გამართა და ორივე მოიგო, დასკვნით დღეს კი ერთი წლით უფროსების ჩემპიონატში ითამაშა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ორი თამაში მოიგო - ‘რონდებოშ ბოი’-სთან’ 26:14 და ‘ფიშჰოკთან’ 38:0. 1/8-ფინალში ‘მილნერთონის’ გუნდს 38:7 ვაჯობეთ, ხოლო 1/4-ფინალში ‘ბიშოპის’ გუნდს დავუზავდით - 14:14. დაინიშნა დამატებითი ტაიმი, ერთადერთი ლელო მეტოქემ დადო და ჩვენი 7-კაცა ტურნირს დაემშვიდობა, ხოლო ‘ბიშოპმა’ მომდევნო ორი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა.

„ტურნირით და ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილები ვართ. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ‘ბიშოპთან’ მატჩი 27 წუთი გაგრძელდა, ბოლოს კაცი გაგვიგდეს და ლელო მივიღეთ. სხვათა შორის ეს გუნდი ფინალში გავიდა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ფინალზე უკეთესი ჩვენი და მათი შეხვედრა იყო.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ბექა ყორიაულმა და ის ევროპის ჩემპიონატზეც დაგვაკლდება. სხვა მხრივ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგ ფორმაში ვართ და ევროპის ჩემპიონატსაც თავდაჯერებული ვხვდებით. ხვალ დასვენების დღეა, ბიჭებს 12-კაციან შემადგენლობას გამოვუცხადებთ და ზეგ შინისკენ გამოვემგზავრებით“ - გვითხრა ტურნირის დასრულების შემდეგ რაგბის აკადემიის დირექტორმა ზაზა ლეჟავამ.

დღეს ბიჭები ქალაქს დაათვალიერებენ და თითქმის 24-საათიანი მგზავრობის შემდეგ სამშობლოში 4 სექტემბერს დაბრუნდებიან, ხოლო 8 სექტემბერს გერმანიაში გაემგზავრებიან.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ქართველთა მეტოქეები მოქმედი ჩემპიონი ირლანდია, მასპინძელი გერმანია და ლუქსემბურგი იქნებიან.

სამხრეთ აფრიკაში 16 მოთამაშე იმყოფება:

გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).

საქართველოს რაგბის აკადემიის დირექტორი: ზაზა ლეჟავა

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ფიზმომზადების მწვრთნელი: გივი ნადარეიშვილი

ექიმი: ნიკოლოზ შათირიშვილი

ჯგუფის ხელმძღვანელი: გოჩა მაჭავარიანი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087118