ქართული

20:41 | 31.08.2017 | ნანახია 1454 - ჯერ

დიდი 10: ჯიქი (გორი)

გორის ‘ჯიქი’ ხვალიდან ტიტულის დაცვას იწყებს. მოქმედი ჩემპიონი ახალი სეზონის პირველ მატჩს რუსთავში, დიდ 10-ში დაბრუნებულ ‘ხარებთან’ გამართავს. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება დამისი პირდაპირი რეპორტაჟი ‘რაგბი TV’-ზე შედგება.

‘ჯიქის’ მთავარი მწვრთელი პალიკო ჯიმშელაძე იმედოვნებს, რომ გორელები უსიამოვნო ტრადიციას დაარღვევენ და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას მოიპოვენ.

„რუსთაველებთან პრინციპული შეხვედრა გველის. მას შემდეგ, რაც ‘ხარებიდან’ ‘ჯიქში’ გადმოვედი, 4 წელი გავიდა და ამ გუნდისთვის არასდროს მოგვიგია. შარშან ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ, ‘ხარები’ დიდი 10-იდან გავარდა, თუმცა მათთან ორივე თამაში წავაგეთ. დარწმუნებული ვარ იოლი შეხვედრა არც ხვალ გვექნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გამარჯვების მოპოვებას მოვახერხებთ“ - ამბობს ჯიმშელაძე.

გორელები თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდებიან, ტრავმების გამო გუნდის კაპიტანი გურამ შენგელია, მეორეხაზელი ვლადიმერ გოგოლაშვილი და შუამარბი რევაზ ჯინჯიხაძე ვერ ითამაშებენ. ამას დაუმატეთ გუნდიდან წასული რამაზ ხარაზიშვილი, ბექა მამრიკიშვილი და ტარიელ დონაძე.

„სამწუხაროა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მექულე რამაზ ხარაზიშვილი ჩვენთან აღარ ითამაშებს. დაგვაკლდებიან შერკინების მოთამაშეები ბექა მამრიკიშვილი და ტარიელ დონაძე. ყველა მათგანს ‘ჯიქის’ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მოთამაშის ცხოვრება ასეა მოწყობილი და სადაც უკეთეს პირობებს სთავაზობენ იქ მიდის“ - ამბობს დანაკარგზე მთავარი მწვრთნელი და ამავდროულად, ნამატითაც კმაყოფილია:

„ახალგაზრდა ხაზის მოთამაშეები გვყავს, რომელთა ნაწილმა პირველ გუნდში გასულ ჩემპიონატშიც ითამაშა. ისინი იმ ეტაპზე არიან, როდესაც თავი უნდა გამოიჩინონ და ჩვენ მათი გვეიმედება. გარდა ამისა დავიმატეთ უდიდესი გამოცდილების მქონე კვაჭი, ნაკრების მოთამაშე გიორგი ჭყოიძე. ის ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად 4-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო. ჭყოიძე ძალიან კარგი პიროვნებაა, ფსიქოლოგიურად თავს საუკეთესოდ გრძნობს და გუნდსაც უპრობლემოდ შეეწყო. გარდა ამისა, ‘ბათუმიდან’ დავიმატეთ ბურჯი ნიკა პატარაია, რომელსაც თავის დროზე ჭყოიძესთან ერთად ‘ლელო-სარასენსში’ უთამაშია. შარშან ‘ბათუმთან’ შერკინებაში 9-ჯერ დავჯარიმდით და აქედან 6-ჯერ ეს სწორედ პატარაიას დამსახურება იყო“.

მოედანზე გვიან შევიდნენ

‘ჯიქმა’ მომავალი სეზონისთვის მზადება ივლისის დასაწყისში დაიწყო. კლუბმა ‘ჩემპიონთა აკადემიასთან’ ხელშეკრულება გააფორმა და გუნდი კვირაში სამჯერ დარბაზში, ფიზიკური კონდინციების გასაუმჯობესებლად ვარჯიშობდა.

„სამწუხაროდ, ‘ავჭალის’ სტადიონზე მოედნის პრობლემა იყო და ამიტომ ბურთით ვარჯიშის დაწყება დაგვიგვიანდა. დაახლოებით 4 კვირაა რაც მოედანზე შევედით და 2 კვირის წინ გორში ქუთაისის ‘აიას’ ვეთამაშეთ. აქ გამოჩნდა, რომ ბურთთან ურთერთობისას გარკვეული პრობლემები გვქონდა. გვქონდა 5-დღიანი შეკრება ასპინძის ბაზაზე,რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ გუნდ ‘ტაოსთან’ მართვადი ვარჯიში გავმართეთ. 26 აგვისტოს მართვადი ვარჯიში გვქონდა ‘აკადემიასთან“ - გვიყვება მზადების ეტაპებზე ჯიმშელაძე.

ის დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში ‘ჯიქის’ წინააღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ტიტულის დაცვას შეძლებს:

„მიუხედავად ცვლილებებისა, ვფიქრობ, რომ ‘ჯიქი’ სახეს შეინარჩუნებს და მომავალი სეზონი წარმატებით ჩაივლის. ტიტულის შენარჩუნება მოპოვებაზე უფრო რთულია და კარგად გვესმის, რომ ამისათვის 2-ჯერ მეტი შრომა და მონდომება გვმართებს. მეტოქეებისგან პატივისცემა დავიმსახურეთ, ყველა მათგანს რევანში წყურია, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.

პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ამ ეტაპზე ვერც იმას ვიტყვი, ვინ იქნება ჩვენი მთავარი კონკურენტი. ვფიქრობ, წელს ექვსეულისთვის განსაკუთრებით მძაფრი ბრძოლა იქნება, რადგან ყველა გუნდი გაძლიერდა და ვინმეს დაუფასებლობა კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:36 | 06.09.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ "ხარები" ! ! !

0.085889