ქართული

15:24 | 31.08.2017 | ნანახია 1732 - ჯერ

დიდი 10: ბათუმი (ბათუმი)

დიდი 10-ის ფინალისტმა ბათუმის “ბათუმმა” წელს განსაკუთრებული მისია ითავა: ის პირველი ქართული კლუბია, რომელიც მესამე დონის ევროტურნირ „ევროპული რაგბის კონტინენტურ ფარზე“ ქართული რაგბის ღირსებას დაიცავს.

წესით ამ უფლებით ჩემპიონ გორის “ჯიქს” უნდა ესარგებლა, თუმცა ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო ფინანსები ვიცე-ჩემპიონმა გამონახა და შემოდგომიდან რუმინეთის ჩემპიონ “ტიმიშოარა-სარასენსს”, გერმანულ “ჰაიდელბერგს” და ორ იტალიურ კლუბს - “როვიგოსა” და “ვიადანას” შეერკინება.

„ჩვენ არა მხოლოდ “ბათუმის”, არამედ მთელი ქართული სარაგბო ოჯახის სახელის დაცვა გვიწევს და სწორედ ამიტომ, მომავალი სეზონისთვის სრული სერიოზულობით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადებით. ვიაქტიურეთ სატრანსფერო ბაზაზე და დავიმატეთ რამდენიმე ძლიერი მოთამაშე. მთელი კლუბი, ხელმძღვანელობიდან დაწყებული მოთამაშეებით გაგრძელებული, დღეში 24 საათი ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ“ - გვეუბნება კლუბ “ბათუმის” დირექტორის მოადგილე მინდია ღლონტი.

ზღვისპირელებმა მზადების პირველი ეტაპი სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიარეს. ეს იყო ფიზიკური და მენტალური შეკრების ნაზავი. მორაგბეებმა თითქმის ორი კვირა სამხედრო რეჟიმით იცხოვრეს:

„მსგავსი შეკრებები ადრეც გვქონდა, ოღონდ არა სამხედრო ბაზაზე და გაცილებით ნაკლები პერიოდით. ამჟამად სენაკის ბაზაზე ვიყავით. ეს შეკრება ნაჩქარევად დაიგეგმა და შესაძლოა, მთლად ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც გვსურდა. სამხედროებთან მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ გვითხრეს, რომ ბევრად უკეთესი ვარჯიშებიც შეიძლება ჩატარდეს და გაისად მენტალური შეკრება კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება“ - ამბობს ღლონტი.

ბათუმში დაბრუნებულმა მორაგბეებმა ფიზმომზადების მეორე ეტაპი გაიარეს. ამჯერად ისინი ზღვაში ნავებით დაცურავდნენ, იყო მძლეოსნობის ვარჯიშებიც. ამჟამად გუნდი მესამე ეტაპს გადის, ვარჯიშები უმეტესად ბურთით ტარდება და ის ტექნიკური ელემენტების დახვეწას ემსახურება.

გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ექს-ჩემპიონი “ლელო-სარასენსიდან” “ბათუმმა” ბორჯღალოსანთა მგეზავი ლაშა ხმალაძე და მეორეხაზელი სანდრო ქოიავა დაიმატა; მოქმედი ჩემპიონი “ჯიქიდან” ბექა მამრიკიშვილი; “არმიადან” შუამარბი ბექა ურჯუკაშვილი, რომელიც კარშიც შესანიშნავად ურტყამს; საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა ხვიჩა ბუჯიაშვილი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ქონდა.

„მოთამაშეები სწორედ იმიტომ დავიმატეთ, რომ ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, ყველა მათგანი მონდომებულია და ვარჯიშისას თავდადება არ აკლიათ. დანარჩენს მწვრთნელები უკეთ გეტყვიან“ - მწვრთნელების კომპეტენციაში არ ერევა კლუბის დირექტორის მოადგილე.

მზადების ეტაპზე გუნდმა ორი მართვადი თამაში გამართა ქუთაისის “ბაგრატთან”. მეორე თამაშთან უფრო მიახლოვებული იყო და ქუთაისელებმა 10:5 იმარჯვეს. ღლონტის თქმით, ამ შეხვედრაში მწვრთნელებმა ახალგაზრდები გამოსცადეს, „ა“ ლიგის ბიჭები, რომელთაც სეზონის მსვლელობისას პირველ გუნდში დაწინაურების შანსი ექნებათ.

„ჯერჯერობით უცნობია “კონტინენტის ფარზე” რომელ გუნდებს ვუმასპინძლებთ და რომლებს სტუმრად შევხდებით (ტურნირი ერთ წრედ ტარდება და “ბათუმს” ორი თამაში სტუმრად, ხოლო ორი შინ ექნება). სავარაუდოდ, “ტიმიშოარას” და კიდევ ერთ იტალიურ კლუბს სტუმრად შევხდებით, ხოლო “ჰაიდელბერგს” და მეორე იტალიურ კლუბს ბათუმში მივიღებთ. ამ შეხვედრებამდე დიდი 10-ის სამი თამაში ჩატარებული გვექნება და მწვრთნელებს სათამაშო სისტემაში კორექტივების შეტანის საშუალება ექნებათ“ - ამბობს ღლონტი.

გუნდი ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლასთან ერთად, დიდი 10-ის მოგებასაც გეგმავს. ბატონი მინდია ამბობს:

„დიდ 10-ში მონაწილე ყველა გუნდის სურვილია, რომ საქართველოს ჩემპიონი გახდეს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. რაც შეეხება ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირს, ვისთან და სადაც არ უნდა მოგვიწიოს პირველი თამაში, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ამის შემდეგ ნათელი გახდება რა მიზნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რუმინეთს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, ასევე იტალიელებს, თუმცა არც ჩვენ ვართ სუსტები, იოლი გასეირნება არც ჩვენ და არც ჩვენს მეტოქეებს ექნებათ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:33 | 06.09.2017
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებებს გისურვებთ "ბათუმი" ! ! !

0.086581