რაგბი ჩემპიონშიპის, იგივე 4 ერის ორგანიზატორ-ჩამტარებელი სანზაარის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა არგენტინელი ტომას ლავანინის გაძევების ამბავი. შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკასთან მატჩში „პუმების“ მეორეხაზელმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც წითელს უტოლდება, თითოეული წითელი ბარათი კი რეგლამენტით საგანგებო განხილვის საგანი ხდება.
სანზაარმა იმსჯელა ლავანინის შემთხვევაზე, განიხილა არგენტინელის მიერ წესების დარღვევის მომენტები და მიიჩნია, რომ მორაგბის ფოლების ხასიათი არაა საკმარისად მძიმე დამატებითი სასჯელისთვის, ანუ ლავანინის მიმართ არანაირი სანქცია არ გამოიყენება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ტომას ლავანინის არანაირი დაბრკოლება არ ექნება და სრული უფლება აქვს, 9 სექტემბერს, რაგბი ჩემპიონშიპის მე-3 ტურში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშოს.
მაგრამ თუკი 24 წლის არგენტინელი ოფიციოზის რისხვას გადაურჩა, „პუმების“ დამრიგებელმა მას არაფერი აპატია. დანიელ ურკადე იმდენად უკმაყოფილო დარჩა „ქურციკებთან“ ლავანინის თამაშით, რომ ეს მეორეხაზელი მომდევნო ორი მატჩის განაცხადიდან გარიცხა. ანუ ტომას ლავანინი ვერც „ოლ ბლექსთან“ ითამაშებს და ვერც ავსტრალიის ნაკრებთან.
არგენტინის ნაკრების შერკინების მეორე ხაზში კი მატიას ალემანოს მარკოს კრემერი ან გვიდო პეტი შეუწყვილდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პუმების